კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებზე დამკვირვებლებს საკუთარი ორგანიზაციის დასახელება უჭირდათ

11 იანვარი, 2008
ვადამდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ბევრ სხვა სირთულესთან ერთად ისიც განაპირობა, რომ ამ პროცესებს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მოუმზადებელი შეხვდნენ. ადამიანური რესურსების დეფიციტის პრობლემა რეგიონებში NGO-სექტორს ყოველთვის გააჩნდა და ამ არჩევნებმა ეს ერთხელ კიდევ ნათლად წარმოაჩინა.

რაიონებისა და განსაკუთრებით სოფლების საარჩევნო უბნებში სხვადასხვა არასამთავრობოებმა დამკვირვებლებად ისეთი ადამიანები მიავლინეს, რომელთა უმეტესობა იმ ორგანიზაციის ზუსტ დასახელებას, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში თავად წარმოადგენდა, საკუთარ სამკერდე მოწმობაზე ძლივს კითხულობდა. ამ დროს მმართველ პარტიას არც მატერიალური და არც ადამიანური რესურსები აკლდა საკუთარი პოზიციების მყარად დასაცავად. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი კომისიის წევრები კი მათთვის საუბნო კომისიაში დაკისრებულ მოვალეობას ძლივს ართმევდნენ თავს და სადამკვირებლო მისიის განხორციელება მთლიანად დილეტანტების ხელში აღმოჩნდა, რაც ისევ მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამდა წყალს.

მაგალითად, ზესტაფონის #51 საარჩევნო ოლქის სოფელ მეორე სვირის #23 უბნის დასახელებაც შეიძლება. ამ უბანზე არჩევნების დღეს 5 დამკვირვებელი მუშაობდა: ”ადამიანის უფლებათა ცენტრთან” ერთად სადამკვირებლო მისიას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელი ლელა მუმლაძე, ”საზოგადოების კვლევის ცენტრიდან” მაია გეწაძე, ასოციაცია კავშირი ”მომავლის იმედიდან“ მანანა გეწაძე და ”სამართლიანი არჩევნებიდან” - ლილი ღიბრაძე ახორციელებდნენ.

საარჩევნო პროცესის დაწყებისთანავე ნათელი გახდა, რომ უბანში მყოფ დამკვირვებლებთან სადამკვირებლო ფუნქციების გადანაწილებას  აზრი არ ჰქონდა, რადგანაც დანარჩენი ოთხი დამკვირვებლიდან სამს,  პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ლელა მუმლაძის გარდა, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნის თბილი ოთახიც კი არ დაუტოვებია, ისე ”ახორციელებდნენ” თავიანთ უფლებამოსილებას. ამ დროს საარჩევნო უბნის გარეთ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის რწმუნებული აქტიურ საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რობერტ გურგენიძე კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შენიშვნაზე პასუხობდა, რომ მთავარია ეს აგიტაცია უშუალოდ მის უბანზე არ ხდებოდეს და გზაში ის ადამიანებს ვერაფერს დაუშლის.

მიმდინარე პროცესები, სხვას თუ არა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს ერთხელაც არ გაუპროტესეტებია და საღამოს, როცა მასთან მისი ზესტაფონელი კოორდინატორი ვიქტორია აკოფაშვილი მოვიდა, არც მას ჩაუთვლია დიდ დარღვევად. ასეთი რამ თითქმის ყველა უბანში ხდებოდაო, განაცხადა მან სრულიად მშვიდად.

რა პრინციპით დაკომპლექტდა ”სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების შემადგენლობა იმერეთის რაიონებში, ამის გარკვევას აღნიშნული ორგანიზაციის იმერეთის კოორდინატორთან თეონა გოგიშვილთან შევეცადეთ. როგორც გაირკვა, დამკვირვებელთა კორპუსს რაიონებში ადგილობრივი კოორდინატორები აკომპლექტებდნენ. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, იყო ის, რომ სოფელში ადგილობრივი კადრს არ უნდა ემუშავა, თუმცა, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირის №23 უბანზე ეს პრინციპიც დაირღვა.

„სამართლიანი არჩევნების“ იმერეთის კოორდინატორი თეონა გოგიშვილი აცხადებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ დამკვირვებელთა შერჩევის კრიტერიუმი კიდევ უფრო დაიხვეწება და საპრეზიდენტო არჩევნების დროს შექმნილი პრობლემებიც იქნება გათვალისწინებული. თუმცა, ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით, საარჩევნო კამპანიებში რაიონები არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების აქილევსის ქუსლად რჩება.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები