კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში არჩევნები გაყალბდა

8 იანვარი, 2008
2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები კახეთის რეგიონში უხეში დარღვევებით წარიმართა. ამომრჩევლებზე ტერორის, კენჭისყრის შენობებში საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების ხელყოფის, დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელშეშლის, საარჩევნო ყუთში, ერთი პირის მიერ, ერთდროულად ათობით ბიულეტენის ჩაყრის და არასამთავრობოების არაერთი სერიოზული საჩივრის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უცხოელ დამკვირვებელთა ნაწილი და საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს სამართლიანად აფასებენ.


"ან 5, ან ციხე! მოტყუება არ გაბედოთ!"
 

ამ სიტყვებით მიმართავდნენ საარჩევნო უბნებში მისულ ამომრჩეველს, კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი სამართალდამცავები. 5 იანვარს კახეთში ნახავდით თბილისის, ისანი-სამგორის პოლიციის უფროსს სოსო მარტაშვილს, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის აგიტაციას ეწეოდა #12 გურჯაანის სარჩევნო ოლქის კარდენახის საარჩევნო უბნებზე. გურჯაანში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი იოსებ კარდენახიშვილიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ხოტბა-დიდებას ასხავდა ასევე მიხეილ სააკაშვილს, ჭანდრის #24 საარჩევნო უბნის შესასვლელთან. ერთი სიტყვით, კახეთში, თუ საქართველოს სხვა რეგიონში მომუშავე ჩინოვნიკები, 5 იანვარს მშობლიურ სოფლებში არსებულ საარჩევნო უბნებთან იყვნენ მობილიზებულნი.

"ან 5, ან ციხე! მოტყუება არ გაბედოთ" - ამას, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლებისგან მოისმენდით.

"გინდა საწვავი, მიწა რომ დაამუშაო; ფულადი დახმარება, სოციალური პროგრამიდან რომ მიიღო; სამუშაო ადგილის შენარჩუნება; არ დაგავიწყდეს, უნდა შემოხაზო #5", - ასე ემუქრებოდნენ ადგილობრივი გამგეობების და სააკაშვილის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლები ადამიანებს.

იმ მოტივით რომ, მოგვიანებით მათ "არჩევანში" ეჭვი არ შეეტანათ, დაშინებული ამომრჩევლები, ფარულის კენჭისყრის კაბინაში შესვლის გარეშე მოქმედებდნენ. ვინც სხვაგვარად იქცეოდა, იქ უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია "რაციო ლეგის" დამკვირვებლები აქტიურობდნენ. ამ ორგანიზაციის ეგიდით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის რეგისტრირებული, წარმოდგენილნი იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები.

"ველისციხის #15 საარჩევნო უბანში მისვლამდე, გარეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი და გამგეობის სხვა თანამშრომლები დაგვხვდნენ. გვითხრეს, ხმა მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეთ, თუ არადა დახმარებებს ვეღარ მიიღებთო. უბანში ერთად ოთხი კაცი შევედით. ორი ჩემი მეზობელი კაბინაში არ შევიდა და სააკაშვილი ისე შემოხაზა, ორნი კი კაბინებში შევედით. სამი ფურცელი მომცეს და კარგად ვერ გავერკვიე, რას გვეკითხებოდნენ. ამიტომ დახმარება ვითხოვე. ვიღაც ახალგაზრდა შემომყვა და მითხრა, #5 შემოხაზე და დანარჩენი ორი ბიულეტენი, თუ გინდა სულაც არ შეავსოო. გარეთ ხმაური ატყდა. ამ ახალგაზრდა მამაკაცს კაბინიდან გარეთ გასვლას სთხოვდნენ. გავიდა და არჩევანი მერე გავაკეთე. ხმა ოპოზიციას მივეცი,"- გვითხრა გიორგი გელიტაშვილმა.

მმართველი პარტიის აქტივისტები საარჩევნო უბნებში სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებზეც მუშაობდნენ, ოღონდ უარყოფითად. ნაციონალი მურთაზ შალუაშვილი, რომელიც "რაციო ლეგის" დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი კარდენახის #33 საარჩევნო უბანზე, ბადრი პატარკაციშვილის მხარდამჭერებს "ურიებს" ხმამაღლა ეძახდა, ლევან გაჩეჩილაძის ამომრჩევლებს კი "ქვეყნის მტრებად" მოიხსენიებდა.

გაუვნებლყოფილი დამკვირვებლები

საარჩევნო უბნების გახსნიდან დახურვამდე ზეწოლის ქვეშ იყვნენ დამოუკიდებელი ქართველი დამკვირვებლები, რომლებიც დარღვევების აღკვეთას ცდილობდნენ. აქტიურობის გამო, რამდენიმე მეთვალყურე საარჩევნო უბნებიდანაც გააძევეს. მანამდე კი ტერორის შედეგად ყველა ის საჩივარი და განცხადება დაახევინეს, რომელიც საარჩევნო დარღვევებს ეხებოდა.

"დილიდანვე საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები დამკვირვებლებს დაჰყვიროდნენ, ნორმალური მუშაობის და კენჭისყრის ოთახში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ასევე თითოეული ჩვენგანისთვის პრობლემა იყო ჩანაწერთა წიგნში საჩივრის შეტანა. კომისიის ხელმძღვანელები სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, კენჭისყრის ოთახში მყოფი არაუფლებამოსილი პირები კი ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრებოდნენ,"- აღნიშნავს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემები არ ჰქონდათ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნების დაკვირვებას ახდენდნენ. როგორც ხუროშვილი განმარტავს, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოლიაცია "დემოკრატიისთვის" დამკვირვებლებმა დარღვევების აღკვეთის და გაპროტესტების მიზნით საჩივარი დაწერეს, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს, კონკრეტულ დარღვევაზე ერთობლივი საჩივარი დაეწერათ ან ხელი მოეწერათ. უფრო მეტიც, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" დამკვირვებლები ახმეტის საარჩევო ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ასევე სიღნაღის საარჩევნო ოლქის ბოდბისხევის საარჩევნო უბანში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ნომრის აღმნიშვნელი ქუდებით და შარფებით იმყოფებოდნენ.

უხეში დარღვევები

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლების მონაცემებით, კახეთის რეგიონში არჩევნები მნიშვნელოვანი, უხეში დარღვევებით წარიმართა.

საგარეჯოს საარჩევნო ოლქის იორმუღანლოს 35 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ნარი არახ ბერდიანი და თავმჯდომარის მოადგილე რიზვან აბასოვი, დამკვირვებელთა შენიშვნების მიუხედავად პირდაპირ შედიოდნენ საარჩევნო კაბინებში და ამომრჩევლების ნაცვლად ხაზავდნენ მიხეილ სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოვალეობას არ წარმოადგენდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველობა, ამომრჩეველს მანამ არ აძლევდნენ კონვერტს ბიულეტენის ჩასადებად, სანამ ამომრჩეველი არ აჩვენებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰქონდა შემოხაზული.

"ასეთი ტიპის მძიმე დარღვევები დაფიქსირდა კახეთის ყველა იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში იყო გახსნილი,"- აღნიშნავს იურისტი ლია ხუროშვილი.

"ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის სოფელ კაბლის საარჩევნო უბანზე, სადაც იორმუღანლოს მსგავსად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი ასევე შეჰყვებოდნენ ამომრჩეველს საარჩევნო კაბინებში და თვითონ ხაზავდნენ მიხეილ სააკაშვილს. ასევე არ ხდებოდა ამომრჩეველთა უმეტესობის მარკირება, რის გამოც ერთი და იგივე ადამიანები რამდენჯერმე შევიდნენ საარჩევნო უბანში და არაერთხელ მისცეს ხმა პირადობის მოწმობის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში საარჩევნო დღის დილას 2000 - ით გაიზარდა ამომრჩეველთა სია. კერძოდ, 4 იანვრის საღამოს, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში რეგიტრირებული იყო 35142 ამომრჩეველი, 5 იანვარს დილით კი აღმოჩნდა 37018 ამომრჩეველი. ცვლილება ასე განაწილდა: ლაგოდეხის #2 საარჩევნო უბანზე – ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 234-ით, #3 უბანზე – 209 ამომრჩევლით, მე-19 უბანზე – 93-ით, მე-18 უბანზე – 106-ით, 26 –ე უბანზე 220-ით, 27-ე უბანზე 134-ით და ა.შ"- აცხადებს არასამთავრობოთა კოალიცია "დემოკრატიისათვის" დამკვირვებელი სოსო პაპუაშვილი.

მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა ასევე ყვარლის საარჩევნო ოლქის სოფელ ჩანთლისყურის საარჩევნო უბანზე. "ამ სოფელში ლეკები ცხოვრობენ. ისინი საუბრობენ არაქართულად და შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი დარღვევის დაფიქსირება ვერ შევძელით. ჩანტლისყურის საარჩევნო უბანზე ერთი და იგივე ამომრჩეველმა ვინმე ალიკ რამაზანოვმა, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის მოწმობა 5-ჯერ მისცა ხმა. ასევე იმ მიზეზით, რომ ამომრჩევლებს არ შეეძლოთ დამოუკიდებლად საარჩევნო ბიულეტენების შევსება, კაბინაში და უბანზე არ იყო გამოკრული ხმის მიცემის წესი, კომისიის თავმჯდომარე მაგამედ გაჯი მაგამედოვის დავალებით კაბინაში ამომრჩეველს ჰყვებოდა ალიკ რამაზანოვი და ის ხაზავდა მიხეილ სააკაშვილს. დაფიქსირდა ასეთი 31 შემთხვევა. ჩვენს მიერ ამ დარღვევის არაერთხელ დაფიქსირების შემდეგ მან საარჩევნო უბანი დატოვა. აღმოჩნდა, რომ იგი ნაციონალური მოძრაობის წევრია. ჩვენს მიერ შედგა წერილობითი საჩივარი, რაზედაც ხელი მოგვიწერეს უბანზე მყოფმა სხვა დამკვირვებლებმაც",- აცხადებს იურისტი ლია ხუროშვილი.

დარღვევები დაფიქსირდა თელავის საარჩევნო ოლქის ყარაჯალის საარჩევნო უბნებზე. სოფელი ყარაჯალა ასევე მთლიანად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. კოალიციის დამკვირვებლების თქმით, არ ხდებოდა ამომრჩევლის მარკირება. #38 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში შეჰყვებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის წარმომადენელი ოთარ სვიმონიშვილი და ახაზინებდა სააკაშვილს. "ამ ფაქტების დაფიქსირების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეგვიქმნა პრობლემები და ჩვენი გარეთ გაძევების მცდელობა ჰქონდა. იგი ტელეფონით დაუკავშირდა ნაციონალური მოძრაობის თელავის ორგანიზაციის შტაბს და ჩვენი საჩივრის დაწერის შემდეგ სთხოვა, მიეცათ ინსტრუქცია, გაეტარებინა თუ არა რეგისტრაციაში. საჩივარი საბოლოოდ მაინც დავარეგისტრირეთ. ყარაჯალის სამივე საარჩევნო უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ ხმის მიცემისას მარკირება გაკეთებული, ხელმეორედ სხვა უბანზე ან იმავე უბანზე აძლევდნენ ხმას და ხელს აღარ აწერდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში,"- აღნიშნავენ დამკვირვებლები.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ინფორმაციით, თელავის #17 საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 1 საათისთვის შევიდა ამომრჩეველი ვანო ფეიქრიშვილი, რომელიც მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, მან საარჩევნო ყუთში მოულოდნელად დაუდგენელი ოდენობის ბიულეტენები ჩაყარა და უბნიდან გაიქცა. აღნიშნული დააფიქსირეს როგორც ადგილობრივმა, ასევე ლატვიელმა დამკვირვებლებმა. ქართველი დამკვირვებლების მოთხოვნით, შეწყდა ხმის მიცემის პროცესი და უბანი დაიხურა, დაილუქა ჟურნალებიც, მაგრამ ცესკო-დან მიღებული დირექტივით, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობამ დახურული უბანი გახსნა და კენჭისყრა განაახლა.

"ჩვენთვის დაუდგენელმა პირმა, დაახლოებით, 15-სთ-სა და 30-წთ-ზე საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები ჩაყარა თელავის საარჩევნო ოლქის #16 გულგულას საარჩევნო უბანშიც, რაც დავაფიქსირეთ. ამის გამო მუშტიც კი მომხვდა, თუმცა იქ მყოფ პოლიციელებს რეაგირება არ მოუხდენიათ. ხმის მიცემის პროცესი დროებით შეწყდა, თუმცა ცესკოს-დავალებით მალევე განახლდა. უბანზე იმყოფებოდა ძალიან ბევრი არაუფლებამოსილი პირი", - ამბობს პარტია "თავისუფლების" წარმომადგენელი გიორგი ლომაშვილი.

გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #33 კარდენახის საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში ხელმოწერების ოდენობა იყო 739. ხმების დათვლის შემდეგ კი აღმოჩნდა სულ 934 ბიულეტენი, ანუ 195 ბიულეტენით მეტი. საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ და ხმების დათვლის პროცესში კომისიის წევრები გარეთ გადიოდნენ, ნაციონალების შტაბის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ კი უკან ბრუნდებოდნენ.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარღვევებს არ უარყოფენ, თუმცა კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა. "რაღაც დარღვევები იყო, თუმცა უმნიშვნელო. საბოლოო ჯამში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რაზედაც ცესკოში შემოსული საჩივრების ოდენობაც მეტყველებს,"- აღნიშნა თარხნიშვილმა.

არჩევნების გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილიც. როგორც მან განმარტა, ხელისუფლება მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ სარჩევნო დარღვევაზე და ეს თელავის ინციდენტმაც დაადასტურა.

ტყეშელაშვილის თქმით, დაკავებულია თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ივანე ფეიქრიშვილი, რომელიც თელავის #1 საარჩევნო უბანში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრას ცდილობდა.

"უცნობია, ვის სასარგებლოდ აყალბებდა ფეიქრიშვილი არჩევნებს, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ფეიქრიშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,"- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა ისიც განმარტა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში აგიტაცია იკრძალება და უბნის გარეთ აგიტაცია კანონდარღვევა არ არის.

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს დემოკრატიული უწოდეს ეუთოს, ევროსაბჭოს, ესტონეთის და ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც, რასაც ქართული დამკვირვებელი ორგანიზაციების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

გელა მთივლიშვილი, კახეთი 


ახალი ამბები