კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარღვევები გორში

9 იანვარი, 2008
ისევე როგორც მთელი ქვეყნის  მასშტაბით, გორის რაიონშიც აღინიშნა სხვადასხვა სახის დარღვევები. მათი უმეტესობა სოფლებში გახსნილ უბნებზე მოდის. შედარებით  უკეთესი სიტუაცია ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უბნებზე იყო. როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს უშუალოდ სადამკვირვებლო კორპუსის აქტიურმა მუშაობამ განაპირობა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ორგანიზაცია სადამკვირვებლო მუშაობას როგორც ქალაქის, ასევე სოფლებში გახსნილ უბნებში აწარმოებდა. შორეული უბნებიდან კი იქ მყოფი წევრებისგან და სხვადასხვა ორგანიზაციებისგან მივლინებული დამკვირვებლებისგან ვიღებდით. დილიდანვე რამდენიმე ადგილას უბნების დაგვიანებით გახსნის ფაქტები დაფიქსირდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ,,ახალი მემარჯვენეების” წარგზავნილი დამკვირვებლები იჩაგრებოდნენ. მემარჯვენე  მამუკა ფანიაშვილის განცხადებით, გორის 81-ე და მე-12 უბანზე საარჩევნო უბნის ნახევარი საათით დაგვიანების ფაქტები დაფიქსირდა. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განგვიცხადეს, რომ ზოგიერთი უბნის გახნის რამდენიმე წუთით დაგვიანების მიზეზი უბნებზე კომისიის წევრების დაგვიანება იყო.

,,ახალი მემარჯვენეები” ასევე აცხადებენ, რომ რამდენიმე უბანზე მათ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ, რადგან თურმე, ისინი დაგვიანებით გამოცხადნენ უბანზე. ,,კომისიის თავმჯდომარეებმა ელემენტარულად არ იციან კანონი იმის შესახებ, რომ ნებისმიერ დამკვირვებელს, ნებისმიერ უბანზე, ნებისმიერ დროს აქვს მისვლის უფლება. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე,  როდესაც ჩვენი წარმომადგენელი 12 საათზე მივიდა, ის არ შეუშვეს, დაგვიანებულებს არ ვიღებთო. ამის შემდეგ იძულებულები გავხდით დავკავშირებოდით ნაციონალების შტაბის უფროსს გიორგი ბოტკოველს, რომლის ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებელი უბანზე შეუშვეს", - განაცხადა მამუკა ფანიაშვილმა.

განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია საღამო ხანებში იმ დროს, როდესაც უბნების დაკეტვის დრო მოახლოვდა. სოფლებში თითქმის საერთოდ არ ტარდებოდა მარკირების პროცესი. ამ ,,კანონდარღვევას" თვითონ ხალხიც უწყობდა ხელს. მოსახლეობას მიაჩნდა, რომ ხელზე სითხის დასხმა ან თუნდაც ხელის გაშუქება სამარცხვინო იყო. თანასოფლელობის ხათრით კომისიის წევრები ამაზე თვალს ხუჭავდნენ. განსაკუთრებით უხერხული მდგომარეობა იქმნებოდა მაშინაც, როდესაც მოქალაქე ითხოვდა მეუღლის ან შვილების მაგივრად ხმის მიცემას. ბევრ შემთხვევაში ასეთი მოქალაქე უკან გაუბრუნებიათ, უმრავლეს შემთხვევაში კი ერთი ადამიანის მიერ ორი ან მეტი ბიულეტენის გამოყენება მაინც ხდებოდა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრს” საღამოს ხანებში ინფორმაცია მიუვიდა, რომ გორის რაიონის სოფელ ზერტში საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობით კონვერტები ჩაყარეს. ჩვენი იქ ასვლისას დაგვხვდა საკმაოდ უწყინარი სიტუაცია. სოფელში სადაც 1 783 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საღამოს 7 საათისთვის ყურთში 1 750 ბიულეტენი იყო ჩაყრილი. ამის შესახებ იქ საჩივარი არავის ჰქონდა დაწერილი. ერთადერთი საჩივარი დღის 12 საათზე გაერთიანებული ოპოზიიცის წარმომადგენელმა დაწერა, სადაც დამკვირვებელი მიუთითებდა იმას, რომ კაბინაში გამოკრულ სადემონტრაციო რუკაზე საპრეზიდენტო საარჩევნო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის ნომერი იყო მოხაზული ანუ მინიშნებული. საჩივარი წიგნაკში გატარდა და ეს დარღვევა აღმოიფხვრა. სხვა საჩივარი არ იყო. მხოლოდ საღამოს 7 საათზე ზერტში ჩვენი ასვლისას ,,ახალი მემარჯვენეების”  წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი,  იმის გამო რომ საღამოს 5 საათისათვის ზერტის საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული იყო 800 ბიულეტენის გაცემა, 7 საათამდე ამ ციფრის 1700-მდე გაზრდა ძალიან საეჭვო იყო. ეს საჩივარი კომისიის თავმჯდომარემ არ გაატარა, თუმცა საჩივარს მიუთითა, რომ ისინი არ ეთანხმებიან.

ზერტიდან მობრუნებულებს შეგვატყობინეს, რომ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში ხმის დათვლის დროს მოსალოდნელი იყო დარღვევები. ადგილზე მისვლისას ხმის დათვლის პროცესი დაწყებული დაგვხვდა. საარჩევნო უბანი საკრებულოს შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. პირველ სართულზე პოლიციის თანამშრომლებმა არ შეგვიშვეს. თუმცა იმავე პირველ სართულზე განთავსებულ ოთახებში ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. მივიღეთ ინფორმაცია, რომ რომელიღაც ოთახში ხდებოდა ზედმეტი ბიულეტენების გამზადება გასაყალბებლად. პოლიციასთან დაახლოებით 5 წუთიანი საუბრის შემდეგ მოულოდნელად დენი გამოირთო. ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიციის თანამშრომელმა გადასწია პირველ სართულზე დამონტაჟებული დენის ჩამრთველი მოწყობილობა. თვითონ სოფელში დენი არ გამორთულა. მეორე სართულიდან მოგვესმა ორი ქალბატონის ხმა - ,,რას შვრებით? რას აკეთებთ? არა გრცხვენიათ? მთელი დღე რა წყნარად მიდიოდა და ა.შ“. ორ წუთში ელექტროენერგია აინთო და კვლავ ჩაქრა. საკრებულოს შენობის ეზოში უამრავი ადამიანი მოგროვდა. გამოჩნდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებიც. საარჩევნო კომისიის წევრებმა ჟურნალისტებს გვიხმეს, თან გვეუბნებოდნენ, „რა პანიკა ატეხეთ? არაფერიც არ ხდება... ამობრძანდით, თქვენი თვალით ნახეთ, აბა რა არის დარღვევა“.

უბანი გაიხსნა და ოთახში შესვლისას ძირს დაყრილი ბიულეტენები დაგვხვდა. ლეიბორისტმა ცირა მერებაშვილმა და გაერთიანებული ოპოზიიცის წარმომადგენელმა ქეთევან ნანიაშვილმა განგვიცხადეს, რომ სინათლის ჩაქრობის დროს სამმა ადამიანმა ბიულეტენებს დამატებითი ბიულეტენები დააყარეს.  მოგვიანებით ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ ზუსტად არ ახსოვთ, დააყარეს თუ არა დამატებითი ბიულეტენები "ნაციონალმა" დამკვირვებლებმა. საბოლოო დათვლისას აღმოჩნდა, რომ ძირს 1 304 ბიულეტენი ეყარა. აქედან 1 134 ხმა მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, ხოლო ლევან გაჩეჩილაძეს 154 ხმა, ლეიბორისტებს 130 ხმა, ხოლო ბადრი პატარკაციშვილს - 0.

ამ ინციდენტიდან 2 საათში ბერბუკის საარჩევნო უბანში პარლამენტარი თეო ტლაშაძე ორი პიროვნების თანხლებით მოვიდა, რომელთაგან ერთი ირაკლი ოქრუაშვილის დედის ძმა იყო. ტლაშაძეს სიტუაცია უკვე დალაგებული დახვდა, თუმცა იმუქრებოდა, რომ გააჩნდა შესაბამისი ვიდეო მასალა. ტლაშაძე უბნის გაუქმებას ითხოვდა. ამაზე ნაციონალები შეეწინააღმდეგნენ და ურთიერთბრალდებები წაუყენეს ერთმანეთს. თეო ტლაშაძეს გასული წლის თვითმმართველობის არჩევნები გაუხსენეს, როდესაც იგი 97%-ით აყალბებდა არჩევნებს.

ერთი სიტყვით, ბერბუკის უბანი არ გაუუქმებიათ. კომისიის წევრებმა საჩივარი დაწერეს. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ მიმდინარეობს იატაკზე დაყრილი ბიულეტენების დათვლა, კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ მაგიდაზე არ ეტეოდა ბიულეტენები და ძირს დაიყარა .

მანამდე, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა დარღვევებზე საუბრობდნენ.

სოფელ ვარიანში საარჩევნო უბანზე პოლიციამ "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა მამუკაშვილი დააკავა.  მამუკაშვილი დააკავეს იმის გამო, თითქოს იგი ხმას მეორედ აძლევდა.
როგორც ფანიაშვილმა განაცხადა, დაკავებული პოლიციამ წაიყვანა და ინფორმაცია, თუ სად იმყოფება იგი ამ დროისთვის, ჯერჯერობით არ გააჩნია.

შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებთან ბრიფინგი გამართა პარლამენტარმა თეო ტლაშაძემ, რომელიც ერთიანი ოპოზიციის შიდა ქართლის შტაბის უფროსია. თეო ტლაშაძე რეგიონში არსებულ უამრავ დარღვევაზე საუბრობს. მისი განცხადებით, განსაკუთრებით დიდი დარღვევები ფიქსირდება გორსა და ქარელის რაიონებში.

თეო ტლაშაძის მტკიცებით, ქარელის რაიონის სოფელ ყელეთში, სადაც საარჩევნო უბანი საჯარო სკოლის შენობაში უნდა ყოფილიყო განთავსებული, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს უბანი სკოლაში საერთოდ ვერ აღმოაჩინეს და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უბანი განთავსდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საცხოვრებელ სახლში, სადაც კომისიის წევრებს მარკირების აპარატიც კი არ გააჩნდათ. თეო ტლაშაძის განცხადებით, აღნიშნულ დარღვევებზე მათ ფოტო და ვიდეომასალა გააჩნიათ, აღნიშნული საერთაშორისო დამკვირვებლებს უკვე მიაწოდეს.

"ახალი მემარჯვენეების" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით გამყრელიძის შტაბში დავით საგანელიძემ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, სადაც მან ამ დროისათვის დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

როგორც საგანელიძემ აღნიშნა, "ახალ მემარჯვენეებს" საკუთარი წარმომადგენელი ყველა უბანზე და საქართველოს ყველა რეგიონში ჰყავთ. მისი თქმით, ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველია ის ჯგუფი, რომელიც ტექნიკური მიზეზით ხდება, უცოდინარობის გამო და მეორე, ეს არის დარღვევები, რომელიც განზრახ ხორციელდება.

"ქარელის რაიონის #32-ე, #33-ე უბნებზე ჩვენი კომისიის წევრები და წარმომადგენლები არ შეუშვეს. სოფელ ავნევთან ავტომანქანა იყო გაჩერებული, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ისხდნენ. სამწუხაროდ, ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს მანქანა უკან გამოაბრუნეს", - აღნიშნა საგანელიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება ეს უბნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს. მისი განცხადებით, ციხის საავადმყოფოში ას ექიმს მოსთხოვეს, რომ ხმა მისცენ იქ არსებულ უბანზე და შეპირდნენ, რომ მარკირებას არ გაუკეთებდნენ.

როგორც მან აღნიშნა, დარღვევები ფიქსირდება რეგიონებშიც. მაგალითად, ქარელის 30-ე უბანზე უბნის თავმჯდომარის თანხმობით, მოქალაქეები ხმას პირადობის მოწმობის გარეშე აძლევენ.

"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უბანია, სადაც არ არის ქსეროქსის აპარატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ შემაჯამებელ ოქმებს მხოლოდ ქსეროქსის საშუალებით მივიღებთ",- განაცხადა საგანელიძემ.

საბა წიწიკაშვილი, გორი


ახალი ამბები