კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის უნდა ირაკლი ოქრუაშვილის აგარაკი

16 იანვარი, 2008

,,წეროსხევი" ქორს წაართვეს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის რეზიდენციას ვერ იყოფს. საუბარია ატენის ხეობაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის აგარაკის ე.წ. ,,მონადირის სახლის" შესახებ. ამ საზაფხულო რეზიდენციის გამო ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკის სამინისტროს დაუპირისპირდა. გორის მუნიციპალიტეტი თავის ბალანსზე შპს ,,წეროსხევის" გადაცემას ითხოვს, ეკონომიკის სამინისტრო იწერება, თავი დანებეთ მაგ ქონებას, მე უნდა გავყიდოო...


მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში 12 სექტემბრის შემდეგ ადგილობრივი მთავრობა შეიცვალა, ახალმა ჩინოვნიკებმა იმ ქონებას გადახედეს, რასაც მანამდე დამნაშავე ჩინოვნიკები ფლობდნენ და სხვის წართმეულ ქონებას ეპატრონებოდნენ. სწორედ ამ ქონებაში მოხვდა აღნიშნული სახლიც.

2007 წლის 27 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მისწერა #401 წერილი, რომლითაც გამგეობა,,თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"  საქართველოს კანონის მიხედვით ითხოვს შპს ,,წეროსხევის" გადაცემას მუნიციპალიტეტისთვის.

ერთი თვის შემდეგ 2007 წლის 27 დეკემბერს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ლეჟავა ორ წერილს აბრუნებს გორში. ერთი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის ნუკრი აბალაკის სახელზე მიდის, ასლი კი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევიდა. ლეჟავას წერილით ირკვევა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უარს ამბობს გორის მუნიციპალიტეტისათვის შპს ,,წეროსხევის"  გადაცემის შესახებ. ვახტანგ ლეჟავას წერილის შინაარსი ასეთია:

,,გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი, რომელშიც დასმულია საკითხი ატენის თემის ტერიტორიული ორგანოს, კერძოდ, წეროსხევის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,წეროსხევის" გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის თაობაზე. გთხოვთ, წარმოადგინოთ შპს ,,წეროსხევის"-ს სრული დოკუმენტაცია, სამინისტროს მიერ მისი შემდგომი პრივატიზების მიზნით."

როგორც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ნუკრი აბალაკი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მათ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მომზადებული აქვთ ზემდგომ ორგანოში ეკონომიკის სამინისტროში წარსადგენად.

,,თავის დროზე მანდ იყო მონადირეთა გაერთიანების რაღაც მეურნეობა, რა თქმა უნდა სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი, დღეს, ალბათ, მის პრივატიზებას მოვახდენთ",  - გვითხრა ნუკრი აბალაკმა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღეს შპს ,,წეროსხევის" ქონება 350 000 ლარად არის შეფასებული. დღემდე გაურკვეველია, რა თანხით გაარემონტა და ააშენა ეს აგარაკი ირაკლი ოქრუაშვილმა. ბოლო ხანებში სწორედ იქ მართავდა ოქრუაშვილი კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან და თავის მომხრეებთან. ამ შენობას ,,ქორის ბუდეს“ ეძახდნენ. როგორც ცნობილია, 2004 წელს ივლიანე ხაინდავამ ირაკლი ოქრუაშვილს და მის გარემოცვას ხელისუფლების ,,ქორის" იგივე ,,ომის" პარტია უწოდა. მშვიდობის პარტიაში კი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა შედიოდა. ,,ომისა" და ,,მშვიდობის“ პარტიის წარმომადგენლების შეხვედრები სწორედ ამ ხეობაში, ,,წეროსხევში" იმართებოდა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კიდევ ერთ საინტერესო დეტალს მიაგნო. ვიდრე გორის ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკის სამინისტროს ქონების გადმოცემას მოსთხოვდა, მანამდე დაინტერესდნენ თუ რა ღირებულების იყო ეს ,,ლეგენდარული" ქონება. ჩვენ ხელთ გვაქვს აუდიტორული დასკვნა, რომელიც შედგენილია 2007 წლის 22 ოქტომბერს. ეს დასკვნა ერთი თვით ადრეა შედგენილი, ვიდრე ეკონომიკის სამინისტრო შეიტყობდა, რომ ,,წეროსხევს" ადგილობრივი ხელისუფლება ითხოვს.

დასკვნის მიხედვით, 2007 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, დამოუკიდებელ აუდიტორულ სამსახურს ,,აუდიტი-გიორგი“-ის განცხადებით მიმართა ქონებისა და პრივატიზაციის სამსახურმა, რათა ადგილზე ვიზუალურად შეემოწმებინათ და თავისუფალი საბაზრო ფასების გათვალისწინებით აუდიტორულად შეეფასებინათ გორის რაიონის სოფელ ატენში ,,წეროსხევში“ არსებული ,,მონადირის სახლი“.

ვიზუალური შემოწმებით დადგინდა, რომ ,,წეროს ხევში“ (მთლიანი ფართი 5 000 კვ.მ) აშენებულია ,,ბელეტაჟის“ ტიპის შენობა-ნაგებობა, საერთო ფართი დაახლოებით 300 კვ.მ. სახლი აგებულია კლდის ქვით, უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით და წყლით. შიგნით გაკეთებულია დიდი დარბაზი, რომლის იატაკზეც დაგებულია კლდის ქვა. დაყოლებული აქვს ბუხარი. სამზარეულო მოპირკეთებულია კაფელით და მეთლახით. კედელზე განთავსებულია ხის სამზარეულო კედელი თავისი ბარით. შენობაში ოთხი საძინებელია. საძინებლებში ორ-ორი ცალი ორ სართულიანი საწოლებია. იქვე საუნა, საშხაპე ტუალეტი. არის აგრეთვე მარანი, სადაც 2 ქვევრია. შენობის გარეთ თევზსაცავი ტბაა, მდინარე ტანის მარცხენა მხარეს კი ორი ფაცხა დგას, მარჯვენა მხარეს კი ერთი ფაცხა და ა.შ. ყველაფერი ეს კი 350 000 ლარად არის შეფასებული.

წარმოდგენა არავის აქვს, თუ ვისი თანხებით გააკეთა ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილმა - თავისი ფულით თუ ბიუჯეტიდან. დღეს ფაქტია, რომ ოქრუაშვილის აგარაკს ეკონომიკის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება ვერ იყოფს. რით დამთავრდება ეს ყველაფერი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საბა წიწიკაშვილი, გორი.

ახალი ამბები