კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტები დასაქმების პროგრამის მახეში

27 დეკემბერი, 2007

„აქ შემოსვლა იყო თქვენი ნება, გასვლით კი სანამ ღონისძიება არ დამთავრდება, ვერავინ გავა“ - განუცხადეს მოტყუებულ სტუდენტებს.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ქუთაისის ოფისს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. ისინი მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მოტყუებით მიიყვანეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დარბაზში და შემდეგ თითქმის ერთი საათის განმავლობაში აღნიშნული დარბაზიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

სტუდენტებმა, რომლებიც თავიანთი ვინაობის გამხელისაგან შიშის გამო თავს იკავებენ, შემდეგი გვიამბეს: ”22 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ქუთაისის ხარისხის სახლში მივსულიყავით (თვითონ ამ ადგილს ”გამარჯვების ოფისად” მოიხსენიებენ), რათა დასაქმების სტუდენტური პროგრამისათვის რეგისტრაცია გაგვევლო. თან ჩვენს გარდა ჩვენი მშობლების პირადობის მოწმობების მიტანაც გვთხოვეს. მივედით, ჩვენი მონაცემები ჩაიწერეს და გვითხრეს, რომ ახლა თეატრში უნდა წავსულიყავით, რადგანაც ხელის მოწერა იქ უნდა შემდგარიყო. ჩვენც დაველოდეთ და ორი ავტობუსით წაგვიყვანეს თეატრში, ლოდინი იქაც გაგრძელდა, შემდეგ როგორც იქნა, შევედით შენობაში და იქ პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის წინასაარჩევნო მასალები და დროშები დაგვხვდა სკამებზე, რამდენიმე აქტივისტი დროშების ფრიალით და ”მიშა-მიშას” ძახილით დარბოდა მთელ თეატრში.”

როგორც სტუდენტებმა მოგვიანებით გაარკვიეს, ისინი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული კავშირის ფორუმზე აღმოჩნდნენ. ფორუმს ადგილობრივ ახალგაზრდა ”ნაცმოებთან” ერთად თბილისიდან ჩამოსული მათი ”კოლეგებიც” ესწრებოდნენ. როცა გოგოები მიხვდნენ, რომ დასაქმების პროგრამის რეგისტრაცია მხოლოდ მათ ამ ფორუმზე მისატყუებლად გამოიყენეს, თეატრიდან გამოსვლა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

„გამოსასვლელ კართან ორი მამაკაცი დაგვხვდა და კარის გაღებაზე უარი განგვიცხადა. აქ შემოსვლა იყო თქვენი ნება, გასვლით კი სანამ ღონისძიება არ დამთავრდება, ვერავინ გავაო. როცა ეს გავაპროტესტეთ, ჩვენი ვინაობით დაინტერესდნენ, რომელი უბნიდან ხართ, თქვენი კოორდინატორი ვინ არისო, გამოგვკითხეს. ეს ჩოჩქოლი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ამასობაში გარეთ გასვლის მსურველთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა, მათ შორის ყველაზე მეტად ერთი გოგონა დამამახსოვრდა, რომელიც ტიროდა. თურმე სახლიდან ქმარი ურეკავდა, რომ ბავშვი ატირდა და ვერაფრით გააჩერა. იქით შვილი ტიროდა, აქ-დედა,” - გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ შექმნილმა ჩოჩქოლმა თბილისელ სტუმრებამდეც მიაღწია, მათგან ერთ-ერთი გამოვიდა, კარებში ჩამდგარ ”ვაჟკაცს” კარი გააღებინა და დასაქმების სტუდენტური პროგრამის ”ქუთაისურ მახეში” გაბმულმა დროებით იძულებით უფლებააღკვეთილმა სტუდენტებმაც შვებით ამოისუნთქეს.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები