20:34, Saturday, 25.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მეგრელებმა მიხეილ სააკაშვილს აკვანი კიდევ ერთხელ დაურწიეს

10.01.2008
მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ფრაზა- "ვარდების რევოლუციის აკვანი სამეგრელოში დაირწა" ახალ დატვირთვას იძენს. მეგრელებმა მას აკვანი კიდევ ერთხელ მართლაც დაურწიეს და როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, გოროზიებმა, ქობალიებმა, ახალაიებმა, კოდუებმა და გუნავებმა სააკაშვილს მათი ძლევამოსილება კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს.

სამეგრელო არჩევნების გაყალბების მოლოდინში კი იყო, მაგრამ მისმა მასშტაბებმა, როგორც ოპოზიციური ძალების, ისე მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, წარმოუდგენელ ზღვარს მიაღწია. ამომრჩევლის აქტივობა საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით სამეგრელოს რეგიონში ყველაზე დაბალი, 38% იყო. თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა ხმების რეკორდული რაოდენობა მიიღო. ოპოზიციური ძალები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და "სმაკგამოვლილმა" ნაცმოძრაობის აქტივისტებმა კარუსელი ჩვეული რიტმით დაატრიალეს. უჩვეულო ქმედება მათთვის არც ყალბი ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში ჩაყრა იყო.

სამეგრელოს ყველა რაიონში საარჩევნო უბნები 8 საათზე, თითქმის დარღვევების გარეშე გაიხსნა. დღის 5 საათამდე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი, 22% იყო. 13.00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე დარღვევების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა და საჩივრების რიცხვიც გაიზარდა. ფოთის საარჩევნო უბნებში, ისევე როგორც მთელს ქალაქში, ელექტროენერგია დღის პირველ ნახევარში გამოირთო.  8 საათისათვის კი უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურა ჩაბნელებულ ოთახებში ჩატარდა. მიუხედავად ამისა, წინასწარი მონაცემებით სახელისუფლებო კანდიდატი ფოთში დამარცხდა და ოპოზიციურმა ძალებმა ხმათა 53% მოიპოვეს.

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" ლიდერმა, კონსტანტინე გამსახურდიამ სამეგრელოს რაიონებში საარჩევნო უბნების შემოვლა ზუგდიდიდან დაიწყო და მთელი რეგიონი მოიარა. სოფელ ინგირიდან, დარჩელიდან და კახათიდან დაბრუნებულმა კოკო გამსახურდიამ ლევან გაჩეჩილაძის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში განცხადება გააკეთა. "მთლიანად ზუგდიდის რაიონში მობილიზებულია ნაცმოძრაობის აქტივისტებისა და პოლიციის ჯგუფები. სამხარეო პოლიციის უფროსი, თენგიზ გუნავა, რომელიც კარუსელების ამოქმედებას უშუალოდ ხელმძღვანელობს, სოფელ დარჩელთან ავტომანქანით მოძრავი შევნიშნე.." კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით ზუგდიდის #53, #19, #9 საარჩევნო უბნებზე კარუსელი დღის 3 საათისათვის დატრიალდა. ამ უბნებთან მან მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით დაბურული ყვითელი ავტობუსებიც შენიშნა და იქვე წითელქუდიანი ნაცმოძრაობის აქტივისტების მოძრაობაც აღნიშნა.

დღის 3 საათისათვის, ზუგდიდის #2 საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ #90 საარჩევნო უბანზე, რომელიც მხოლოდ მისამართის გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლისათვის იყო გათვალისწინებული, 1000-მდე ამომრჩევლის სია კედელზე გაკრული აღმოაჩინეს. 187 ასეთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა მოასწრო. დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ ხმის მიცემა დროებით შეწყდა და უბანიც ერთი საათით დაიხურა. ამომრჩეველთა უმრავლესობა ამ უბანზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იყო.

აფხაზეთის ტერიტორიიდან 5 იანვრის არჩევნებზე ქართული მოსახლეობა თითქმის არ გადმოსულა. სამაგიეროდ, დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში არსებულ #26, #89, #27 უბნებში თავის არჩევანს აკეთებდა და კარუსელებშიც აქტიურად ერთვებოდა.

დავით ფაცაცია, "ადამიანის უფლებათა ცენტრი": "#26 უბანში ელემენტარული სამუშაო პირობები არ იყო. ოთახს შეუმინავი ფანჯრები ჰქონდა. მარკირების პროცესი დარღვევით მიმდინარეობდა, აპარატის ელემენტი ხშირად იცლებოდა და ფუნქციას ვერ ასრულებდა. არჩევნები დიდი ხნის განმავლობაში მარკირების გარეშე მიმდინარეობდა. ეს უბანი ამერიკის პოლიტიკური მონიტორინგის დამოუკიდებელი ცენტრის პრეზიდენტმა, ალექს იარმა მოინახულა. მან ყველა ის დარღვევა საკუთარი თვალით იხილა, რომელიც იმ დროისათვის უბანზე არსებობდა."

საარჩევნო უბნებში, ოთახებში თუ შენობის გარეთ, ფორმიანი თუ უფორმო პოლიციელების, წითელქუდიანი თუ უქუდო ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა აქტივობა და პროპაგანდისტული განცხადებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. წალენჯიხის რაიონის, სოფელ ლიას #10 საარჩევნო უბანში ასეთ ქმედებას ოპოზიციასა და ნაცმოძრაობის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ხელჩართული ჩხუბის შედეგად საარჩევნო უბანი ნახევარი საათით დაიკეტა და ხმის მიცემაც შეწყდა. ამავე უბანში პირადობის მოწმობის გარეშე 4 ბიულეტენი გაიცა. ლიას #11 უბანში კი გადასატანი ყუთი ლუქის გარეშე აღმოჩნდა, სადაც პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" წარმომადგენლის განცხადებით, 30 ყალბი ბიულეტენი იყო ჩაყრილი.

პაატა სორდია, ლევან გაჩეჩილაძის წალენჯიხის საარჩევნო შტაბის უფროსი: "#17 საჩინოს უბანში მარკირების პროცესი საერთოდ არ ხდებოდა, ერთსა და იმავე ამომრჩეველს ხმის მიცემის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა... ფახულანი-ჭალეს საგზაო მონაკვეთზე ნაცმოძრაობას ამომრჩევლები ავტობუსების საშუალებით ერთი უბნიდან მეორეში უტიფრად გადჰყავდა.

დაბა ჯვარში, #5 საარჩევნო უბნიდან, ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, ნიკოლოზ პაჭკორია მაშინ გააძევეს, როცა მან უხეში დარღვევა გააპროტესტა. "დავინახე, თუ როგორ ატანდა შინ ბიულეტენს რეგისტრატორი. იმ ამომრჩეველ ქალბატონს ბიულეტენი დედასთან მიჰქონდა. გავაპროტესტე და დარღვევის დაფიქსირება მოვითხოვე, სწორედ მაშინ დამიპირისპირდნენ კომისიის სახელისუფლებო წევრები და არეულობის პროვოცირებაში დამადანაშაულეს."

პროვოკაცია და უწესრიგობა არც სენაკის საარჩევნო უბნებს აკლდა. ამ რაიონში ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ეკა ბესელიამ #12 საარჩევნო უბანში არეულობის შესატანად შესულ ოთხ პოლიციელს ოთახი პირადად დაატოვებინა.

"პოლიციის თანამშრომლები ყველა საარჩევნო უბანთან იყვნენ მობილიზებული... განსაკუთრებით სერიოზული და არსებითი ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა სენაკის #12 საარჩევნო უბანზე. საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ გახსნა ამომრჩევლის ბიულეტენი ყუთთან მდგომმა ქალბატონმა, მზია ყურაშვილმა და როგორ დაათვალიერა იგი ყუთში ჩაშვებამდე. ერთმა ამომრჩეველმა სამი ბიულეტენი ჩააგდო, მეორემ ოთხი. კომისიის წევრები და მეთვალყურეები ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს კომისიის თავმჯდომარეების მიმართ, რომლებიც მათ გადაადგილებას უკრძალავდნენ."

მარკირების გარეშე ხმის მიცემაში არც სენაკის საარჩევნო უბნები იყო გამონაკლისი, ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველი უშედეგოდ იწვდიდა ცერა თითს სითხის შესასხურებლად... #18 უბანში დარღვეული იქნა ყუთის გადატანის პროცედურა და დამკვირვებლის კატეგორიული მოთხოვნით იგი განმეორებით ჩატარდა. 6-დან 7 საათამდე სენაკის რაიონს ყვითელი ავტობუსების ტალღამ გადაუარა... უცხოურმა ტრანსპორტმა ე.წ კარუსელი ყველა გაჩერებაზე წარმატებით გააქანა...

უნებლიე გაჩერებამ 5 იანვარს, ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე აბაშასთან ბევრს მოუწია... საღამოს 6 საათისთვის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბიდან გამაყრუებელი ხმით ისმოდა სიმღერა "მიშა მაგარია", არჩევნების დასრულებამდე 2 საათით ადრე სახელისუფლებო კანდიდატის უცილობელ გამარჯვებაში დაწმუნებული შტაბის წევრები აღფრთოვანებას ვერ მელავდნენ. რეზო მიქაძე, შტაბის უფროსი: "განწყობა გამარჯვების შესაბამისი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილმა აბაშაში ხმათა უმრავლესობა უკვე მიიღო." მიქაძე მიიჩნევს, რომ "მიშა მაგარიას" ამღერებით საარჩევნო კანონს არ არღვევს და არც აგიტაციას ეწევა, ვინაიდან საარჩევნო უბნიდან 500 მეტრის მოშორებით მდებარეობს.

მარტვილის #65 საარჩევნო ოლქში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. #4 საარჩევო უბნიდან ბეჭედი საათნახევრით გაიტანეს. ალეკო ფაღავა, ლევან გაჩეჩილაძის შტაბის წარმომადგენელი: "ნიკა წულაიამ, ერთ-ერთმა დემკვირვებელმა ბეჭდის გაუჩინარების ფაქტი გააპროტესტა. კომისიის სახელისუფლებო წევრები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და გაჩუმებას ურჩევდნენ... ალბათ, საათნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ყალბი ბიულეტენები მზადდებოდა."

#4 საარჩევნო უბანში დამატებითი სიით შემოსული ამომრჩევლისათვის გათვალისწინებული წითელი კონვერტები არასაკმარისი აღმოჩნდა. მარტვილის #65 საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონი უხეშად დაარღვია და საკუთარი გადაწყვეტილებით წითელი კონვერტები თეთრით შეცვალა.

მარტვილში სოფელ ლეხაინდრაოს # 34 საარჩევნო უბანში ერთ-ერთმა კომისიიის წევრმა ამომრჩევლის ბიულეტენი ყუთში ჩაშვებამდე დაათვალიერა. შემოხაზული #1- ის დანახვაზე მან ბიულეტენს გვერდი ჩამოახია და გააუქმა. ასეთ უხეშ დარღვევას რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მამუკა დანელია თვალს თავად ადევნებდა... ბიულეტენების ჩაყრას კი ნამიკოლაოს #32 საარჩევნო უბანში ცდილობდნენ.

საღამოს 7 საათისთვის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი სამეგრელოს რეგიონში გუგე ცანავა განცხადებას აკეთებს იმ განსასჯელებზე, რომლებიც ზუგდიდის #4 საპყრობილეში არიან მოთავსებული. გუგე ცანავა წინასწარ პატიმრობაში მყოფი იმ პირების უფლებების დარღვევაზე საუბრობს, ვისაც ხმის მიცემის უფლება პირადობის მოწმობის უქონლობის მოტივით მიეცათ.

გუგე ცანავას განცხადებით ზუგდიდის #4 საჯარო სკოლაში განთავსებულ #9 საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს აფხაზი თავდამსხმელებისაგან ქართული პოლიცია იცავდა. "უბანთან მობილიზებული შსს ზუგდიდის სოდ-ისა და კუდ-ის წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველს სკოლის დაცვის თანამშრომლებად გააცნო, თუმცა მოგვიანებით თავად პოლიციელებმა აღიარეს, რომ უბანს აფხაზების მოსალოდნელი თავდასხმისაგან იცავდნენ. ასეთი პროვოკაციული არგუმენტები მოჰყავდათ..."

პროვოკაცია, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მოხდა, 5 იანვრის არჩევნების აკორდად შეფასდა. "#59 საარჩევნო უბანში საღამოს 20.05 წუთზე ელექტროენერგიის გამორთვას დიდი აურზაური მოჰყვა. ლევან გაჩეჩილაძის შტაბის წარმომადგენელს, ციცო თოლორაიას რომელიც ყუთს მყისიერად გადაეფარა, თავს დაესხნენ... დამტვრეული ყუთიდან გადმოყრილ ბიულეტენებს ნაცმოძრაობის აქტივისტებმა ყალბი ბიულეტენები შეურიეს... ყუთის გატაცებისა და შეცვლის გეგმა კი ჩაიშალა. ნახევარსაათიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა უბანი პროტესტის ნიშნად დატივეს..."

რომან გაბისონია, კონსერვატიული პარტიის ლიდერი სამეგრელოში: "ეს არჩევნები სავალალოდ თვითონ ხელისუფლებისათვის დასრულდა. ის ოცი ათასი ხმა, რომელიც დატრიალებული კარუსელის მიუხედავად ოპოზიციამ მოიპოვა, ალალად მიღებულია. შტაბში ამომრჩეველი დილიდან მოდიოდა, სრულიად უცხო ადამიანები და ყვებოდნენ, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები იმ უბნებზე, სადაც მათ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ამ არჩევნებით ხელისუფლებამ მთელი სამეგრელოს მოსახლეობა მხოლოდ მის წინააღმდეგ განაწყო, ეს არის საკუთარი ხალხის დაცინვა და მისი აბუჩად აგდება."

ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი სამეგრელოს რეგიონში კახა მიქაია სააკაშვილის გამარჯვებაში შსს დამსახურებას უფრო ხედავს და მიიჩნევს, რომ სამეგრელოში არჩევნები სწორედ ამ ძალოვანმა სტრუქტურამ ჩაატარა. "სააკაშვილის ლიდერობაში ყველაზე მცირე წვლილი ცსკ-ოს, საოლქო კომისიებსა და საარჩევნო შტაბებს მიუძღვის. გაყალბების ორგანიზებას სამეგრელოში ძალოვანი სტრუქტურები ახდენდნენ, განსაკუთრებული როლი სამხარეო პოლიციის უფროსმა, თენგიზ გუნავამ ითამაშა. მას არც გოროზიები, ქობალიები და ახალაიები ჩამორჩნენ. ის, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა, მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა, მუქარა და გატაცება არჩევნებზე ნათლად აისახა. დაბალი აქტივობა სწორედ ამ ფაქტებმა გამოიწვია. ეს იყო პროტესტი... სააკაშვილმა სამეგრელო უბრალოდ დაღალა!"

სამეგრელოში არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის შტაბის კოორდინატორი გუგე ცანავა არჩევნების შედეგებს იმ ტერორს უკავშირებს, რასაც ხელისუფლება სამეგრელოს მოსახლეობის მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებდა. "#1-მა გამყალბებელმა, გუბერნატორმა, "სმაკელმა", "კმარელმა" გოროზიამ და მისმა კარუსელმა დაკისრებული ვალდებულება პირნათლად შეასრულა... არჩევნებზე ზუგდიდელების 62 % არ მივიდა. ეს იმ ფაქტს ადასტურებს, რომ იმ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც სააკაშვილმა მთავარ მოედანზე გამართა, ზუგდიდელი არავინ იყო. მას 300 ავტობუსით ისე დაჰყავს ხალხი ზუგდიდში, როგორც ნაპოლეონ III საფრანგეთის რევოლუციის დროს მეტაშეები დაჰყავდა მატარებლით. სამეგრელო მან მოატყუა, სააკაშვილის ხელში ამ კუთხეს პერსპექტივა არ აქვს. ეს გამარჯვება ჩვენი კუთხის სირცხვილია!"

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC