კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასჯას ითხოვს

15 იანვარი, 2008

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი #12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო და #33 კარდენახის საუბნო-საარჩევნო კომისიებში მომხდარ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ითხოვს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არასწორად შეაჯამა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურორს გადაუგზავნა. ომბუდსმენმა ასევე წინადადებით მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს, იმსჯელოს იმ პირთა დისციპლინარულ ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში და #33 კარდენახის საარჩევნო უბანზე ხელი შეუშალა სხვადასხვა სუბიექტისა თუ ორგანიზაციების კანონიერ წარმომადგენლებს დაკვირვებოდნენ არჩევნების დღეს კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესსა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებას, დაეფიქსირებინათ დარღვევები და საჩივრით მიემართათ კომისიებისათვის.

„საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას მოხდა ინციდენტი. კერძოდ, სხდომის მუშაობაში ხელის შეშლის ბრალდებით კომისიის სხდომიდან თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე პოლიციამ პრეზიდენტობის კანდიდატის არკადი პატარკაციშვილის წარმომადგენელი დავით ნიკოლაშვილი გააძევა, რადგან ამ უკანასკნელმა, როგორც თვითონ განმარტა, კენჭისყრის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი სახის დარღვევები დააფიქსირა. მისი თქმით, გააყალბეს ხელმოწერები და ჩაყარეს ბიულეტენები. ამიტომ ნიკოლაშვილმა მოითხოვა, საოლქო -საარჩევნო კომისიას გაებათილებინა 33-ე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები, რასაც ხმაური და სხდომის შეწყვეტა მოჰყვა“, - აღნიშნეს სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე ინფორმაციით, სხდომა ორი საათის შემდეგ განახლდა და კომისიის თავმჯდომარემ #33 საარჩევნო უბნიდან შემოსული საჩივრების განხილვის დაუსრულებლად პირდაპირ გამოიტანა განკარგულების პროექტი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების თაობაზე.

კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარისგან საჩივრების განხილვის დასრულება მოითხოვეს, რადგან „საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს და ამტკიცებს საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

„კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრების ამ მოთხოვნაზე #33 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმთან ერთად, წარმოადგინა ოქმში შესული შესწორების ოქმი, რაზედაც კომისიის წევრმა ზურაბ დანელიშვილმა მიუთითა, რომ შესწორების ოქმი არ ახლდა საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსულ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, მან ოქმის წარმომავლობის გარკვევაც მოითხოვა. კომისიის თავმჯდომარემ ნატალია ბეგაშვილმა მას არ მისცა საუბრის გაგრძელების შესაძლებლობა, რაც მე გავაპროტესტე და რის გამოც სხდომიდან გამაძევეს“, -  ამბობს დავით ნიკოლაშვილი.

სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში #33 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შორენა ქუმსიაშვილი, ხათუნა მირიანაშვილი და თამარ მინდიაშვილი ადასტურებენ, რომ მათ ხელი მოაწერეს მხოლოდ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მხოლოდ სამ ვარიანტს; საუბნო საპრეზიდენტოს და საუბნო საპლებისციტოს ორ ეგზემპლარს. მათი განმარტებით, ოქმებში კენჭისყრის შეჯამების პროცესში არანაირი შესწორებები არ გაკეთებულა და შესაბამისად, არც შესწორების ოქმი შექმნილა.

სახალხო დამცველის რწმუნებულის მაია მოსიძის განცხადებით, #33 საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში შესწორების ოქმი არ არის რეგისტრირებული, თუმცა მასზე დასმულია სარეგისტრაციო ნომერი 24. „ოქმის უტყუარობა ეჭვქვეშ დგება, რადგან სარეგისტრაციო ჟურნალში ბოლო ჩანაწერი 2007 წლის 26 დეკემბერსაა გაკეთებული და 2008 წლის 6 იანვარს შედგენილი შესწორების ოქმი ამ ნომრით ვერ იქნებოდა რეგისტრირებული“, - აღნიშნავს მოსიძე.

გურჯაანის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილი დარღვევების არსებობას უარყოფს. ბეგაშვილის ცნობით, ნიკოლაშვილი პოლიციამ მისი დავალებით გააძევა სხდომიდან, რადგან სუბიექტის წარმომადგენელი კომისიას ხელს უშლიდა მუშაობაში. „რაც შეეხება საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრას და არჩევნების გაყალბებას, სიცრუეა“, -  ამბობს ბეგაშვილი.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, რომ გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის მუშაობაში მათ არაერთი სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად
დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და ეს დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე კატეგორიულად მოვითხოვ ნატალია ბეგაშვილის და სხვა სამართალდამრღვევების დასჯას“, -  განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სახალხო დამცველის განცხადების საფუძველზე, გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და გამოძიება დაიწყო.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები