კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფასო სასადილოს ,,სტუმრები”

21 იანვარი, 2008
გაზრდილი პენსია სოციალურად დაუცველ ადამიანებს მდგომარეობას ვერ უმსუბუქებს. ბევრი მათგანი კვლავ უფასო სასადილოს იმედზეა. მცირე ბიუჯეტის გამო კი უმწეოთა სასადილოში ადგილები შეზღუდულია.

 რამდენიმე წელია, ახალციხეში არსებულ უფასო სასადილოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ყოველდღე სტუმრობენ. სადილი ორ საათზე იწყება. მოხუცებს მოყინულ ქუჩებში სიარული უჭირთ, ამიტომ სახლიდან ადრე გადიან და კუთვნილი კერძის მისაღებად რიგს იკავებენ. სიცივისაგან აკანკალებულები სასადილოს ახალი წლის დღეებშიც აკითხავდნენ, თუმცა უშედეგოდ, რადგან მუშაობა მხოლოდ 6 იანვრიდან განახლდა.

ციცო მურვანიძე წლების განმავლობაში ახალციხის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. გასულ წელს სამსახურის გარეშე დარჩა. მას გულის დაავადება აწუხებს, მეუღლე არ ჰყავს. მისი შემოსავალი მხოლოდ ინვალიდობის პენსია - 55 ლარია. ყოფილი პედაგოგი სასადილოში პირველი მიდის. საჭმელს შინ მისი ერთადერთი, მეცხრეკლასელი ქალიშვილიც ელოდება.  

„1984 წლიდან ვმუშაობდი. ახლა მხოლოდ პენსიის იმედად ვარ. ჩვენ ვყოფნით პენსიას! სასადილო რომ არ იყოს, არ ვიცი, რა გვეშველებოდა“, - ამბობს ციცო მურვანიძე.  

73 წლის ასია ინჯოიანი რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობს. გაზრდილი პენსია პროდუქტების საყიდლად არ ჰყოფნის, ამიტომ სიცივისა და მოყინული გზის მიუხედავად, საჭმლის წასაღებად სასადილოს აკითხავს: „საიდან სად გადმოვდივარ. შიშით გული მისკდება, ფეხი არ ამიცურდეს და არ დავეცე. გამიხარდა პენსიის მომატება, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა და 55 ლარი რამდენ რამეს გასწვდება?“

სასადილოს სტუმარია 78 წლის კარლო ქაფიანიძეც, რომალსაც საკუთარი ბინა არ აქვს და ნაქირავებში ცხოვრობს. „უფასო კვება დიდი შეღავათია“, - ამბობს მოხუცი.

სასადილოში 170 ადამიანი იკვებება. მათ შვიდი თანამშრომელი ემსახურება. არიან მოხუცები, რომელთაც სიარული არ შეუძლიათ. მათთვის საჭმელი შინ მიაქვთ.

„აქ ისეთები მოდიან, რომელთაც მართლა უჭირთ“, - ამბობს უფასო სასადილოს თანამშრომელი მარინა მექოშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს საუკეთესო კვება აქვთ, ამიტომ უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ: „კვება ერთჯერადია, მაგრამ სამნაირ საჭმელს ვამზადებთ. კვირაში ორჯერ ხორციანი კერძიც გვაქვს. ახალ წელს მოხუცები საჩუქრების გარეშე არასოდეს დაგვიტოვებია, მაგრამ წელს ვერ მოხერხდა. ალბათ, ძველი ახალი წლისთვის პროდუქტები გადაეცემათ“.

სასადილოს „სტუმრები“ საახალწლო საჩუქარს მართლაც ელოდებიან. თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის შალვა დალალიშვილის თქმით, ეს ვერ მოხერხდება: „ბიუჯეტი საჩუქრების გაცემის საშუალებას არ გვაძლევს“.

სასადილოში გათბობა არ არის. მოხუცები გათოშილ ხელებს მორიგეობით ითბობენ ელექტროღუმელთან. სასადილოში ჭამას კი საჭმლის შინ წაღება ურჩევნიათ.
 
მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გვპირდება, რომ გათბობის პრობლემა უახლოეს ხანში მოგვარდება.

უფასო სასადილოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50-60 ათასი ლარი გამოიყოფა. თითოეული ადამიანის კვებისთვის დღეში 60 თეთრია განსაზღვრული.

„თითოეულ მოქალაქეზე დღეში ერთი ლარია გათვალისწინებული. მაგრამ მასში თანამშრომლების ხელფასიც შედის. ფქვილს, ზეთს, მარილსა და ლობიოს მსოფლიო სასურსათო პროგრამა გვაწვდის და ამიტომ იოლად გავდივართ“, - ამბობს სასადილოს უფროსი ციალა შავაძე.

მისი თქმით, სასადილოში კვების მსურველი ბევრია, თუმცა მათ მხოლოდ ოჯახური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იღებენ: „ადრე არ ვინტერესდებოდით ოჯახური მდგომარეობით. 2007 წლის პირველი იანვრიდან კი გადამოწმება დავიწყეთ, რის შედეგადაც ისეთი ადამიანები დარჩნენ, რომელთაც მართლა ესაჭიროებათ დახმარება“.

მიუხედავად იმისა, რომ პენსია გაიზარდა, სასადილოში კვების მსურველი მაინც ბევრია, თუმცა ადგილები შეზღუდულია.

„ბიუჯეტი საშუალებას არ გვაძლევს, რომ რაოდენობა გავზარდოთ“, - ამბობს შალვა დალალიშვილი.
 
ვიდრე საქართველოში სიღარიბის დაძლევის ეფექტური პროგრამები ამუშავდება, ან პენსია საკვები პროდუქტების შესაძენად საკმარისი იქნება, მოხუცების ერთადერთ იმედად კვლავ უფასო სასადილო რჩება.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები