კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენ ლტოლვილ ბავშვს უცხოეთში სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

18 იანვარი, 2008
მესამე ქვეყანაში გადასვლა კი კვლავ პრობლემად რჩება

შვიდ წელზე მეტია ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მიუხედავად ამის, საზღვარგარეთ წასვლის სურვილი მათ კვლავაც აქვთ. ედრის ალხანაშვილის (ფოტო) შვილი რამდენიმე დღის წინ ერთი წლის შესრულდა. ის მძიმედ არის ავად. ბავშვს ოპერაციას თუ არ გაუკეთებენ, ის ცხოვრების ბოლომდე ინვალიდი დარჩება. ილის ხან გაზიევის მომავალი საერთაშორისო ორგანიზაციებზეა დამოკიდებული, თუმცა მათ დღემდე არ გაურკვევიათ არც ბავშვის და არც ოჯახის მომავალი.

ჩეჩენი ლტოლვილები პანკისში 1999 წელს რუსეთ-ჩეჩნეთის ომის კონფლიქტის განახლების შემდეგ ჩასახლდნენ. მაშინ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე 8 ათასი ჩეჩენი გადმოვიდა. ამ ადამიანებისთვის სამშობლოში დაბრუნება დღესაც საფრთხეს წარმოადგენს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2006 წლის გაზაფხულზე მოამზადა ანგარიში („დუმილი კლავს! ჩეჩენ ლტოლვილთა უფლებების შელახვა საქართველოში“), სადაც აღწერილია ის არასახარბიელო პირობები, რომლებშიც ჩეჩენ ლტოლვილებს პანკისში უწევთ ცხოვრება.

ცენტრის იურისტები დღესაც მუშაობენ პანკისის ხეობაში და ლტოლვილებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. ერთ-ერთი ლტოლვილი ედრის ალხანაშვილი პანკისის ხეობაში რამდენიმე წელია ცხოვრობს. როგორც ყველა ლტოლვილი, საქართველოში ის ისე ჩასახლდა, როგორც დროებით თავშესაფარში. ის მესამე, მიმღებ ქვეყანაში გადასვლას ელოდებოდა. მესამე ქვეყნებში გადაყვანას  კი გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი უზრუნველყოფს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნინო ადრიაშვილი ბატონ ალხანაშვილს პირველად 2007 წლის ნოემბერში შეხვდა:

„პანკისში ჩეჩენ ლტოლვილებს კონსულტაციებს ვუწევდით. კონსულტაციაზე ედრის ალხანაშვილიც მოვიდა.  საქართველოს კანონმდებლობა ლტოლვილს არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა დატოვოს.  ამიტომ მან რამდენიმე თვის წინ ლტოლვილთა კომისარიატს მიმართა. ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ლტოლვილებს მესამე ქვეყანაში გადასვლაში ეხმარება. ედრის ალხანაშვილმა წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, კომისარიატში გასაუბრებაზეც დაიბარეს, თუმცა პასუხი არ მიუღია. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. შემდეგ მან იქორწინა. ბავშვი შეეძინა, რომლეიც ოპერაციას საჭიროებდა. ბავშვს არ გააჩნია მუცლის პრესი და დღემდე ინავალიდად რჩება. ედრისმა მიმართა ორგანიზაციას „თაგი“. ეს ორგანიზაცია ეუთოს დაფინანსებით ფუნქციონირებს და ჩეჩენ ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებას უწევს.

ედრის ალხანაშვილის ვაჟს, ილის ხან გაზიევს, რამდენიმე დღეა, რაც ერთი წელი შეუსრულდა. როგორ ცენტრის იურისტი გვიყვება, ბავშვი „თაგში“ კონსულტაციებს კი გადის, მაგრამ როგორც გაირკვა, მას ისეთი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ კეთდება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ეს ოპერაცია არ გაუკეთდება, ის სამუდამოდ ინვალიდად დარჩება. „თაგის“ ექიმმა შესაბამისი რეკომენდაციები და ედრისის დოკუმენტაცია ლტოლვილთა კომისარიატს გადაუგზავნა. მაგრამ ედრისმა ისევ უარი მიიღო, კომისარიატის თქმით, მიმღებმა ქვეყანამ უარი განაცხადა მათ მიღებაზე. მიზეზი არავის განუმარტავს, ინფორმაცია ედრისს ზეპირად გადასცეს. მას ეს ლტოლვილთა კომისარიატის წარმომადგენელმა უთხრა.

როგორც გაირკვა, ეს ინფორმაცია ექიმმა გლუკს (ლტოლვილთა კომისარიატს) გადაუგზავნა. მაგრამ საქმე უკვე 3-4 თვე გრძელდება და რეაგირება არ მოჰყოლია.

ნინო ანდრიაშვილი: „კომისარიატი საქართველოში მოვლენილია იმისთვის, რომ დაიცვას ლტოლვილთა ინტერესები და შეასრულოს ის მიზნები, რომლებიც გაწერილია მის დებულებაში. კომისარიატი ამ მისიას სათანადოდ არ ასრულებს. გარდა ამისა, ბევრმა ლტოლვილმა მითხრა, რომ უამრავი საქმე „დაიბლოკა“, ხოლო მათ ნაცვლად გაუშვეს ისინი, ვინც ფული გადაიხადა“.

ედრის ალხანაშვილის თქმით, წასვლა მას ჯერ კიდევ სამი წლის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ არ გაუშვეს.

„მაშინ ინტერვიუებიც ჩაწერეს და საბუთებიც თითქმის მომზადებული გვქონდა. ამერიკელი ანდრეა იყო, ის ყველანაირად გვეხმარებოდა, გვეუბნებოდა, რომ საქმე კარგად გვქონდა. ცოტაც უნდა მოგვეთმინა. წავიდა თუ არა, საქმეც მიიჩქმალა.

2006 წლის დეკემბერში ბავშვი გაგვიჩნდა, გვინდოდა მესამე ქვეყანაში გადაგვეყვანა, რადგან მძიმედ იყო დაავადებული. ექიმები ამბობდნენ, რომ ოპერაცია თუ არ გაკეთდებოდა, ინვალიდად დარჩებოდა. მივმართეთ ახმეტაში გაეროს ლთოლვილთა კომისარიატის რეგიონულ ოფისს. იქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გადახედავენ ბავშვის საქმეს, მეტი არაფერი. საბოლოოდ, ისე გაგვისტუმრეს, რომ არაფრით დაგვეხმარნენ.

ის ოთხი ადამიანი, რომელიც ახმეტაში მუშაობს, რაც უნდა იმას აკეთებს. 3 წლის წინ უკვე უნდა წავსულვიყავით, თუმცა, დღემდე აქ ვართ. ამიტომაც მგონია, რომ ჩვენს ნაცვლად სხვები წავიდენ. ადრეც ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩეჩნების ნაცვლად, მათი გვარების გამოყენებით სხვა ადამიანებს უშვებენ უცხოეთში“.

ედრის ალხანაშვილი დარწმუნებულია, რომ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ახმეტის ოფისში კორუფციაა. მისი ინფორმაციით, მესამე ქვეყანაში ისეთი ადამიანები გაუშვეს, რომლებიც ლტოლვილები საერთოდ არ არიან.

მარინა ცაგარეიშვილი ედრის ალხანაშვილის მცირეწლოვანი შვილის ერთ-ერთი მკურნალი ექიმია. ქალბატონი მარინა ადასტურებს ბავშვის უცხოეთში გამგზავრების და იქ მკურნალობის აუცილებლობას. ასეთი ტიპის ოპერაციებს მხოლოდ ორ ქვეყანაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აკეთებენ. ეს ინფორმაცია მან მართლაც გადასცა გლუკს.
 
„ბავშვს პრუნებელი სინდრომი აქვს. მას არ გააჩნია მუცლის წინა კუნთები. ამიტომ მუცლის დამჭერ ბანდაჟებს ხმარობს. ჩვენ მისთვის ფაფებს ვყიდულობთ, რადგან მძიმე საკვებს ის არ ჭამს. ბავშვი მუდმივი კონტროლის ქვეშ არის ახმეტის საავადმყოფოშიც და თბილისშიც, სხვადასხვა კლინიკებში. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ის საზღვარგარეთ ცხოვრობდეს, სადაც უკეთესი პირობებია“.

ექიმ მარინა ცაგარეიშვილის თქმით, გაეროც და „თაგიც“ დაინტერესებულები არიან, რომ ბავშვს საზღვარგარეთ უმკურნალონ.

ედრის ალხანაშვილთან და მარინა ცაგარეიშვილთან საუბრის შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გლუკის მიმართ უამრავი შეკითხვა გაუჩნდა. რატომ ვერ მოხერხდა ამ ადამიანის გაშვება, თუკი ის უკვე სამი წლის მანძილზე ითხოვს ამას? მით უმეტეს, ექიმი აცხადებს, რომ ორგანიზაცია მის გაშვებაში დაინტერესებულია. როგორ აპირებს ორგანიზაცია ბავშვის მკურნალობას? რატომ გაუჩნდათ ლტოლვილებს ეჭვი ადგილობრივი ფილიალის კეთილსინდისიერად მუშაობაში? და უამრავი სხვა შეკითხვა, რომლებზეც პასუხი, სამწუხაროდ, ვერ მოვიძიეთ.

 ჩვენ შევძელით მხოლოდ გლუკის წარმომადგენელთან, კონსულტანტ, ნატალია კრუტოვსკაიასთან დაკავშირება.

ორგანიზაციის კონსულტანტის თქმით, პანკისის ხეობაში ლტოლვილებს შორის ორგანიზაციამ გამოკითხვა ჩაატარა და მათ საქმეებს გადახედა. უახლოეს დღეებში ედრის ალხანაშვილს გადაეცემა წერილი, რომელში მისი გადაყვანა-არგადაყვანის გადაწყვეტილებას აცნობებენ. ორგანიზაციისთვის ცნობილია მისი ბავშვის ავადმყოფობის შესახებაც.

ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ნატალია კრუტოვსკაიამ მოგვაწოდა. როგორც ხედავთ, კითხვებზე პასუხი ქალბატონი ნატალიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის. ყველა კომპეტენტური პირი, რომელსაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია, საქმეებით არის დაკავებული, გარდა ამისა, თურმე, ყველა ჩვენ კითხვაზე პასუხი უკვე არის გაცემული გლუკის ბიულეტენში „თავშესაფარი“, მან სწორედ ამ ბიულეტენში განთავსებული სტატიის წაკითხვა გვირჩია.
 
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ლტოლვილთა დაცვის საქმემ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ამ ქვეყანაში ლტოლვილებისთვის დროებითი ბინადრობის მოწმობების გაცემამ და მათი სამართლებრივი სტატუსის გაძლიერებამ ადგილობრივი ინტეგრაციისთვის სამართლებრივი გარემო გააუმჯობესა. ეს ცვლილებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა  ტრადიციულად მიმღები ქვეყნებისთვის და ამ და სხვა ფაქტორებმა საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების გადასახლების პოლიტიკა გაამკაცრა. ამ მოვლენებმა გამოიწვია გლუკის დამოკიდებულების შეცვლა.

პოტენციურ მიმღებ ქვეყნებში მომავალში მხოლოდ ის საქმეები განიხილება და გაიგზავნება, რომლებსაც გადასახლებისთვის უტყუარი საფუძველი ექნება. საქართველოში ინტეგრაციის პერსპექტივის არარსებობა აღარ წარმოადგენს გადასახლების საფუძველს და პანკისის ხეობაში უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებასთან დაკავშირებით გადასახლებისთვის მხოლოდ სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საქმეები იქნება განსაზღვრული“, - წერია გაეროს ასოციაციის და გაეროს უმაღლესი კომისარიატის ბიულეტენში.

ამავე პუბლიკაციაში გლუკის თბილისის ოფისის იურიდიული სამსახურის უფროსი აღნიშნავს: „ლტოლვილებს კეთილსინდისიერად და ცხადად უნდა ეცნობოთ მათი მომავალი შესაძლებლობობების შესახებ და გლუკს ამ საკითხთან დაკავშირებით გამჭვირვალე მიდგომა აქვს“.

შეესაბამება თუ არა ედრის ალხანაშვილის საქმე გამკაცრებულ კრიტერიუმებს? ლტოლვილების სამართლებრივი სტატუსი კი გაძლიერდა, თუმცა სოციალური პირობები კვლევაც უცვლელი რჩება. რატომ ხდება ეს მიმღები ქვეყნებისთვის საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ ჩეჩენი ლტოლვილები აღარ მიიღონ? თუ გლუკის პოზიცია ასეთია: გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად აცნონ ლტოლვილებს მათი მომავლის შესახებ, რატომ არ გაარკვიეს ამდენი ხნის მანძილზე, ერთი ოჯახის ბედ-იღბალი? უცნაურია ასევე ექიმის მოსაზრება მესამე ქვეყნების მიერ ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით, ანუ, რაც უფრო რთული შემთხვევაა, მით უფრო რთულად იღებენ. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ედრის ალხანაშვილის ოჯახს არ მიიღებენ, ბავშვს კი ოპერაციას არ გაუკეთებენ?

იმედია, მომავალში „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მოძიება არა ბიულეტენში, არამედ გლუკის წარმომადგენლებთან საუბარში შეეძლება.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები