კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამეგრელოდან მიტინგზე წამოსვლის მსურველები პოლიციაში აღმოჩნდნენ

15 იანვარი, 2008

ძალოვანმა სტრუქტურებმა ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ თბილისში, 13 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამეგრელოდან ადამიანების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა მოხვედრილიყო. რეგიონის თითქმის ყველა რაიონში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთი და იმავე ბრალდებით დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმება, მართვის მოწმობების უქონლობა და ტექნიკური გაუმართავობა გახდა ათამდე ადამიანის დაპატიმრების მიზეზი. ავტომანქანები საპატრულო პოლიციის საჯარიმოებში გადაიყვანეს და 150-მდე აქტივისტი მანქანებიდან იძულებით ჩამოსვეს გზაზე ან ახლომდებარე ტყეებში.

პირველი ინციდენტი ზუგდიდში მოხდა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სორდია, შტაბის წევრი ლაშა კვარაცხელია და მისი დისშვილი ცირა ჩიქოვანი დააკავეს.

პაატა სორდია: „დღის 8 საათზე ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლთან“ მაშინ დაგვაკავეს, როდესაც საწვავს ვიმარაგებდით და თბილისისკენ გამგზავრებას ვგეგმავდით. ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ... მობილური ტელეფონები ჩამოგვართვეს, მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების უფლება მოგვცეს.  სამმართველოში გადაგვიყვანეს. მე და ლაშას ნარკოლოგიური ტესტები ჩაგვიტარეს. ცირა კი პოლიციის უფროსის კაბინეტში დაკითხეს“.

დაკავებულებმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ოთხი საათი დაჰყვეს. მათთვის პოლიციელებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ, თუმცა როგორც პაატა სორდია აცხადებს, პოლიციას არანაირი საფუძველი არ გააჩნდა იმისათვის, რომ მას ნარკოლოგიური შემოწმება გაევლო. დაკავების მთავარ მიზეზად კი იგი ოპოზიციის მიტინგს ასახელებს, სადაც მოხვედრის ასაკრძალად ხელისუფლებამ ყველა ღონეს მიმართა.

დაკავებულის გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ნარკოლოგიური ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ლაშა კვარაცხელიას „ბმვ“-ს ტიპის ავტომანქანა კი ზუგდიდის საპატრულო სამსახურში, საჯარიმოზე გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, ლაშა კვარაცხელიას მართვის მოწმობა შინ დარჩა.

მანამ, სანამ სორდია და კვარაცხელია პოლიციაში იმყოფებოდნენ, გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის ზუგდიდის ოფისში 4 საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყვნენ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან გაჩეჩილაძის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი თენგიზ გერგედავა და შტაბის წევრი ალექსანდრე გეთია. მათი იძულებითი ტყვეობის მიზეზი კი ის გასაღები გახდა, რომელიც პაატა სორდიას მის დაკავებამდე გაჰყვა.

თენგიზ გერგედავა: „რადგან დილის 8 საათისათვის ჯერ კიდევ ბნელოდა და მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირების გადაადგილებას ავტომანქანებითა თუ ფეხით პერიოდულად ვამჩნევდით, გადავწყვიტეთ კარი ჩაგვეკეტა... ბოლოს პაატა გავიდა და გასაღები ამიტომაც შერჩა. ოთხსათიანი ლოდინის შემდეგ კარი დარაჯმა გაგვიღო“.

საეჭვო თუ ოფიციალური პირები ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბთან ზედმიწევნით მობილიზებული სახით კიდევ ერთხელ მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც დაკავებულები გაათავისუფლეს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლები შტაბის მოპირდაპირე მხარეს ორი ავტომანქანით განლაგდნენ. ოპელის მარკისა (LEL- 191) და ნივის მარკის (FAD-742) ჩაბნელებული ავტომანქანების გვერდითა სარკეებიდან „კუდ“-ის თანამშრომლები შავი სათვალეების გამოყენებით თითქოს კონსპირაციულად ახორციელებდნენ თვალთვალს, თუმცა მათი მოქმედება იმდენად აშკარა და თვალშისაცემი იყო, რომ გამვლელ-გამომვლელის ყურადღებაც მიიქცია.

„ოპელში“ მჯდომმა პირმა, ლადო კონჯარიამ კომენტარზე უარი განაცხადა და შავი სათვალე უფრო მჭიდროდ აიფარა. „ნივაში“ მსხდომმა ორმა პირმა კი კარი ჩარაზა, მზის დამცავი ფარდაც დაუშვა და ფოტოგადაღების მიმართაც თავისი გაღიზიანება გამოხატა. „გაშიფრულმა“ „კუდელებმა“ მალე ტაქტიკის შეცვლა არჩიეს და მანამ, სანამ გათავისუფლებული ოპოზიციონერები კომენტარს ზედ ტროტუარზევე აკეთებდნენ, ირგვლივ წრის შემოვლა ექვსჯერ მოასწრეს. ხოლო, როცა დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ სახის ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას პოლიტიკურ აქტივისტებზე უკვე აზრი აღარ ჰქონდა, მეშვიდე წრეზე ვიდეო კამერით გამოჩნდნენ, მაგრამ ეფექტი ვერც ამ ქმედებამ მოახდინა.

„კუდ“-ის ვიდეოკამერის მთავარი ობიექტი მოგვიანებით მეც გავხდი. იმ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ძალოვან სტრუქტურებს მათი ხელახალი დაპატიმრება ჰქონდათ განზრახული, ჩემი ჟურნალისტური ინტერესი უფრო გამძაფრდა. მართლაც დავინტერესდი იმით, რომ საკუთარი თვალით მეხილა, თუ სად გადიოდა „კუდ“-ის შესაძლებლობების ზღვარი.

მოლოდინმაც არ დააყოვნა და ტაქსს, სადაც პაატა სორდიასთან, თენგიზ გერგედავასთან, ალექსანდრე გეთიასთან და ლაშა კვარაცხელიასთან ერთად მეც ვიმყოფებოდი, „კუდი“ აეკიდა. ქალაქის ცენტრალური ნაწილი „კუდ“-ის თანამშრომლების თანხლებით გავიარეთ. ისინი ტაქსის ყველა გადაადგილებას ჩართული ვიდეოკამერით აკონტროლებდნენ, თუმცა ტაქსის მძღოლმა გარკვეული მანევრირების შემდეგ „კუდი“ მოიშორა და თბილისისკენ მიმავალ გზას გაუდგა...

„ოპერატიულად“ მუშაობდნენ ასევე სენაკელი პოლიციელები. დილის 9 საათისათვის სენაკის პოლიციის ახლადგარემონტებულ შენობასთან უკვე იდგა ჩამორთმეული „რაფის“ ტიპის და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები. წინასწარი პატიმრობის იზოლატორში კი მოთავსებული იყო ორივე მძღოლი, ლევან მაშავა და მანუჩარ ლაშქარავა. უშედეგო აღმოჩნდა ჩემი მცდელობა მიმეღო დეტალური ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ. პოლიციაში არ იმყოფებოდა განყოფილების უფროსი ვალერი ჭაჭუა, ადგილზე არც კრიმინალური პოლიციის უფროსი კახა ლატარია აღმოჩნდა, ხოლო მორიგე პოლიციელებმა კარები ხმაურით მიიხურეს და ფანჯრებზე ჟალუზებიც დაუშვეს. ლევან მაშავას მშობლები პოლიციის შენობასთან დილიდანვე ელოდნენ. მათთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მათი ვაჟი ზუგდიდში, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იყო გადაყვანილი.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი თბილისში, გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე მიმავალი სენაკელები პოლიციის თანამშრომლებმა უკან მიაბრუნეს და 80-მდე ადამიანს ძველი სენაკის ტყეში თავი უკრეს.

მზია გადელია, კონსერვატიული პარტიის ლიდერი: „სენაკის გასასვლელში პოლიცია დაგვხვდა, სამი „რაფის“ ტიპისა და ოთხი მსუბუქი ავტომანქანით გავდიოდით. წინ გაგვირეკეს, შეურაცხყოფები მოგვაყენეს და ტყეში დაგვყარეს... სენაკის პოლიციის უფროსი ვალერი ჭაჭუა და საპატრულო სამსახურის უფროსი ბესიკ ჩხეტია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ.

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანები სენაკის პოლიციაში გადააყვანინეს, თუმცა საბოლოოდ რატომღაც ლაშა მაშავა და მანუჩარ ლაშქარავა დააკავეს, დანარჩენები კი გაათავისუფლეს. სენაკის პოლიციის იზოლატორიდან ორივე დაკავებული საღამოს 6 საათისათვის გაათავისუფლეს.

ასეთივე ვითარება იყო აბაშისა და მარტვილის რაიონებში. ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილისისკენ მიმავალ გზას აბაშის პოლიციის უფროსი დავით დარსმელიძე უღობავდა. მარტვილში კი პოლიციის ჯგუფები მთელი ძალებით მოქმედებდნენ და დედაქალაქისაკენ მიმავალ მგზავრებს ხონის ტრასიდან აბრუნებდნენ. „რაფის“ ტიპის ორი სამარშრუტო ტაქსი ხონის პოლიციის განყოფილებაში საღამოს 7 საათამდე იდგა.

გუშინ ზუგდიდში განხორციელებულ ძალადობას პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი, ამავე დროს ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი სამეგრელოს რეგიონში კახა მიქაია ტერორს უწოდებს. „გამარჯვებულები ასე არ იქცევიან. ასე მხოლოდ შეშინებულები და მხდალები იქცევიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამეგრელო არ არის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ნაცმოძრაობის ნაკრძალი, არც რევოლუციონერთა აკვანი. სამეგრელო არის და იქნება საქართველოს ხერხემალი. ვაფრთხილებ სააკაშვილს, მერაბიშვილს, კემულარიებს, გოროზიებს, ახალაიებსა და ქობალიებს, რომ თქვენ, კრიმინალებო, ბანდიტებო და საქართველოს ეროვნული ინტერესების პირწავარდნილო მტრებო! სწორედ სამეგრელო გაგცემთ ღირსეულ პასუხს, რადგან სამეგრელო არ არის თქვენი საჯიჯგნი! სამეგრელო არ დაიჩოქებს თქვენს წინაშე!“.


                                      
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები