კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საჩივრების ომი“ სამცხე ჯავახეთში

17 იანვარი, 2008

ახალციხის 37-ე საარჩევნო ოლქში ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც ოპოზიცია აცხადებს -,,გაყალბების გარეშე არ ჩაუვლია”. საჩივრების განხილვა საოლქო კომისიის სხდომაზე საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში განვითარდა.

37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ცხრა იანვრის სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი იდგა: საარჩევნო დარღვევების შესახებ შემოსული საჩივრების განხილვა და 37-ე ოლქის არჩევნების შედეგების დამტკიცება, რომელიც საოლქო კომისიის ხმის უფლების მქონე წევრებმა ერთსულოვნად - ოთხი ხმით დაამტკიცეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა და, შესაბამისად, სხდომას არ ესწრებოდა ხმის უფლების მქონე მეხუთე წევრი - ნინო ახობაძე.

„არაფერი საშინელება არ ხდება“, - აცხადებდა 5 იანვარს 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბექა ბუცხრიკიძე. საჩივრების სიმრავლის მიუხედავად მისი პოზიცია ბოლომდე უცვლელი დარჩა „სერიოზული არაფერია“, - განაცხადა მან.

გაჩეჩილაძის შტაბიდან საოლქოში ცხრამეტი საჩივარი შევიდა, აქედან შვიდი მესამე უბანზე დაფიქსირდა. დარღვევები სხვადასხვა ხასიათის იყო: სხვის მიერ ხმის მიცემის ფაქტები; ყალბი ბიულეტენების ჩაყრა; სატელეფონო მუქარა კომისიის ოპოზიციურ წევრებზე; ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის წილისყრის ჩაუტარებლად; შუქის ჩაქრობა ყალბი კონვერტების დასამატებლად; საარჩევნო ყუთის გატაცება პოლიციისა და ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ; ფაქტი, როცა მიღება-ჩაბარების ოქმი ადგილზე არ შედგა; კომისიის თავმჯდომარის მიერ დანაშაულის დაფარვის ფაქტები; მათ მიერ საჩივრების რეგისტრაციაში არ გატარება; ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ საარჩევნო აგიტაცია უბნებზე; უზუსტობები თანდართულ სიებში და ასე შემდეგ. 

ოცი საჩივრიდან, რომელთაგან უბნის საარჩევნო კომისიის მიერ არცერთი იყო რეგისტრირებული, შვიდი განხილვას არ დაექვემდებარა (მათ შორის იყო ბადრი პატარკაციშვილის შტაბიდან შემოსული ერთადერთი საჩივარი, რომელზეც იურისტის განცხადებით, არც უბანია მითითებული, არც კომისიის თავმჯდომარის სახელი), რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა მარი ჩილინგარიშვილმა სხდომის დასაწყისშივე განაცხადა: „საჩივრების ერთ ნაწილს არ განვიხილავთ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი შედგენისას დარღვეულია პროცედურული საკითხები. საჩივარში დაცული არ არის საარჩევნო კოდექსის 61-ე და 62-ე მუხლები - მითითებული არ არის საჭირო დეტალები“.

მსჯელობა ხშირად ხმამაღალ შეძახილებში გადადიოდა. კომისიის წევრების მხრიდან ხშირად გაისმოდა ფრაზა: „დარღვევა არის, გეთანხმებით, მაგრამ რა გავაკეთოთ?“

მიუხედავად ამისა, საარჩევნო კომისიის წევრის - ქეთევან მიშველიძის ინიციატივით, კენჭისყრაზე დადგა მესამე უბნის შედეგების გაუქმების საკითხი.

„მესამე უბნიდან ბევრი საჩივარი შემოვიდა. შედეგების გაუქმების საკითხი კენჭისყრაზე სწორედ ამიტომ დადგა, მაგრამ გაჩეჩილაძის შტაბის უფროსს თავად არ აკმაყოფილებდა ეს გადაწყვეტილება. სხვა ზომების მიღება ჩვენ არ შეგვიძლია. საოლქო საარჩევნო კომისია არ არის სადამსჯელო ორგანო, რომ კომისიის თავმჯდომარის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილოს“, - განაცხადა ქეთევან მიშველიძემ.

„დადგა კენჭისყრაზე, მაგრამ არ დაკმაყოფილდა“, - ასე პასუხობს შეკითხვას მარი ჩილინგარიშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის უფროსი და კონსერვატიული პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ არცერთი საჩივარი საუბნო კომისიის თავმჯდომარეების მიერ არ არის რეგისტრირებული და ამას დანაშაულის დაფარვის მცდელობად მიიჩნევს.

"რატომ არ დგება კომისიის თავმჯდომარეთა პასუხისმგებლობის საკითხი?" – კითხულობს ის.

„თუკი დარღვევა ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი, რაღა საჭირო იყო საჩივრით მისი დაფიქსირება", – ასეთია იურისტის პასუხი ოლეგ სანდროშვილის შეკითხვაზე.     

თუმცა, ოლეგ სანდროშვილი არც საჩივრების საოლქო კომისიაში რეგისტრაციის შედეგითაა კმაყოფილი. მისი თქმით, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი რეაგირება არ არსებობს: „სხდომაზე უბრალოდ ჩაიკითხეს საჩივრები, არ განუხილავთ. საოლქო კომისიის მხრიდან ტენდენციური მიდგომა იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარეებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაკომპლექტებული კომისიის წევრების მიმართ. დარღვევებს სასამართლოში გავასაჩივრებთ და შედეგების გაუქმებას მოვითხოვთ“.

„თუ ვინმეს არ აკმაყოფილებს საჩივრების განხილვის შედეგები, შეუძლია სასამართლოს მიმართოს“, - აცხადებს საოლქო კომისიის წევრი ქეთევან მიშველიძე. 

ნამდვილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა ოლქში 26 369-ს შეადგენდა. აქედან 21 870 ხმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, რაც ხმათა 81,3% შეადგენს, 2 832 ხმა, ანუ ხმათა 10, 52% ლევან გაჩეჩილაძემ, შემდეგ მოდიან პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები ასეთი თანმიმდევრობით: არკადი პატარკაციშვილი, შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, გიორგი მაისაშვილი და ირინა სარიშვილი.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები