კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვანთა სევდიანი დღესასწაული

18 იანვარი, 2008
ამ დაწესებულებაში 26 მოზარდი ცხოვრობს. ყველა მათგანს დიდი ადამიანივით  დამძიმებული თავგადასავალი და თანატოლივით ბავშვური მისწრაფებები აქვს. შობა-ახალ წელს მოკრძალებულად და შეძლებისდაგვარად მხიარულად შეხვდნენ და ახლა ნათლისღების  დღესასწაულისთვის ემზადებიან. ესაა ოღონდ, 19 იანვარს ვერც ნათლიებთან წავლენ სტუმრად და არც სულიერი მშობლები ესტუმრებიან. აქ წესრიგი უპირველესია - ისინი არასრულწლოვანთა სპეცსკოლის აღსაზრდელები არიან.

განათლების სამინისტროს სამტრედიის სპეციალური სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვებს თავიანთი სამყარო აქვთ, რომელიც დანარჩენი სამყაროსგან რადიკალურად განსხვავდება. იქ მისული ყველა სტუმარი უმალ ამ სამყაროში ხვდება და შესაბამისად, განწყობაც მძიმდება. მიუხედავად იმისა, რომ აქ მათ მიერ ჩადენილ სხვადასხვა  დანაშაულზე გიყვებიან, ვერცერთ ბავშვს დამნაშავედ ვერ აღიქვამ და თითოეულ მათგანში გამოსწორებულ ზრდასრულს ხედავ.

- მე მეზობელი ვცემე, ფული მოვიპარე და გავიქეცი. მერე დამაკავეს და აქ მომიყვანეს...

- მე გაუპატიურებაში მამხილეს. დანაშაულის დაფიცვა არც მიცდია, ყველაფერი ვაღიარე...

- საკუთარ ოჯახს გამოვექეცი და ძალიან ცუდი საქციელი ჩავიდინე. დღეს კოშმარივით მახსენდება ის დღეები და მინდა ყველაფერი დავივიწყო - ეს ბიჭების "აღიარებებია"  რომელსაც ხშირად არ ყვებიან.

"არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. არ მსიამოვნებს, როცა მახსენდება, ცუდ საქციელს როგორ ჩავდიოდი და კაცობაში ვიჭრებოდი,"- ამბობს 12 წლის გიორგი და არ მალავს, რომ „კაცობა“ და წესიერად ცხოვრება აქ ისწავლა, გია მეიშვილისგან. იგი სპეცსკოლის დირექტორია და ბიჭებთან, როგორც თავად ამბობს, თანატოლივით მეგობრობს.

ორიოდ წლის წინ, როცა გიორგი მეიშვილი სამტრედიის სპეცსკოლის დირექტორად მივიდა, სკოლაში ალაყაფის კარი ჩამოიხსნა. მავთულხლართებისგან გათავისუფლდა ღობეც და ბარიერი აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს შორის შესაბამისად გაქრა.
 

"ჩვენ ძმაკაცები ვართ. ვმეგობრობთ და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ. ადრე სხვა დამოკიდებულება იყო. ბიჭებიც გაღიზიანებული ჩანდნენ. მერე დავძმაკაცდით და ასე მოვდივართ დღემდე. ერთხელაც სკოლიდან გაიპარნენ. მთელი დღე ვეძებდი და როგორც იქნა, ვიპოვე. ვუთხარი, მეგონა ვძმაკაცობდით, მე თქვენს სადღეგრძელოებს დიდ სუფრებზე ვსვამ, მეამაყებით და ეს რატომ გამიკეთეთ-თქო. იცით, რა მიპასუხეს? ჩვენ საღამოს დავბრუნდებოდით. უბრალოდ, გვაინტერესებდა, რა რეაქცია გექნებოდათ, დაგვსჯიდით თუ მეგობრებად დავრჩებოდითო,"- ყვება ბატონი გია.
 

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებს საკმაოდ მძიმე ბავშვობა აქვთ, ამ დღეებში განწყობა მაინც სადღესასწაულოა. სჯერათ, რომ ახალი წელი ყველაფერს ახალს და საუკეთესოს მოიტანს. როცა მათი ასაკი სპეცსკოლის აღსაზრდელთა ასაკს, 14 წელს გადააჭარბებს, კვლავ დაწესებულების მიღმა დარჩენილ ცხოვრებას დაუბრუნდებიან და ყველაფერს იღონებენ, რომ "კაცურად იცხოვრონ."

"ცოლს მოვიყვან, ოჯახს შევქმნი და შვილებს ვასწავლი, რომ კი არ უნდა მოიპარონ, კაცურად იცხოვრონ და რაც ექნებათ, იმას დასჯერდნენ. ხელობას დავეუფლები და ფულს შრომით ვიშოვი. ხანდახან აქაც მოვალ და უფროს მეგობრებს მოვინახულებ,"- ამბობს გიგა, რომელიც ჯერ 11 წლისაა, მანერები კი, აშკარად დიდის აქვს.

სამტრედიის არასრულწლოვანთა სპეცსკოლა ერთადერთია საქართველოში, სადაც არასრულწლოვანთა კომისიის მიერ აღრიცხვაზე აყვანილი, დანაშაულის ჩამდენი, 11-დან 14-წლამდე ასაკის ბავშვები ირიცხებიან. ისინი სკოლაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანეს და ახლა ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ. სწავლობენ საქართველოს ისტორიას, კომპიუტერს და ბავშვთა  უფლებებს. აქვთ თავისუფალი დროც, რომელსაც შეძლებისდაგვარად საინტერესოდ ატარებენ. თამაშობენ ფეხბურთს, ჭადრაკს და ხანდახან დიდობანასაც. კაცურ ფეხსაცმელებს ირგებენ, სამხედრო ქუდს იხურავენ და ჯარისკაცებად გარდაისახებიან.
ქართველი ბიჭები სამშობლოს საზღვრის დაცვაზე ოცნებობენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები