კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოში ამომრჩეველი ხმას 13 წამში აძლევდა

23 იანვარი, 2008

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ  5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში უამრავი დარღვევაა დაფიქსირებული. ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლა და ოქმების შედგენა შეჯამდა როგორც „ცუდი“, ან „ძალიან ცუდი“. დამკვირვებელთა მისიის წევრების თქმით, მათ თვითონ ნახეს, შემაჯამებელი ოქმების ფალსიფიცირების ფაქტები და სხვა დარღვევები. მისიის შეფასებით, საოლქო – საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა, საჩივრების განხილვაზე უარი, დამაჯერებელი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განაცხადეს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი შეფასება არჩევნების დასრულებისთანავე გამოაცხადა.

მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ პროცესი ,,არსებითად შეესაბამებოდა ეუთოსა და ევროსაბჭოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებს, მაგრამ გამოვლინდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა გადაჭრა სასწრაფოდ უნდა მოხდეს”.

მოხსენებაში დამკვირვებლები ასევე აღნიშნავდნენ, რომ არჩევნების საბოლოო შეფასება ნაწილობრივ დამოკიდებული იყო ხმების სწორად დათვლაზე, საჩივრების განხილვასა და დარღვევების გამოძიებაზე.

6-18 იანვრის შუალედურ დასკვნაში მითითებულია, რომ არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ხმების დათვლის პროცესსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთა შედგენას, ქვეყნის მასშტაბით 180 საუბნო საარჩევნო კომისიაში დააკვირდა. ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვების შედეგად, 23% შეფასდა როგორც „ცუდი“ ან „ძალიან ცუდი“. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებისას 8 პროცენტი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შესწორებაზე მოდიოდა. ხმების დათვლისას 21 პროცენტი კი – პროცედურულ შეცდომებსა და ხარვეზებზე.

არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საოლქო-საარჩევნო კომისიის დონეზე ხმების დათვლის პროცესი შეაფასეს როგორც ნელი, არა სათანადოდ ორგანიზებული და ხშირად ქაოსური. ხმების დათვლისას ზოგიერთ საუბნო საარჩევნო კომისიაში ისინი დაძაბული ატმოსფეროს არსებობაზე მიუთითებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიისთვის მიწოდებული ოქმები, განსხვავდებოდა საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ მიწოდებული ოქმებისგან.

იყო შემთხვევებიც, როდესაც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა შეასწორეს საუბნო-საარჩევნო კომისიის ოქმები, ეს ხდებოდა იმის მიუხედავად, რომ კანონი ცალსახად არ ითვალისწინებს საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ, საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებში ცვლილებების შეტანას და საარჩევნო კოდექსის თანახმად, საოლქო კომისიებს შეზღუდული როლი აქვთ ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესში.

უცხოელი დამკვირვებლების შეფასებით, ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ დაფიქსირებულია ამომრჩეველთა უჩვეულოდ დიდი აქტივობა განსაკუთრებით კენჭისყრის ბოლო საათებში.

„ცესკომ გამოაცხადა, რომ კენჭისყრაში ამომრჩეველთა 56,19 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა მონაწილეობა საშუალოს გაცილებით აღემატებოდა. 23 საუბნო-საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა 100 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა..

ცესკოს მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მონაცემების მიხედვით, საგარეჯოში, #36 საარჩევნო უბანში 822 ამომრჩეველმა მისცა ხმა კენჭისყრის ბოლო სამი საათის განმავლობაში, ანუ ერთმა ამომრჩეველმა 13 წამში შეძლო ყველა პროცედურის გავლა“, - მოცემულია დასკვნაში.

ეუთოს დასკვნაში საუბარია დამატებით სიაში ამომრჩევლების დარღვევებით შეყვანასა და ამ ხმების დათვლაზეც: „დათვლა მიმდინარეობდა ქაოსის პირობებში და დამთვლელები არ იყენებდნენ ერთიან პროცედურას; განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბიულეტენების ნამდვილობის დადგენას ეხებოდა“.

დასკვნაში მოცემულია ისიც, რომ საოლქო-საარჩევნო კომისებში, რამდენიმე საუბნო-საარჩევნო კომისიიდან შემოსული ბიულეტენების დიდი რაოდენობა იდენტურად იყო შევსებული, რაც უკანონო ქმედების ჩადენის ეჭვს აღძრავდა.

შუალედურ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე და სასამართლოები - ბოლომდე და ადეკვატურად არ იხილავდნენ და არ იძიებდნენ ბევრ საჩივარს, რომლებიც ხმის მიცემისას, ხმებისა და არჩევნების შედეგების დათვლასთან დაკავშირებულ აღმოჩენილ დარღვევებს შეეხებოდა. ზოგიერთი საჩივარი შეიცავდა სერიოზულ ბრალდებებს  ხმის მრავალჯერადად მიცემასთან,  ბიულეტენების ჩაყრასა და ოქმების შესწორებასთან დაკავშირებით. საჩივრებით ბევრი საუბნო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილად გამოცხადებას მოითხოვდნენ. ამ საჩივართა დიდი ნაწილი ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს, მმართველი პარტიის მიერ კი, არც ერთი საჩივარი არ შესულა.

„აშკარად თავს არიდებდნენ საჩივრების საფუძლიანად განხილვას. ეუთოს  სადამკვირვებლო მისიამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, ადგილობრივი ადმინისტრაცია და სასამართლოები არ უქმნიდნენ დამკვირვებლებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს იმის მოტივაციას, რომ შეეტანათ საჩივრები ან კიდევ აქეზებდნენ მათ, ისინი უკან გაეტანათ.
არჩევნების დღის შემდეგ საქალაქო და რაიონული სასამართლოების 30-მდე გადაწყვეტილება, რომელთა მიხედვით მოსარჩელეს უარი ეთქვა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების კანჭისყრის შედეგების ოქმების გაბათილებაზე, გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოებში. ეს საჩივრები ან არ დაკმაყოფილდა, ან მოსარჩელეს უარი ეთქვა განხილვაზე, რაც არაადეკვატურია“, - აღნიშნულია დასკვნაში.

სადამკვირვებლო მისიის დასკვნას გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

„სადამკვირვებლო მისიის შუალედურ დასკვნაში დაფიქსირებულია ყველა ის დარღვევა, რომლებზეც ოპოზიცია მიუთითებდა. დასკვნაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა, საჩივრები პრაქტიკულად არ განიხილეს. მოყვანილია ფაქტები, რომლებიც, ჩემი აზრით, აყენებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს კონკრეტულად ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების მიმართ“, - განაცხადა ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის აზრით კი, სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მწვავე იქნება.

ოპოზიციის ლიდერების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში დავით ბაქრაძე, რომელიც საარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელი იყო.

„სადამკვირვებლო მისიის შუალედური დასკვნა არ აკეთებს პოლიტიკურ შეფასებას, იგი იმეორებს პირველ შეფასებას, რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში დაკონკრეტებულია ყველა ის ტექნიკური შენიშვნა, რომლებიც წინა დასკვნაში იყო ასახული და რომლებიც არჩევნების ანალიზის შედეგად გამოვლინდა. ჩვენ ამ ტექნიკურ შეცდომებზე ვმუშაობთ და მათ გამოსწორებასაც ვაპირებთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ის არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდეს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საბოლოო, სრულყოფილ ანგარიშს თებერვალში გამოაქვეყნებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი.

ახალი ამბები