კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 ათასი ლარი გირაო და 6 წელი ციხე - ტყიდან ძირნაყარი შეშის გამოტანისათვის

16 იანვარი, 2008

ტყიდან ძირნაყარი შეშის გამოტანა რობერტ ზავრაშვილს (ფოტო) ქურდობად ჩაუთვალეს და დააკავეს. მოსამართლემ ის გირაოთი გაათავისუფლა. 5 ათასი ლარის არქონის გამო, ზავრაშვილს უძრავი ქონება დაუყადაღეს. ამჟამად, კახეთის საოლქო პროკურატურა მისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. სისხლის სამართლის საქმე მოსამართლე ლია ოთარაშვილმა უნდა განიხილოს.

"ოჯახში ძალიან გვიჭირს. ამიტომ ტყიდან ძირნაყარ ხეებს ვეზიდებოდი, საიდანაც ღუმელში დასანთებად ვარგის შეშას ვარჩევდი. ტყიდან შეშა ბილეთის გარეშე არასოდეს გამომიტანია. უფრო მეტიც, ტყის მცველს ზურაბ რუაძეს, მისივე მოთხოვნით, თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ 20 ლარს ვაძლევდი. მოგვიანებით, მას ეს თანხა, როგორც ჩანს, ეცოტავა და 30 ლარი მომთხოვა, რომლის გადახდაც აღარ შემეძლო.

2007 წლის 25 სექტემბერს ტყეში ძირნაყარ შეშას ვაგროვებდი, რაც ზურაბ რუაძემ დაინახა. შენიშვნა არ მოუცია, რადგან იცოდა, რომ ბილეთი და ქვითარი მქონდა. მეორე დღეს მასთან მისვლა მომიწია ახალი ბილეთის ასაღებად. ბილეთი არ მომცა. მითხრა, შენზე აქტი გვაქვს დაწერილი და ბილეთს ვერ მოგცემთო. რა აქტი მეთქი, ვკითხე და მიპასუხა, რომ ამას პროკურატურაში გავარკვევდი. კახეთის საოლქო პროკურატურაში მართლაც დამიბარეს. გამომძიებელმა ვიტალი ელოშვილმა განმიცხადა, რომ ტყეში ნედლი შეშა მომიჭრია, რითაც დანაშაული ჩავიდინე. ვცდლობდი, მისთვის ამეხსნა, რომ ტყეში ნედლი კი არა, გამხმარი, ძირნაყარი შეშა მოვაგროვე. ისიც ვუთხარი, რომ ეს შეშა წამართვეს და შეეძლოთ ენახათ, ნედლი იყო თუ ხმელი, მაგრამ არ მომისმინა. ტყის მცველის ჩვენება ჩემთვის გაცილებით სარწმუნოა, ვიდრე შენიო, მითხრა და დამაკავა"- ამბობს სოფელ ვეჯინში მცხოვრები რობერტ ზავრაშვილი.

თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და რობერტ ზავრაშვილს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა 5 ათასი ლარის ოდენობით. მატერიალური გაჭირვებიდან გამომდინარე ბრალდებულმა ამ თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც სასამართლომ მის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო.

ზავრაშვილის მიმართ კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება ცოტა ხნის წინ დაასრულა.

პროკურორის ხვიჩა ბეგიაშვილის თქმით, რობერტ ზავრაშვილს ბრალი ედება წიფლის, მუხის და რცხილის ჯიშის ხე-ბუჩქნარის გაჩეხვაში. "რობერტ ზავრაშვილმა, შვილთან, სოსლან ზავრაშვილთან ერთად მოჭრა საშეშე ხე, მაშინ როდესაც მას არ გააჩნდა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამით მან სახელმწიფოს მიაყენა 1900 ლარის ზარალი, რომელიც დღემდე არ აუნაზღაურებია. მის მიერ ჩადენილი დანაშაული დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  303-ე მუხლის I ნაწილით (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რომელიც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 177-ე მუხლის II  ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, (ქურდობა), რომელიც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რობერტ ზავრაშვილს ხელთ აქვს ხე-ტყის მოჭრის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდის ქვითარიც. "თუ ხეს საბუთის გარეშე ვჭრიდი, რატომ ტყის მცველმა ზურაბ რუაძემ, რომელიც თვითონ გახდა თვითმხილველი როგორ ვაგროვებდი ძირნაყარ შეშას, მაშინვე გარემოს დაცვის ინსპექცია არ გამოიძახა? უბრალოდ, არჩევნების შემდეგ ეს უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ცდილობენ რამენაირად შეავსონ ბიუჯეტი. მითხრეს კიდეც, ციხე თუ არ გინდა, საპროცესო გარიგებას გაგიფორმებთ, ოღონდ ბიუჯეტში 3 ათასი ლარი უნდა შეიტანოო", - ამბობს რობერტ ზავრაშვილი და იქვე დასძენს, რომ მას ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ტყის მცველს ზურაბ რუაძეს, მაგრამ ვერ შევძელით.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ იურისტს. ლია ხუროშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში დამკვიდრდა ასეთი პრაქტიკა, როდესაც ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და ქურდობა დანაშაულთა ერთობლიობით კვალიფიცირდება.

"თუ ტყის მცველმა შემთხვევის ადგილზე ნახა პირი, მას აქტი დაუწერა, ანუ დააფიქსირა სამართალდარღვევა და ამის შემდეგ მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, რომ შეშა სახლში წაეღო, ეს ქურდობას გამორიცხავს, იმიტომ, რომ ქურდობა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა. ამ შემთხვევაში ფარული დაუფლება სახეზე არ გვაქვს. ზავრაშვილს შეშის სახლში წასაღებად არც ძალადობა გამოუყენებია. ამრიგად არც ძარცვას აქვს ადგილი. სრულიად გაუგებარია, სამართლებრივი თვალსაზრისით ამ ქმედების ორი მუხლით დაკვალიფიცირება. მითუმეტეს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სასჯელის დანიშვნისას აღარ ითვალისწინებს უმაღლესი სასჯელის მიერ უმცირესი სასჯელის შთანთქმის პრინციპს. ამჟამად მხოლოდ სასჯელთა შეკრება ხდება. საბოლოოდ, ზავრაშვილს, თუ სასჯელის მაქსიმუმებს შევკრებთ, შესაძლებელია დაენიშნოს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც თან დაემატება ჯარიმაც, რომლის გარეშეც მოსამართლე განაჩენს აღარ ადგენს", - აცხადებს იურისტი.

სისხლის სამართლის საქმე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ამ დღეებში უნდა განიხილოს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები