კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება „ინტერნატში“ - პანკისელი ჩეჩნები 2-3 წელში დახმარებას ვეღარ მიიღებენ(ნაწილი II)

18 თებერვალი, 2008

სპეციალური რეპორტაჟი

დუისის საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ პატარა ოთახში ხალხმრავლობაა. აქ ჩეჩენი ლტოლვილების ოჯახი ცხოვრობს. მათ სხვებზე ნაკლებად გაუმართლა და ჩასახლებიდან დღემდე „ინტერნატში“ უწევთ ცხოვრება. 1999 წელს ასე ყველა ლტოლვილი ცხოვრობდა, თუმცა ზოგს საკუთარი სახლები ქისტებმა დაუთმეს. დანარჩენები კი საავადმყოფოს თუ სხვა დაწესებულების შენობაში დარჩნენ. 

ტაუს ერზნუკაევა მის ერთ ოთახს სამზარეულოდ, საშრობად და სააბაზანოდაც იყენებს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ კედლიდან კედლამდე გაჭიმულ თოკზე ბავშვების ტანსაცმელია ჩამოკიდებული. ხოლო ოთახის შუაში უზარმაზარი თასი დგას, რომელშიც დიასახლისი, როგორც ჩანს, პურისთვის ცომს ამზადებს. სხვა გამოსავალი არც აქვს, მცირეწლოვანი ბავშვებს სხვაგვარად ვერ მოუვლის. ჩეჩნების ამ ოჯახს, ისევე, როგორც სხვა ჩეჩნურ ოჯახებს, მათი თქმით, პანკისში ცხოვრება ძალიან უჭირს. მათი შემოსავალი წლების მანძილზე „გლუკის“ მიერ გამოყოფილი პროდუქტების გაყიდვით აღებული თანხა იყო. ამ ფულით ბავშვებისთვის სხვადასხვა ნივთებს ყიდულობდა. ოჯახი კი დარჩენილი პროდუქტებით იკვებებოდა.
 
„ერთხელ, როდესაც შემთხვევით გაფუჭებული ფქვილი შეხვდათ, ოჯახი კინაღამ შიმშილით მოკვდა. ფანჯრის რაფაზე თოკებზე ჩამოკიდებული ხორცი მუსლიმანური დღესასწაულის დროს მეზობლებმა მოგვცეს“, - ამბობს დიასახლისი.

ტაუს ერზნუკაევა დაღლილი ხმით ოჯახის და სოფლის გასაჭირის შესახებ გვიყვება. ოდესღაც მას რეალური შანსი ჰქონდა საქართველო დაეტოვებინა და ოჯახის სხვა წევრებთან  ერთად საცხოვრებლად კანადაში წასულიყო. თუმცა ეს მარტივი მიზეზის გამო არ გააკეთა: ოჯახის დანგრევა არ უნდოდა. შვილები ადგილობრივებზე დაქორწინდნენ, მათ კი მიმღებ ქვეყანაში გადასვლა ეკრძალებოდათ.

(სხვათა შორის, პანკისში ყოფნისას ჩვენ გავიცანით ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ევროპაში გადასვლა ევროპული ცხოვრების წესის გამო არ სურდათ).

ალისულტანოვ სოლსბეგ, ჩეჩენი ლტოლვილი: „აღმსარებლობით მუსულმანი ვარ.  სამი ბავშვი მყავს. როგორ წავიყვანო ისინი ევროპაში, როდესაც  ტელევიზიით ვხედავ, თუ რა ხდება იქ“.

დღეს ერზნუკაევების ოჯახი, ისევე როგორც სხვა ოჯახები, უმუშევარია. ლტოლვილების უმრავლესობას მიწაც არ გააჩნია.
 
„აბა „ინტერნატში“ მიწა საიდან გვექნება“, - ხელების გაშლით ამბობს დიასახლისი, - „ხალხს სამსახურიც არ აქვს. მათ, ვისაც ფული აქვს, ახლობლები უცხოეთიდან ეხმარებიან“.
 
პანკისში წელს, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, მკაცრი ზამთარი იყო.  შეშა კი, მიუხედავად იმისა, რომ ტყე ახლოს არის, მაინც ძნელად მოსაპოვებელია.

„ტყეში ვერ მივდივართ, ცული არ გვაქვს. სხვები კი არ გვაძლევენ. ერთმა ადამიანმა შეგვიწყალა და ცოტა ხმელი შეშა მოგვცა, ამით ვთბებით და გული გვიკანკალებს, შეშა უკვე გვითავდება“.

იგივე პრობლემებზე სოფლის ბოლოს მდებარე საერთო საცხოვრებელშიც საუბრობენ. კომეტა ტემირბულატოვა ამბობს, რომ უკვე 9 წელია წყალს ეზოდან ეზიდება, რადგან დღემდე შენობაში წყლის მილები ვერ გაიყვანეს. მას, ისევე, როგორც მის მეზობელს პანკისელი ლტოლვილებისთვის დამახასიათებელი სასოწარკვეთილება ემჩნევა.

„როდემდე უნდა ვცხოვრობდეთ „კომუნალკებში? აქ ცხოვრება არ შეიძლება“...

ისინი აღნიშნავენ, რომ ადგილობრივებს მუშაობის სურვილი არ აქვთ. ამას ფსიქოლოგიური პრობლემებით, სტრესით და დეპრესიით ხსნიან.

„მეზობელმა ძეხვის მწარმოებელი მცირე ქარხანა გახსნა,მერე რა? ხალხს ფული არ აქვს და ამ ძეხვს ვერ ყიდულობს. ამიტომ ბიზნესი ლამის ჩაუვარდეს.“.

მარტიდან „გლუკის“ დახმარება ტემირბულატოვას 6 სულიანი ოჯახისთვის 240 ლარი იქნება. აქამდე მხოლოდ პროდუქტებს იღებდნენ. ის ამბობს, რომ ნაღდი ფული პროდუქტებზე უკეთესია, თუმცა ამხელა ოჯახისთვის მაინც ძალიან მცირეა.
2-3 წელში ეს დახმარებაც შეწყდება. კომეტა ტემირბულატოვა ამბობს, რომ ამ დროს პანკისში ჩეჩნები აღარ იქნებიან. ლეგალურად თუ თუ არალეგალურად ქვეყნის დატოვებას ისინი ყველანაირად შეეცდებიან: „ახლა მე არანაირი საბუთი არ გამაჩნია, მე საქართველოს ტყვეობაში ვარ... ჩეჩნეთში დაბრუნებაც არ შემიძლია, საშიშია...“

***
დანგრეული ქუჩებით და დაბალი ნაცრისფერი სახლების გავლით ჩვენ დუისის ერთადერთი სკოლის შენობისკენ გავემართეთ. დუისის სკოლის  შენობა ორ ნაწილად არის დაყოფილი. ერთ მხარეს ქართული, ხოლო მეორე მხარეს რუსული სკოლებია. კედლის გასწვრივ დალაგებული შეშა და უზარმაზარი ღუმელი ყველა კლასის აუცილებელი ატრიბუტია. სხვა შემთხვევაში, კლასში დარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ყველა კლასის  კარი პირდაპირ შიდა ეზოსკენ იღება. აღსანიშნავია, რომ რუსული და ქართული სკოლების პირობები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ შენობაში მდებარეობენ, ერთმანეთისგან განსხვავდება, რუსულ სკოლაში ძირითადად ლტოლვილები სწავლობენ.

რუსული სკოლის მეორე კლასში საკონტროლოს წერენ. ბავშვები სიმრავლით არ გამოირჩევიან. როგორც დაწყებითების მასწავლებელი, ნინო ბოღაკაშვილი ამბობს, ბავშვები სკოლაში ხშირად ფეხსაცმლის და ტანსაცმლის უქონლობის გამო ვერ დადიან.

აქამდე სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ნივთებით „გლუკი“ ეხმარებოდა. მარტიდან, როდესაც რუსული და ქართული სკოლები შეერთდებიან, ეს დახმარება ბავშვებს შეუწყდებათ. შეხვედრისას „გლუკის“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სასკოლო ნივთებს ფულადი დახმარება შეცვლის. ახლა უკვე მშობლებზე იქნება დამოკიდებული, ამ დახმარებას სასკოლო ნივთებზე თუ საკვებზე და ჩასაცმელზე დახარჯავს. სახელმწიფო კი ბავშვებს იმ მიზეზით არ დაეხმარება, რომ ისინი ლტოლვილები არიან. ალბათ, სწორედ ამ მიზეზით ქართულ სკოლას სკამები და მერხები დაურიგეს, ხოლო რუსულისთვის არც ერთი მერხი არ მიუციათ... სკოლის დირექტორის, თამილა მანგოშვილის თქმით, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმწიფომ ერთჯერადი 50 ლარიანი ვაუჩერი გამოუყო. თუმცა უამრავი მოსწავლე სიაში არ იყო შეყვანილი.

ეს ორი სკოლა ერთმანეთისგან მხოლოდ ამით არ განსხვავდება. დაწყებითი კლასების პედაგოგი ქეთინო ბოღაკაშვილი ამბობს, რომ 21 საათში მას  მხოლოდ 118 ლარს უხდიან, ქართული სკოლის მასწავლებლებს კი - 150 ლარს.

ჩვენი საუბარი მასწავლებელთან ბავშვებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. ზოგმა წერაც შეწყვიტა და მალულად გვიყურებდნენ. საუბარი არ ისურვეს, თუმცა გასაჭირი მაინც გაგვიზიარეს. აღმოჩნდა, რომ პატარებს ყველაზე მეტად ბურთი აკლიათ. ამიტომაც ფიზკულტურის ნაცვლად ხშირად საკონტროლოს უტარებენ.

ანჟელა ქავთარაშვილი, ისევე, როგორც მისი 18 თანაკლასელი (კლასში სულ 28 მოსწავლეა), მე-11 კლასში უკვე მეორე წელია სწავლობს. შარშან მათ ატესტატი იმის გამო არ მისცეს, რომ სკოლა უსტატუსო იყო. 2007 წლამდე მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. ამიტომ ანჟელა ქავთარაშვილს სწავლა პარალელურად თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და მე-11 კლასში უწევს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სკოლას წელს ამთავრებენ, მომავალი მათთვის ბუნდოვანია. ერთში კი დარწმუნებულები არიან: პანკისში დარჩენის შემთხვევაში სამსახურს ვერ მოძებნიან. იგივეს მათი პედაგოგი აზა თუმანიშვილი ფიქრობს.  სკოლაში ის ქიმიას, ფიზიკას, ალგებრას და გეომეტრიას ასწავლის.

რამდენიმე საათმა, რომელიც ჩვენ პანკისის ხეობაში გავატარეთ, ცხადია, ვითარების სრული სურათი  ვერ შეგვიქმნა. ერთი რამ ცხადია, ყველა იმ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემას, რომელიც არა მარტო დუისში, არამედ საქართველოს სხვა სოფლებში არსებობს, უიმედობა და სასოწარკვეთილებაც ემატება.

ფოტორეპორტაჟი

 ნონა სუვარიანი, პანკისი

ახალი ამბები