კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდელ ჟურნალისტებზე ზეწოლას ახალი მეთოდით ახორციელებენ

30 იანვარი, 2008

ვინ გააკრა შენობებზე "ღია ბოქლომის" რედაქტორის დამონტაჟებული შიშველი ფოტოები?!

ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქტორსა და "თანასწორობის ინსტიტუტის" ზუგდიდელ ლიდერს, ილია ჩაჩიბაიას 27 იანვარს, ქალაქის ცენტრში მისივე სახის გამოსახულებით ქალის სხეულზე დამონტაჟებული შიშველი ფოტოები დახვდა. პლაკატზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, ჩაჩიბაია  კლიენტებს ინტიმურ მომსახურებას შეღავათიან ფასებში სთავაზობდა. ჟურნალის რედაქტორი იდეის ავტორად და შემსრულებლად კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომელს ვახტანგ გაბელიას ასახელებს. ილია ჩაჩიბაია სამართალდამცავებისაგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს, ხოლო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისაგან მისი უფლებების დაცვას ითხოვს.

ილია ჩაჩიბაიამ პირველი პლაკატი დილის 5 საათისათვის საკუთარი სახლის სადარბაზოში ჩამოხია, შემდეგ შენობის კედელზე, ხოლო მოგვიანებით, დაახლოებით ექვსის ნახევრისათვის კი ცენტრალური ფოსტის ფასადზე. სხვადასხვა ადგილზე ჩაჩიბაიამ 60-მდე პლაკატი გაანადგურა "ინტიმური მომსახურება შეღავათიან ფასებში (ფასი შეთანხმებით) გთხოვთ დარეკოთ  ნომრებზე 855 17 65 33. 858 26 80 05 პატისცემით ილია ჩაჩიბაია. არ ინანებთ." -ასეთია ტექსტის შინაარსი, ხოლო სხეულის უკანალზე გაკეთებულია წარწერა "I love you".

ილია ჩაჩიბაია: "გამთენიისას, დაახლოებით ხუთის ნახევრისათვის ზუგდიდელმა მხატვარმა, რომელმაც თავის სამუშაო ადგილს, ჩინურ მაღაზიას დილაადრიან მიაკითხა, დამირეკა და მითხრა, რომ პლაკატები იყო გაკრული... იმდენად მაგარი წებო ჰქონდა წასმული, რომ ჩამოხევაც გამიჭირდა. ვხედავდი, თუ როგორ მოძრაობდნენ ამ დროს ცნობილი სანომრე ნიშნებით ავტომანქანები, "კუდ"-ის თანამშრომლები და როგორ აკონტროლებდნენ ისინი ჩემს გადაადგილებას. საპატრულო სამსახურში დავრეკე. მოვიდნენ და ვთხოვე, იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავდნენ პირს, რომელიც პლაკატებს აკრავდა, დაუყოვნებლივ დაეკავებინათ. ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსთან, მაიზერ ლიპარტელიანთან გამოვთქვი ეჭვი, რომ პლაკატების გაკვრის ორგანიზატორი  და შემსრულებელი "კუდ"-ის თანამშრომელი ვახტანგ გაბელია იყო. ლიპარტელიანმა ამ განცხადების ღიად დაფიქსირებისაგან თავის შეკავება მირჩია, ვინაიდან სამხილები არ გამაჩნდა."

დილის 9 საათიდან ილია ჩაჩიბაიას "ინტიმური" ტელეფონი ამოქმედდა. მას მობილურ ტელეფონზე სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებოდნენ. ყველა "კლიენტი" მამაკაცი იყო, ტექსტი კი ყველა შემთხვევაში მეორდებოდა: "თქვენ მშვენიერი უკანალი გქონიათ, თქვენთან შეხვედრა მსურს!" სატელეფონო კავშირს კი უცნობი პირები გინებით ასრულებდნენ.

შუადღისათვის "ინტიმური მომსახურეობის" შემქმნელებმა ტაქტიკა შეცვალეს და ილია ჩაჩიბაიას უკვე სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებისა და ჟურნალისტების სახელით უკავშირდებოდნენ.

ილია ჩაჩიბაია: "დღის 4 საათზე საინფორმაციო სააგენტო "GHN"-ის სახელით დამიკავშირდნენ. უცნობმა პირმა კომენტარი და სავარაუდო შემსრულებლის ვინაობის დასახელება მთხოვა. როცა მივხვდი, რომ პროვოკაციული ზარი იყო, საპასუხოდ კვლავ გინება მივიღე. ვფიქრობ, რომ ტელეფონის ნომრები 895 48 39 04, 895 27 43 22 და 895 94 30 07 "კუდ"-ის კონსპირაციული ნომრებია და ის პირებიც ჩემთან სწორედ მათი ხელმძღვანელის, ვახტანგ გაბელიას დაკვეთით მირეკავდნენ."

ილია ჩაჩიბაია ჟურნალისტებთან კომენტარში აცხადებს, რომ მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ამჯერად ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებენ. ის პლაკატების ავტორად და გამავრცელებლად კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ვახტანგ გაბელიას კიდევ ერთხელ ასახელებს. "მაქვს ეჭვის სერიოზული საფუძველი, რომ ვახტანგ გაბელია დავასახელო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სწორედ "კუდ"-ის ეს თანამშრომელი დამიკავშირდა ტელეფონით და შემპირდა, იმ შემთხვევაში, თუ არ გავჩერდებოდი და არ შევწყვეტდი ჟურნალის გამოცემას, ქალაქში ჩემი გაშიშვლებული ფოტოები გავრცელდებოდა. 2007 წლის 25 დეკემბერს "თანასწორობის ინსტიტუტის" მიერ ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გაბელიამ საოლქო პროკურატურასთან ახლოს, "კუდ"-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ისინი მომეპარნენ, ზურგში წიხლები მირტყეს და მაფურთხეს. საოლქო პროკურატურაში ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შევიტანე."

კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოში პლაკატების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. შენობაში მისულ ჟურნალისტებს, მათ შორის ილია ჩაჩიბაიასაც განუცხადეს, რომ "კუდ"-ის უფროსი ზაზა ლატარია და ვახტანგ გაბელია მივლინებით თბილისში იმყოფებოდნენ, თუმცა გაბელია "მერსედესის" მარკის საკუთარი ავტომანქანით რამდენიმე წუთში გამოჩნდა და ჟურნალისტების დანახვაზე საკუთარ მანქანაშივე ჩაიკეტა.

ვახტანგ გაბელიას ამგვარი უჩვეულო თავის არიდება მისი მუშაობის ჩვეულ სტილს ნამდვილად არ ჰგავდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკურ შეკრებებსა თუ მანიფესტაციებში იგი ვიდეო-კამერით დაუფარავად ჩნდებოდა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეებზე თითქოს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. გაბელიას სახელი ადამიანების გატაცების ფაქტებსაც უკავშირდება.

ილია ჩაჩიბაია: "მთელს ქვეყანას ახსოვს ტელერეპორტაჟები და საგაზეთო სტატიები ლუიზა ფიფიას, დალი ლატარიასა და სხა პირების გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ღიად აცხადებდნენ, თუ როგორ მოახერხა ვახო გაბელიამ მათი გატაცება და იმერეთში, საღორიას ტყეში თუ კონსპირაციულ ბინაში მიტოვება... არსებობენ კონკრეტული პირები, არსებობს აუდიო ჩანაწერები იმაზე, თუ როგორ იბარებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოპოზიციის მხარდამჭერებს "კუდ"-ის შენობაში დაკითხვაზე და როგორ ახდენდნენ ზეწოლას უდანაშაულო ადამიანებზე. ხშირ შემთხვევაში აქაც ვახტანგ გაბელიას სახელი ფიგურირებდა."

ბოლო პერიოდში ახალბედა ჟურნალისტის, 18 წლის ილია ჩაჩიბაიას სახელიც არც თუ ისე იშვიათად ჩნდებოდა. გუბერნატორის კაბინეტში მისი გამოკეტვა, გატაცება, სასამართლო პროცესები, საპროტესტო აქციები, მუქარა და ძალადობა მედიისა თუ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა. ილია ჩაჩიბაია დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვს, ხოლო ხელისუფლებასა და შს სამინისტროს მოუწოდებს თანამდებობებიდან დაითხოვოს ის პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ნაცვლად, საშიშროებას უქმნიან.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები