14:45, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანებით ვაჭრობა აქტუალურ პრობლემად რჩება

21.01.2008
ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, დღესაც ტრეფიკინგზე საუბარი აუცილებელია. სწორედ ამიტომ, 17 იანვარს სახალხო დამცველის ოფისში ამ პრობლემის განსახილველად შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარე, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის, თქმით, ტრეფიკინგის აღმოფხვრის სფეროში, გარკვეულ წარმატებას საქართველომ უკვე მიაღწია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. პრობლემის გათვითცნობიერებაში მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების მონაწილეობა.

საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მას შემდეგ მიაღწია, რაც ტრეფიკინგთან ბრძოლის კანონი  მიიღო. შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს, ძირითადად, შეადგენენ ის უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების, ომბუდსმენის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ტრეფიკინგს ებრძვიან. საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორი თავმჯდომარეობს.

საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 3 თვეში ერთხელ იმართება, ის მიმართულებები განიხილება, რომლებზეც მომავალში ყველა უწყება იმუშავებს.

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებეთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მდივნის, ქეთი ხუციშვილის თქმით, ეს ასევე კარგი ფორუმია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა წარმოადგინონ საკუთარი საქმიანობა, მოახდინონ ამ საქმიანობის სამთავრობო სტრუქტურებთან კოორდინირება, დაზოგონ საკუთარი რესურსები, და შეამსუბუქონ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა.

„საბჭო პრევენციული ხასიათის ღონისძიებებსაც ატარებს. ამ ტიპის შეხვედრებით ვცდილობთ საზოგადოების ფართო ფენებს ამ დანაშაულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილია ყველა ის ძირითადი დოკუმენტი, რომელთა მეშვეობით ხდება მსხვერპლთა დახმარება, იდენტიფიცირება და საბოლოო ჯამში, საზოგადოებასთან რეინტეგრაცია“.

ქეთი ხუციშვილი საუბრობს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე. მათ შორის არის მოსაზრება, თითქოს ამ დანაშაულს შეიძლება ემსხვერპლოს მხოლოდ  ახალგაზრდა, გამოუცდელი, ხშირ შემთხვევაში, ქალი. არასწორია მოსაზრებაც, რომ ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლი მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ ხდება. თუმცა პრაქტიკა საპირისპიროს აჩვენებს. „მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერ ადგილას, საკუთარ სოფელშიც კი“.

საბჭოს მდივნის თქმით, ჩვენი კანონმდებლობა მსოფლიო ქვეყნებს შორის ყველაზე დახვეწილია. ტრეფიკერად ისიც ითვლება, ვინც ტრეფიკინგში მყოფი ადამიანის შრომით ერთხელ მაინც ისარგებლა. საქართველოს კანონმდებლობით, ტრეფიკინგის მსხვერპლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ამიტომ ბევრი ცდილობს თავი ტრეფიკინგის მსხვერპლად გამოიყვანოს.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარეს, მარი მესხის თქმით, საქართველოში საკანონმდებლო პრობლემები არ არის, არსებობს მხოლოდ  ტექნიკური და ყოფითი სიძნელეები: „2006 წლის ივლისში მიღებული კანონით პრობლემების უმეტესობა, რომლებიც საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლისას ჩნდებოდა, დარეგულირდა. შეიქმნა პრიორიტეტების განმსაზღვრელი საბჭო, ფონდი, რომელიც იცავს ტრეფიკინგის მსხვერპლებს, მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც მსხვერპლს სტატუსს ანიჭებს.  სწორედ ამიტომ შარშან საქართველო პირველ კალათაში გადაიყვანეს. პირველ კალათაში კი ისეთი ქვეყნები გადაჰყავთ, რომლებმაც გააძლიერეს პრევენციული ზომები, მსხვერპლების დაცვა და ა.შ.“

ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდი 2006 წელს შეიქმნა. იმისათვის, რომ ადამიანი ამ ფონდის დახმარებით სარგებლობდეს, აუცილებელია, მას ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭოს. ფონდში სამართლებრივ, სამედიცინო, ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევენ. ფუნქციონირებს ცხელი გაზი და ხორციელდება სატელეფონო კონსულტაციები.

„მსხვერპლს, თავშესაფრის დატოვებისას 1000 ლარი ეძლევა. სოცმუშაკი ურჩევს, როგორ განკარგოს ეს ფული. მას შემდეგ, რაც მსხვერპლი დატოვებს თავშესაფარს, მასთან სარეაბილიტაციო პოლიტიკა გვაქვს. სოციალური მუშაკი მსხვერპლთან 12 თვის მანძილზე მუშაობს. თუმცა ეს შეხვედრები ხშირი არ არის, ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ მის ცხოვრებაში. სარეაბილიტაციო პოლიტიკა ბოლო დოკუმენტია, რომელიც საბჭომ მიიღო. ადრე ისეთი შემთხვევებიც გვქონდა, როდესაც ადამიანები თავშესაფარში 9 თვის მანძილზე ცხოვრობდნენ, რადგან სარეაბილიტაციო პოლიტიკა არ არსებობდა, ქუჩაში კი ვერ ვყრიდით.

მარკ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა დღეს უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზუსტად განვსაზღვროთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ტრეფინგის შემთხვევაში მსხვერპლის მიმართ არის განსახორციელებელი. ამ კანონების პრაქტიკული გამოყენება მაინც დასახვეწია, თუმცა წინა წლებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

ადამიანის ტრეფიკინგში ჩაბმის ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა. სწორედ სამსახურის პოვნის მიზნით ადამიანები ტრეფიკერების  ხელში აღმოჩნდებიან ხოლმე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პოტენციური მსხვერპლები უცხოეთში არალეგალურად მიემგზავრებიან. მარკ ჰულსტის თქმით, ევროკავშირში, სამომავლოდ, მუშახელის ნაკლებობას ელიან, ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ბევრს ფიქრობენ.

„ზოგ სექტორში უკვე დაიწყეს იმაზე მუშაობა, რომ შრომის ბაზარი უფრო ღია გახდეს. იმ მესამე ქვეყნების სიაში, საიდანაც ელოდებიან  მუშახელის შემოდინებას, ევროკავშირმა შექმნა პროგრამა „ცილკულარული მიგრაცია“. მაგალითად, პიროვნება  ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ჩადის. იქ კონტრაქტის საფუძველზე 2-3 წელი დარჩება. მერე საქართველოში დაბრუნდება. შემდეგ მას ისევ შეეძლება იმავე ადგილას ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში სამუშაოდ ჩასვლა. ამაზე შედგენილია დოკუმენტები. მოსალოდნელია პილოტური ფაზის დაწყებაც და ის  ქვეყნებიც დასახელდება, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში მუშახელი სამუშაოდ ჩავა. ამ ქვეყნების სიაში 2007 ივლისში საქართველოც შედიოდა. თუმცა ბოლოს ის სიიდან ამოვარდა. ვფიქრობთ, მიზეზი,  ნოემბრის მოვლენებია, რომლებმაც იმოქმედეს მათ გადაწყვეტილებაზე. 2008 წლის ივნისში განხილვის მეორე რაუნდი იქნება. იმედი გვაქვს, საქართველო მაშინ მაინც მოხვდება საცდელი ქვეყნების სიაში.

შეხვედრაზე ბევრს საუბრობდნენ სხვადასხვა რელიგიის როლზე სოციალური, მათ შორის კი ტრეფიკინგის, მოგვარების საკითხებში. ამასთან დაკავშირებით რელიგიათა საბჭო ერთიან სოციალურ კონცეფციაზე მუშაობს.

ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტის, ბექა მინდიაშვილის თქმით, ეს არის ერთგვარად უნიკალური დოკუმენტი, რადგან ყველა რელიგიურ გაერთიანებას აქვს საკუთარი სოციალური კონცეფცია. ამ დოკუმენტში იქნება ასახული, თუ რა პოტენციალი აქვს რელიგიას სოციალური პრობლემების მოგვარებისას, როგორ შეუძლია მხარში ამოუდგეს სახელმწიფოს და საზოგადოებას. შემუშავდება რეკომენდაციები, რომელთა ადრესატებიც სახელმწიფო და მედია იქნება.

კონცეფციის საზოგადოებაში დანერგვა სხვადასხვაგვარად მოხდება. რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ ინფორმაცია თავიანთ მრევლში გაავრცელონ. რელიგიური უმცირესობები კი საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 12 პროცენტს შეადგენენ. ყველა რელიგიას საკუთარი მრევლი ჰყავს, კონცეფციის დანერგვა ასევე ხელისუფლებასთან და მედიასთან თანამშრომლობით შეიძლება. მთავარი ის არის, რომ სოციალური პრობლემების გადაწყვეტას არ შეუშლის არც რელიგიური, არც პარტიული განსხვავებები. არსებობს სურვილი, რომ ამ მიმართულებით საპატრიარქოც გააქტიურდეს.

ნონა სუვარიანი, თბილისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC