კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რას შეეწირა შიდა ქართლის გუბერნატორი - ,,თრიალეთის

24 იანვარი, 2008

 
 ლადო გეგელაშვილი
სამი თვეა ლადო გეგელაშვილი პრეზიდენტმა ჩვენს რეგიონში რწმუნებულად გამოგზავნა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი კითხვა დაგროვდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ბედი ელის იმ ხალხს, ვისაც ქარელმა და ოქრუაშვილმა ქონება წაართვა და ასევე ის, თუ რატომ არის კვლავ პრიორიტეტი - ფასადებისა და შადრევნების მშენებლობა.

ამ თემებზე საუბრის დროს, ძნელია, უახლოესი წარსული არ გაიხსენო. მისი მმართველობის პერიოდში, ჯერჯერობით,მხოლოდ ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ბიზნესმა იხეირა. ეს კომპანია, როგორც ცნობილია, ყოფილ პარლამენტარს ბადრი ნანეტაშვილს ეკუთვნის. სხვათა შორის, 2006 წლის 21 ივნისს, როდესაც პარლამენტმა კენჭი უყარა ბიზნესმენ ბადრი ნანეტაშვილის ექსორიას პარლამენტიდან, კენჭისყრის დროს პარლამენტარმა ლადო გეგელაშვილმა მხარი დაუჭირა ნანეტაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ,,თრიალეთისთვის“ ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხის გადარიცხვამ, დედაქალაქის ჩინოვნიკების გაღიზიანება გამოიწვია.

მეორე ვერსიით უკმაყოფილება არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის არადამაჯერებელმა გამარჯვებამ გამოიწვია. ყველა მოელოდა, რომ გორში სააკაშვილი ყველაზე  მეტ ხმას აიღებდა, რადგან სააკაშვილმა  გორს „კორუმპირებული მთავრობა მოაცილა“. თუმცა ეს ასე არ მოხდა. გორის რამდენიმე უბანზე სააკაშვილმა წააგო კიდეც. ერთი სიტყვით, გორში პოლიტიკური დუღილი კვლავ აქტიურ ფაზაში შედის. გუბერნატორად ლადო ვარძელაშვილს გზავნიან, რომელიც სააკაშვილის შტაბის უფროსია რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ვარძელაშვილმა პირობა ვერ აასრულა - სააკაშვილი გორში ყველაზე ბევრ ხმას აიღებსო, მას  ქართლს მაინც არ აშორებენ.

რაც შეეხება გეგელაშვილს, მართალია მისთვის პრიორიტეტი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა იყო, მათ შორის ბადრი ნანეტაშვილის ბიზნესის, რომელი ბიზნესის გამოც პარლამენტარს პარლამენტარობა ჩამოართვეს. ჯერ-ჯერობით ქარელის მიერ შეშინებული ბიზნესმენებისგან წელში ბადრი ნანეტაშვილი იმართება, დანარჩენები კი სამართალს დღემდე ელიან. გამგეობები, საკრებულოები და სამხარეო ადმინისტრაცია დღეს უკვე ,,თრიალეთთან“ დადებულ იმ ხელშეკრულებებს აგრძელებენ, რომელთა დადებას, სხვათა შორის, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია გადაცემა ,,ღია ეთერში“, 2006 წლის ივნისში აპროტესტებდა. გარდა ამისა, არც ის გვავიწყდება, გორში მყოფმა დავით კირკიტაძემ იმავე დღეებში ,,თრიალეთის“ ჟურნალისტს ჰკითხა - თქვენ ჯერ არ დაგხურესო? ლადო გეგელაშვილი კი სწორედ დავით კირკიტაძის კადრად ითვლება.

ვიდრე ამ თემებზე საუბარს დავიწყებდით აწ უკვე ყოფილ გუბერნატორთან, მანამდე წარსულის გახსნებაც მოგვიწია.
- რატომ დამხვდა ამდენი პრობლემა...…კითხულობს ჩვენთან საუბრის დაწყებისას ლადო გეგელაშვილი.

- რატომ დაგხვდათ?

- ეს რათქმა უნდა პასუხისმგებლობას იმ გუნდს და იმ ძალას აკისრებს, ვინც მანამდე ამ რეგიონში მუშაობდა და ევალებოდა ამ პრობლემების მოგვარება. ყველას ძალიან აინტერესებს ის, თუ რატომ არის სხვა რეგიონში უფრო მეტი პრობლემა მოგვარებული და რატომ არ არის ჩვენს რეგიონში ეს მოგვარებული? რატომ არის სხვა რეგიონში ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განვითარებული, და რატომ არ არის ჩვენთან ეს განხორციელებული...

- სხვათა შორის, თქვენი წინამორბედი მიხეილ ქარელი ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი არ რიცხავდა საჭირო  თანხებს შიდა ქართლის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

- აქ 9 მილიონიანი ბიუჯეტი იყო. ჩვენ რომ მოვედით, ბიუჯეტიდან ნამატი დაგვხვდა დაახლოებით 870 000 ლარი. გარდა ამისა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 600 000 ლარი გადმოირიცხა, რომელიც სოფლებში შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოებისთვის იხარჯება. ასე რომ. რა თანხაც არსებობდა მანამდე, შეიძლებოდა იმ თანხებით პრობლემების შემცირება. იმ ხალხმა ეს შანსი არ გამოიყენა.

- თქვენ ხომ ერთი გუნდი იყავით?

- კი, ერთი გუნდი ვიყავით. სხვათა შორის, არ უნდა დავუვიწყოთ მათ ის ღვაწლი, რაც რევოლუციის დროს გააკეთეს. მათაც მიუძღვით ამაში წვლილი. თუმცა მე ვერ დავრჩებოდი იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც თუნდაც საკადრო საკითხებში ისეთი პოლიტიკის გატარება დაიწყეს, რასაც ნათესაობისა და მეგობრობის მიხედვით კადრების დანიშვნა ჰქვია. სწორედ ამ და სხვა მანკიერი მხარეების გამოვლინება გახდა ჩვენი გამიჯვნის მიზეზი.

- სხვათა შორის, იმ პერიოდში არსებობდა ვერსია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის და მიხეილ ქარელის გუნდმა იმიტომ მოგიშორათ, რომ აქაური ამბები თქვენი მეშვეობით პრეზიდენტთან მიდიოდა...

- მე ასეთი ინფორმაციებზე პასუხს ვერ გაგცემთ. კერძო საუბრები, რომელიც ჩემსა და ჩვენ მეგობრებს შორის მიმდინარეობს, არ არის აქ განსჯის საგანი. მე სხვა ვერსიაც გამიგია, თუ რატომაც მოხდა ჩვენი გამიჯვნა..

- ჩვენც გაგვიგია მეორე ვერსია, ისიც 2005 წელს გაჩნდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ გუბერნატორად უნდა დანიშნულიყავით...

- ამაზე საუბარი იმ დროს არ ყოფილა, თუმცა ეჭვით გაჟღენთილ ბევრ ადამიანს ეს განცდა გაუჩნდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში დამირეკა პარლამენტარმა თეო ტლაშაძემ და მკითხა, გავიგე გუბერნატორად ინიშნები და მაინტერესებს, რა ხდებაო. მე ვუპასუხე, რომ გავიგე შენ ადგილობრივ სატყეო სამხერხაოდან  წილები აგიღია და მართალია, თუ არა მეთქი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ პერიოდში მხოლოდ ჭორი იყო. ძალიან კარგად მახსოვს, თქვენ რომ დაწერეთ, ლადო გეგელაშვილის და მიხეილ ქარელის მეგობრებს ჩხუბი მოუვიდათ, რატომ არ მკითხეთ სინამდვილეში რა მოხდა.

- მე ინფორმაცია ჩხუბის მონაწილეებთან, მათ შორის დავით კეკელიშვილთან გადავამოწმე. თქვენ ჩხუბის მონაწილე არ იყავით... იმას კი გადამოწმება არ სჭირდებოდა, რომ ჩხუბი თქვენი ბავშვის დაბადების დღეზე მოხდა.

- თქვენ დაწერეთ მაშინ, რომ ადამიანებს იქ სასადილოს გამო მოუვიდათ ჩხუბი. უბრალოდ იქ ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკორექტულ გამონათქვამს და ამას მოჰყვა ის უკმაყოფილება, რასაც ჩხუბს ეძახით.

- ფაქტი იყო, რომ კეკელიშვილი ნაცემი იყო.. ასევე სასადილოს თანხების გაფლანგვის ფაქტიც დაემთხვა. ამას თავი დავანებოთ, რატომ ვერ შეძელით ქარელის გუნდის  წინააღმდეგობა დაგეძლიათ?

- რაკი ამ მიმართულებით წავიდა საუბარი, გეტყვით, რომ მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა პარტიული მუშაობა რეგიონში ჩავარდნილიყო. ყველა ქალაქში და რაიონში პარტიული ყრილობები წარმატებით ხორციელდებოდა. მხოლოდ გორში ჩავარდა ეს. როდესაც კულტურის სახლში ყრილობისთვის ხალხი შეიკრიბა, დავურეკე მიშა ქარელს და მითხრა, რომ ვერ მოვიდოდა. იმის მერე შეკრიბეს თავიანთი ხალხი და მოხდა ჩემი გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან. ღია დაპირისპირებას მოვერიდეთ. ანგარიში გავუწიეთ ჩვენი გუნდის ლიდერებს და ჩავთვალეთ, რომ ჩვენსა და მიხეილ ქარელის გუნდს შორის დაპირისპირება არ უნდა მომხდარიყო. ვფიქრობდით, რომ ისინი დაფიქრდებოდნენ საკუთარ საქციელზე და გამოასწორებდნენ შეცდომებს.

- პრეზიდენტმა ბოლო დღეებში განაცხადა, რომ ,,გორის მაფიის“ წინააღმდეგ ბრძოლა ადრე უნდა დაეწყო და ამაზე ადრე უნდა ეფიქრა. თქვენ რომ მაშინ პრინციპულობა დაგეცვათ და აშკარად შეწინააღმდეგებოდით ქარელის გუნდის სურვილებს, უკეთესად წავიდოდა სიტუაცია?

- ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რომელი გზა უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ დროს. დაპირისპირებას და კონფლიქტს გარიდება ვამჯობინე. მით უფრო მე ჩემს პირად მტრად არავის ვთვლიდი. ისიც კარგად მახსოვდა, რომ როდესაც ჩვენი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერობაზე მიდგა საქმე, თვითონ მიშა ქარელმაც თქვა - ლადო გამოუშვით გორშიო. მერე ისევ თვითონვე შეკრიბეს ხალხი და გადამაყენეს. ჩემი მხრიდან პრიციპულობის დაცვა და გაჯიუტება მართებული არ იქნებოდა.

- დღეს რას იტყვით, როდესაც ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციას მთლიანად თბილისელები ჩაუდგნენ სათავეში. აქ აღარავინ არის სანდო?

- ვერ დავეთანხმები მაგ პოზიციას. გიორგი ბოტკოველს სანათესაო ძირი აქედან აქვს, ხოლო ლადო ვარძელაშვილი ქარელის რაიონის სოფელ რუისიდანაა წარმოშობით. ,,ნაციონალური მოძრაობა“ მარტო ჩვენთან კი არა, მთელს საქართველოში მუშაობს. ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, რომელმაც იმ დიდ წარმატებებს 4 წელია ერთად მივაღწიეთ.

- ამ ერთიან გუნდში სხვათა შორის ის გორელი დეპუტატებიც იყვნენ, რომლებიც გარიცხეთ პარლამენტიდან?

- მანდ გეშლებათ. რომელი გორელი დეპუტატები?

- უფრო სწორად ერთი დეპუტატი ბადრი ნანეტაშვილი გარიცხეთ, მეორე დეპუტატმა თეო ტლაშაძემ დაასწრო მოვლენებს და განაცხადა, რომ ტოვებს უმრავლესობას. საზოგადოებას აინტერესებს რა გააკეთეთ გორელებისთვის? მე მესმის, რომ პარლამენტარის ფუნქცია არ არის კარდაკარ სიარული და გზების მოხრეშვა. მაგალითად, სხვადასხვა წრეებში აინტერესებთ, რატომ არ დააყენეთ გორისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხი?

- ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ცალკე დისკუსია შეიძლება გაიმართოს. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით, ჩემი თხოვნა იქნება ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე.

- მე გადავხედე საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში შეტანილ ბოლო ცვლილებებს. როგორც ჩანს, პრიორიტეტი არ იცვლება და აქცენტი კვლავ შადრევნებზე, ფასადებზე და ასფალტზე კეთდება.

- ადგილობრივ ბიუჯეტში მიზნობრივი ტრანსფერი რაც მოდის ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ სარეზერვო ფონდებიდან, მისი სხვა მიმართულებით გახარჯვის უფლება არა აქვს არც საკრებულოს და არც მუნიციპალიტეტს.

- მომავალ წელს რას იზამთ, როდესაც რაიონის ბიუჯეტიდან საშემოსავლო ნაწილს მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტი წაიღებს? რა გარანტიაა, რომ გორის საკრებულოს პროექტებს დაამტკიცებს მთავრობა?

- ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად სრულყოფილი, მოსახლეობისთვის მისაღები და პრიორიტეტული პროექტები წარვუდგინოთ მთავრობას დასამტკიცებლად. ამაში რასაკვირველია, მთელი ადგილობრივი რესურსი იქნება  ჩართული.

- მაინტერესებს ტელეკომპანია ,,თრიალეთისთვის“ ანაზღაურება საიდან გამოძებნეთ. მოდით, მთავარ საკითხს მივხედოთ, რასაც კერძო მესაკუთრეების და ბიზნესმენების ინტერესებს ეხება. საკრებულოში ბევრს გაუჩნდა კითხვა, ,,თრიალეთთან“ დავაში რატომ არ დაელოდა საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

- ტელეკომპანიას საბუთები სრულ წესრიგში აქვს. ამდენად, როგორც კი საშუალება გამოჩნდა იმისა, რომ გამგეობასა და ტელეკომპანიას შორის არსებული დავა დროულად დამთაავრებულიყო, წინა გამგებლის მიერ გამოტანილი დადგენილება გავაუქმეთ.

- ასე ადვილად რატომ ვერ ხერხდება დანარჩენი დატერორებული ბიზნესმენების და კერძო მესაკუთრეების ინტერესების დაცვა. ამ ფაქტების გამოძიება რაღაც ძალიან იწელება...

- ამ საქმეების უმეტესობის დიდ ნაწილს იძიებს შესაბამისი ორგანოები და ზოგიერთი საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ასე რომ, მე ვერც პროკურორის და ვერც მოსამართლის ფუნქციას ვერ შევითავსებ.

- არ შეგიძლიათ უბრალოდ მარტივად გადაწყვიტოთ ის დავები, სადაც გამგეობა უშუალო მხარეს წარმოადგენს და აღარ გაგრძელდეს გაუთავებელი სასამართლო დავები?

- ,,თრიალეთთან“ დაკავშირებით არსებობდა კონკრეტული ფაქტობრივი მასალა, ვიდეო-ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია ღამის საათებში თუ როგორ ბარბაროსულად უნგრევენ ღობეს. სხვა შემთხვევებში, ასეთი ღია ფაქტები არ გვაქვს.

- სხვათა შორის ჩვენ ვიცით, რომ როცა ამ ღობეს ანგრევდნენ, ტრაქტორისტები გამგებლის დადგენილებას აფრიალებდნენ. უბრალოდ აქ საქმე იმაშია, რომ როდესაც მაგალითAად კონკრეტული დოკუმენტი არსებობს იმისა, რომ ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ თემურ ბლუაშვილმა დანარჩენი 12 მეწილის ქონება გამგეობას დაუკითხავად აჩუქა (ზეწოლას თავი დავანებოთ); მაშინ როდესაც უამრავი ვიდეო მასალა არსებობს სოფელ ქვემო ხვითში მოიჯარე ნოდარ მაისურაძის ქონების და ხორბალის დატაცების ფაქტზე, აქ მტკიცებულებების არარსებობაზე ვერ დაგეთანხმებით. ხომ არ თამაშობს აქ შიშის ფაქტორი იმისა, რომ ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურება არ უნდა? გვაქვს იმის მტკიცებულება, ვიდეო-მასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ გამგეობის და გუბერნიის ხალხმა ხორბალი მიიტაცეს...

- მე კიდევ გიმეორებთ, რომ არ ვარ მოსამართლე, რომ გადავწყვიტო რომელი მხარეა მართალი. კარგად იცით, რომ ყველა დავა სასამართლოში იხილება. არც იმის შიში აქვს ვინმეს, რომ დავის წაგების შემთხვევაში ზარალი აანაზღაუროს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს პრობლემები. რასაკვირველია, თუ სადმე, რომელიმე ფაქტზე შესაძლებელი იქნება გაუთავებელი სასამართლო დავების თავიდან აცილება, ამას გავაკეთებთ და შევეცდებით, რომ გავაკეთოთ. სხვათა შორის, მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი სოფელ ქვემო ხვითში, სადაც, ბუნებრივია, მოიჯარის მიწებზე და ქონების წართმევაზეც გვქონდა საუბარი. მე ვპირდები ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, რომ ვიქნები დიალოგის ინიციატორი. ეს დაპირისპირებული ხალხი უნდა შევახვედრო ერთმანეთს, დავსვა ერთ მაგიდასთან და შევარიგო. მე ვიქნები მათ შორის მედიატორი. ანალოგიურად მოვიქცევით სხვა შემთხვევაშიც.

- რაც შეეხება კულტურის სფეროს, რობერტ მაღლაკელიძის გარშემო ატეხილ ამბავზე და სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორად მის დანიშვნაზე ვისაუბროთ...

- რობერტ მაღლაკელიძე კარგი კაცია...

- წითელუბანშიც კარგი კაცი იყო?

- ვერ ვხდები რაზე მელაპარაკებით. ამიხსენით...

- წითელუბანში 2007 წლის აგვისტოს თქვენ, როგორც პარლამენტარმა სტადიონზე არ შეუშვით არც გამგებელი, არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც კულტურის სამმართველოს უფროსი რობერტ მაღლაკელიძე. იქ მომხდარი ინციდენტი მთელმა საქართველომ ნახა...

- რობერტ მაღლაკელიძეს იქ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ შემდგომში რაიმე თანამდებობაზე მისი წარდგენა დანაშაული ყოფილიყო. მაინც მაინტერესებს, რატომ გაქვთ ასეთი რეაქცია მის დანიშვნაზე.

- ზოგადად გორში სტუმარი ძირითადად იმიტომ ჩამოდის, რომ სტალინის სახლ-მუზეუმი და მერე უფლისციხე და ა.შ. ისტორიული ადგილები ნახოს. იქ სადაც ტურისტული სეზონის დროს დიდი თანხების მობილიზება ხდება, იმ მთავრობის წევრის დანიშვნა ასეთ თანამდებობაზე, რომელი მთავრობის დროსაც კორუფცია მძვინვარებდა, კითხვებს ბადებს.

- შემიძლია დაგეთანხმოთ იმაში, რომ ამ სფეროში ბევრი გაურკვევლობაა. ვერ გეტყვით სად მიდიოდა ტურისტებისგან შემოსული თანხები. მანამდე სად მიდიოდა, როგორც მე ვიცი ამას სათანადო ორგანოები სწავლობს. დღეს ჯერ-ჯერობით ისეთი სეზონია ტურისტების დიდი ბუმი არა გვაქვს და ჯერჯერობით ვერ ვიტყვით ღიად, თუ სად მიდის შემოსული თანხები, მაგრამ როგორც კი ტურისტული სეზონი გაიხსნება, დამერწმუნეთ სტალინის სახლმუზეუმშიც და დანარჩენ ისტორიულ ძეგლებში შემოსული თანხების კონტროლი გამკაცრდება. გორი ნამდვილად იქცევა ტურისტულ და განვითარებულ ქალაქად.

ერთი სიტყვით, გეგელაშვილი ისე მიდის შიდა ქართლიდან, რომ ჩვენი რეგიონი მისი დაპირებული სიტყვების ასრულებას ვერ აღირსა. თუმცა როგორც გამგეობაში აცხადებენ, გეგელაშვილის კურსს მისი შემცვლელი და მეგობარი ლადო ვარძელაშვილი არ შეცვლის და ამ დაპირებებს ის აასრულებს.


საბა წიწიკაშვილი, გორი.

ახალი ამბები