კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომი სკამებისათვის და იგნორირებული ხალხი

23 იანვარი, 2008

საქართველოში გუბერნატორების უმრავლესობა უახლოეს დღეებში შეიცვლება. ასეთია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ცვლილებები იქნება ადგილობრივ ხელისუფლებაშიც.

საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ხელისუფლება ღიად რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალაპარაკდა.

„განახლების მიზანია, ხელისუფლებაში მუდმივად იყოს ახალი ენერგია, რადგან ქვეყანას ახალი გამოწვევები აქვს და ახალი ამოცანებია შესასრულებელი. მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაქსიმალურად ეფექტური და ყოვლისმომცველი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

„ცვლილებები აუცილებლად იქნება ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. 5 იანვრის არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ დიდი პრობლემები გვაქვს გამგებლებშიც და გუბერნატორებშიც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ მინიშნებებს არჩევნებამდეც აკეთებდნენ. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, რომელიც ხელისუფლებამ წინასაარჩევოდ კახეთში საგანგებოდ მოავლინა, არ მალავდა, რომ რეგიონში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, კომუნიკაციის სერიოზული პრობლემები იყო. „გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე ვერ ვნახე, რომელიც ხალხს დაელაპარაკება“, - აღნიშნავდა ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, რამდენიმე რაიონში მოსახლეობამ ისიც არ იცოდა, ვინ არის მათი გამგებელი, ან შეიძლება იცოდა, მაგრამ გამგებელი ვერ წყვეტდა ადგილობრივების პრობლემებს.

„ვიცი, რომ რაიონს ხელმძღვანელი ჰყავს. ისიც ვიცი ვინ არის, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. გასულ წელს სტიქიამ საცხოვრებელი სახლი დამიზიანა. ახლობლებმა მირჩიეს რაიონის გამგეობას მიაკითხე, ზარალს აღწერენ და იქნებ დაგეხმარონო. სამი კვირა გამგეობაში ზედიზედ, ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ გამგებელს ვერ შევხვდი. მდივანი მპასუხობდა, დღეს არ არის, ხვალ იქნებაო, თბილისშიაო და ა.შ. ბოლოს დავიღალე. სამგზავრო ფულიც აღარ მქონდა და თავი დავანებე. დღემდე გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ. სახურავიდან ჩამოსული წყლისგან თავი რომ დავიცვა, საწოლზე ცელოფანი მაქვს გადაფარებული. სახლის კედლებიც დაბზარულია. ოთახს ვერაფრით ვათბობ. ეს ყველაფერი სოფლის გამგებელმაც იცის, მაგრამ ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია“, - გულდაწყვეტილია გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ქეთევან ბერუკაშვილი.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს ვერა ტერტეშნიკოვასაც. „ჩვენი საცხოვრებელი სახლი 2004 წელს მთლიანად დაიწვა. ორსართულიან სახლში 11 ოჯახი ვცხოვრობდით და ამ დრომდე უსახლ-კაროდ ვართ დარჩენილნი. შენობას მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, მაგრამ იქ ცხოვრება შეუძლებელია. არც კარი აქვს, არც ფანჯარა. რაც იყო, ისიც მოიპარეს, რადგან სამუშოები არ დაამთავრეს. არაერთხელ გვითხრეს, სახლის სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარია გამოყოფილი, შემოწირულობებიც არის კერძო პირებისგან და ყველაფერს გავაკეთებთო, მაგრამ ვერ გავიგეთ, ამდენი ფული უკვალოდ სად გაქრა. ამას ვაპროტესტებდით არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა პოლიციამ დაგვშალა. რაიონის გამგებელს და კახეთის გუბერნატორს მას შემდეგაც ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ პასუხიც კი არ გვაღირსეს“, - ამბობს ვერა ტერტეშნიკოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამგებლების მიერ უყურადღებოდ დატოვებული საკითხების ან დარღვევების შესახებ, გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაგზავნილი წერილები, განხილვისათვის უკან ისევ გამგებლებს უბრუნდებოდათ.

„ყვარლის რაიონის გამგეობას დაქვემდებარებული სამსახურიდან, გამგებლის სურვილით უკანონოდ გამათავისუფლეს. ამიტომ განცხადება დავწერე და რეაგირებისათვის პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს მივმართე. სამხარეო ადმინისტრაციიდან კი წერილი განსახილველად ყვარლის რაიონის გამგეობას დაუბრუნეს. წერილში გამგებლის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების კონკრეტულ დარღვევებზე მივუთითებდი, რამაც ისინი კიდევ უფრო გააღიზიანა. ჩინოვნიკებისგან დღემდე ვიდევნები“, - გვითხრა თამარ სეფიაშვილმა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაპირებული საკადრო ცვლილებები კახეთშიც განხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვლება კახეთის გუბერნატორი გია ნაცვლიშვილიც. მის ადგილზე რამდენიმე კანდიდატურა მოიაზრება. პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ბადურ გულიაშვილი, თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი და გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე მათგანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ბადურ გულიაშვილი, რომელიც გუბერნატორის მოადგილედ სულ ახლახანს დაინიშნა, მანამდე კი შს თელავის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, გუბერნატორად მის შესაძლო დანიშვნაზე კომენტარს არ აკეთებს. პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე ნაცვლიშვილის შეცვლის პერსპექტივას უარყოფს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გოჩა მამაცაშვილი. საგულისხმოა, რომ მამაცაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობიდან, 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების შემდეგ წავიდა. მაშინ პრეზიდენტმა, ჩინოვნიკები, რომლებიც ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილდებოდნენ, საჯაროდ გააკრიტიკა. მამაცაშვილის სახელს უკავშირდება თელავის რაიონის ბიუჯეტიდან, სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ფულის არამიზნობრივად ხარჯვისა და გაფლანგვის ფაქტებიც. რაც შეეხება ზაზა ბეგაშვილს, წარმოშობით ისიც კახეთიდან არის. ბეგაშვილმა საზოგადოებას თავი 2007 წლის 7 ნოემბერს შეახსენა, როცა მან სპეცრაზმელებს, რომლებმაც იმ დღეს მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს, მადლობა გადაუხადა. ბეგაშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით. მან ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა.

კახეთში მომუშავე ჟურნალისტი, რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი რომან ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ ზემოთხსენებული ადამიანებიდან, კახეთის გუბერნატორად ყველაზე მეტი შანსი ბადურ გულიაშვილს აქვს.

„ბეგაშვილს არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით, თუმცა მახსოვს მისი 7 ნოემბრის საქციელი. თუ, პრეზიდენტი, კახეთის გუბერნატორად გოჩა მამაცაშვილს დანიშნავს, კიდევ უფრო წააგებს, რადგან იგი თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის და თელავის საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც ერთპიროვნული მმართველი და დიქტატორი იყო. გარდა ამისა, ის ჟურნალისტებს ხელს გვიშლიდა მუშაობაში და თელავის საზოგადოება მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. მას აქვს კრიმინალური წარსული და მინისტრის მოადგილე რომ არის, ეს ფაქტი პრეზიდენტის განცხადებების საწინააღმდეგოს მეტყველებს, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ქურდებს ებრძვის და ა.შ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მას გაწეული სამუშაო დაუფასონ. მამაცაშვილს თელავში არჩევნების ცნობილ გამყალბებლად იცნობენ. რაც შეეხება ბადურ გულიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაახლოებით სამი წელი თელავის პოლიციის უფროსი გახლდათ, მოახერხა საზოგადოებასთან ნორმალური დამოკიდებულების შენარჩუნება“, - აღნიშნავს რომან ქევხიშვილი.

გუბერნატორის შეცვლის შემდეგ შეიცვლებიან გამგებლებიც. ძნელი სათქმელია, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის გამგებლები, პრეზიდენტის რწმუნებულად გია ნაცვლიშვილის დარჩენის შემთხვევაში, რადგან გარსევან ბუხნიკაშვილიც, დავით ლეკიშვილიც და რამაზ ხატიაშვილიც მისი ნდობით სარგებლობენ. უფრო მეტიც, ლეკიშვილთან და ხატიაშვილთან, ნაცვლიშვილს ნათესაური კავშირებიც აქვს. ნაცვლიშვილის შეცვლის შემთხვევაში სწრაფად შეიცვლებიან როგორც დასახელებული რაიონების, ასევე  გურჯაანის, ყვარლის და ახმეტის გამგებლებიც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლობა, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს სურს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები