კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ერთ-ერთ უბნიდან დანახული 5 იანვრის არჩევნები

9 იანვარი, 2008

5 იანვარს და შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები. საქართველოს მასშტაბით 3000 - ზე მეტი საარჩევნო უბანი დაფიქსირდა. ერთი დღე ერთ-ერთ უბანზე ასეთი იყო:

დილის 7 საათი... არჩევნები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ყველა საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა. 8 საათისკენ ფუნქციები კომისიის წევრებს შორის განაწილდა...

№26 საარჩევნო უბანზეც არჩევნები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გარკვეული დარღვევები უკვე სახეზეა: რეგისტრატორების მაგიდები კედელთან დგას,  დამკვირვებლებისთვის სკამები კი მოპირდაპირე მხარეს 3 მეტრშია განლაგებული. ამაზე შენიშვნა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს არ გასჩენიათ. მეტიც, არჩევნების დაწყებიდან რამდენიმე საათის მანძილზე მათ თავმჯდომარის წინადადებაც არ გაუპროტესტებიათ. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, უბანზე დამკვირვებელთა მოძრაობა არ არის სასურველი, რადგან ეს ხელს შეუშლის არჩევნების პროცესს. სამაგიეროდ კომისიის წევრები ბევრს საუბრობდნენ საარჩევნო სიების გაუმართაობაზე. კომისიის ერთ-ერთი წევრი ოპოზიციური პარტიიდან აღნიშნავდა, რომ თავად დადიოდა კარდაკარ და ადგენდა ამომრჩეველთა სიებს. ასე რომ, უბანზე ამჟამად გამოკრული სია, სადაც შეყვანილია უამრავი მკვდარი სული, უცხოეთში მყოფი ადამიანი, ან ის, ვინც უკვე სხვაგან ცხოვრობს, მის მიერ შედგენილ სიას საერთოდ არ შეესაბამება.

არჩევნების პროცესი დაიწყო... საშინელი სიცივის მიუხედავად, 8 საათისთვის საარჩევნო უბნის კარებთან 15 კაციანი რიგია. უბანზე პირველი ამომრჩეველი შემოვიდა. საკონტროლო ბიულეტენის ჩაგდება გაჭიანურდა, ამიტომაც გარეთ გაღიზიანებული შეძახილები ისმის.

საერთოდ, 5 იანვარს ამომრჩეველთა უმრავლესობა აგრესიული იყო. მათ, რატომღაც, ცუდის მოლოდინი ჰქონდათ.  ეს ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, მათი ხმები გაყალბდებოდა, ამიტომაც უბანზე საბრძოლო განწყობით შემოდიოდნენ.

ხალხის ნაკადი არ წყდება... პერიოდულად შემოდიან ნაციონალური მოძრაობის ქუდებით და შარფებით ან ქურთუკებით. მათ ასეთი ფორმით შემოსვლას უკრძალავენ, რაზეც ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ, არც ერთ უბანზე არ გვქონია ასეთი პრობლემა და აქ რა უფლებით გვიშლითო?!!

საერთოდ, უბნების გარშემო „ნაციონალურ უნიფორმაში“ გამოწყობილი უამრავი ადამიანი ჩნდებოდა. ისინი ამომრჩეველს ხვდებოდნენ და სთავაზობდნენ ნომერი 5 შემოეხაზათ. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩხუბით მთავრდებოდა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ ზოგ შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის ფორმებში გამოწყობილი ადამიანები ამომრჩეველს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ყუთში უკვე შევსებული ბიულეტენის ჩაგდებას, ხოლო ცარიელის გამოტანას სთავაზობდნენ.

10 საათისკენ ორი სამარშრუტო ტაქსი გამოჩნდა. იქიდანაც ნაცმოძრაობის ფორმაში ჩაცმულები გამოვიდნენ, თუმცა მათ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ახლდნენ. №26 და №24 საარჩევნო უბნები ერთ სკოლაში ერთმანეთის პირისპირ იყვნენ განლაგებულნი, ასე რომ ორივე უბნის შესასვლელის გაკონტროლება ადვილად შეიძლებოდა.

სამარშრუტო ტაქსებიდან ხალხი დიდი ხნის დაგვიანებით გადმოდის. ისინი  #24 საარჩევნო უბნისკენ გაემართნენ. ისევ დაბრუნდნენ „მარშრუტკაში“... გარკვეული პერიოდის შემდეგ  ისევ გადმოვიდნენ, თუმცა ამჯერად # 26 საარჩევნო უბნისკენ წავიდნენ... ისინი უარყოფდნენ, რომ სულ ახლახანს მოპირდაპირე უბანში იყვნენ. როდესაც მათ კითხვით მივმართავდით, თუ რატომ დადიან სამარშრუტო ტაქსებით, აგრესიულად გვპასუხობდნენ:  „რა არ შეიძლება? ციოდა და უბრალოდ  ჩავჯექი“... მალე სამარშრუტო ტაქსებთან შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების აქტივისტები. გაწევ-გამოწევის შემდეგ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს სია წაართვეს. ვინ იყო შეყვანილი ამ სიაში გაურკვეველი დარჩა, ერთი მახარე ყვიროდა, რომ ეს „კარუსელების“ ხალხია“, მეორე მხარე ამას უარყოფდა, მიკროუბნების კოორდინატორები არიანო.

თუმცა კომპრომატი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე ნაცმოძრაობის დამკვირვებელსაც ჰქონდა. კომისიის წევრს ოპოზიციური პარტიიდან ის ამომრჩეველზე ზეწოლაში ამხილა. მისი თქმით, შემოსულებს ის ყურში ჩასჩურჩულებდა „ხმა გაჩეჩილაძეს მიეციო“.

ჩნდება კითხვა -  როგორ ახერხებენ ეს ადამიანები „კარუსელზე“  სიარულს, თუ  უბანზე მათ მარკირებას უკეთებენ...  სავარაუდოდ, მათ მარკირებას უბანზე ან საერთოდ არ უკეთებენ, ან მარკირების სითხის მოშორება ხელიდან შესაძლებელია. ამასთან დაკავშირებით მცირე ექსპერიმენტიც ჩავატარეთ, ხელზე მარკირების სითხის დასხმის შემდეგ, ეს სითხე მაშინვე მოვიშორეთ. მარკირების შემოწმების აპარატმა მარკირება არ დააფიქსირა.

 მარკირების აპარატს შუადღისთვის ელემენტები უკვე დამჯდარი ჰქონდა. სათადარიგო კი არც ამ და არც სხვა უბნებს, როგორც წესი, არ გააჩნდათ. ასე რომ, იქამდე, სანამ რომელიმე მაღაზიაში შეიძენდნენ ელემენტებს, უამრავი ადამიანი საარჩევნო უბანზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე შემოდიოდა.

დღის მეორე ნახევარში #26 საარჩევნო უბანს საერთაშორისო დამკვირვებლებიც ეწვივნენ. სარეგისტრაციო მაგიდებისგან საკმაოდ მოშორებით, დამკვირვებელთათვის განკუთვნილი სკამები დაიკავეს და ასე 30-60 წუთი იმყოფებოდნენ. მათთვის შესამჩნევი არც რეგისტრაციის პროცესი, არც „კარუსელები“, არც გაბერილი სიები იყო. ასე რომ, მათი მხრიდან საუბარი შემდგარ დემოკრატიულ არჩევნებზე, გაუგებარია. გაუგებარია, თუნდაც იმიტომ, რომ საარჩევნო პროცესში ისინი საერთოდ არ იყვნენ ჩართულები, არ ჰქონდათ გათვიცნობიერებული ყველა ის დარღვევა, რომელიც უბნებზე იყო დაფიქსირებული.

უცხოელი დამკვირვებლები ვერც იმ ადამიანებს ხედავდნენ, რომლებიც გაღიზიანებულები იყვნენ, რადგან მათ არჩევნებზე უამრავი მოსაწვევით მოუვიდათ. მათ შემოსვლას უბანზე, როგორც წესი, ჩხუბი მოყვებოდა. „ ხომ ვთქვი, 10 წელი არ ცხოვრობენ და რატომ არიან შეყვანილები სიაში!“ იყო შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა მარკირებაზე უარი თქვა, მაგრამ საღამოსკენ მაინც მოვიდა იმის გასარკვევად, ხომ არავინ ჩააგდო ბიულეტენი ყუთში მის ნაცვლად. საღამოს 7-სკენ „მარშრუტკები“ ისევ გამოჩნდნენ და ისევ ის „კარუსელი“ დატრიალდა...

ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ხმების დათვლსას კომისიის თავმჯდომარე უშუალოდ მონაწილეობდა, რაც კანონით აკრძალულია. შედეგები ასეთი იყო: №1 – 345 ხმა; №2 - 37 ხმა; №3 - 38 ხმა; №4 - 64 ხმა; №5 - 199 ხმა; №7- 1 ხმა.

ნონა სუვარიანი, თბილისი.

ახალი ამბები