13:07, Tuesday, 31.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რკინიგზის შეფი ეზუგბაია ქართლელ მუშებს პენსიას ართმევს

20.02.2008
საბა წიწიკაშვილი, გორი
გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მცხოვრები გოგი მირუაშვილი სასამართლოდან უწყისის მიტანის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, 75 წლის მოხუცს რკინიგზის შეფი ირაკლი ეზუგბაია ერჩის. ამჯერად, ეზუგბაია გოგი მირუაშვილის უფლებამონაცვლეს, მის მეუღლეს, მაყვალა მირუაშვილს უჩივის. დავის საგანი რკინიგზის მიერ გოგი მირუაშვილისთვის წლების განმავლობაში ზედმეტად გადახდილი პენსია გახდა.



2007 წლის 13 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში საქართველოს რკინიგზის იურიდიული განყოფილების სპეციალისტების სარჩელი შევიდა. როგორც გავარკვიეთ, რკინიგზა მხოლოდ ამ ერთ კაცს არ უჩივის. რკინიგზის დეპარტამენტის მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს კიდევ 3 ადამიანი. ესენი არიან გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მცხოვრები ანზორ მირუაშვილი, ზაურ აფხაზაშვილი და სოფელ უფლისციხეში მცხოვრები ფარვიზ გაბინაშვილი.

რკინიგზის დეპარტამენტის სარჩელში წერია, რომ ,,2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 მაისამდე საბუღალტრო ანგარიშში შეცდომის გაპარვის გამო, მოპასუხეებზე ზედმეტად იქნა გადახდილი 3 234,75 ლარი. კერძოდ:
1) ანზორ მირუაშვილზე - 919, 30 ლარი
2) გოგი მირუაშვილზე - 822, 31 ლარი
3) ფარვიზა გაბინაშვილზე - 573, 84 ლარი
4) ზაურ აფხაზაშვილზე - 919, 30 ლარი.

ვალერი გაბრიელაშვილი: (შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ იურიდიული სამსახურის უფროსი) - ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად ,,ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს გამოთხოვილი", ხოლო ამავე კოდექსის 979-ე მუხლის I ნაწილის თანახმად,  ,,უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით". ამდენად, რადგან მოპასუხეები მოკლებული იყვნენ სამართლებრივ საფუძველს, საკუთრებად მიეჩნიათ ის, რაც მათ ვალდებულების გარეშე გადაეცათ, უნდა მოხდეს აღნიშნული თანხის მათზე დაკისრება".

საქმის  მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 მარტის განჩინების საფუძველზე, შპს ,,საქართველოს რკინიგზას" ანზორ მირუაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 572 ლარის, ხოლო შემდგომ ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე კი რკინიგზის თბილისის #2 სავაგონო უბანს გიორგი(გოგი) მირუაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 1 264 მანეთისა და 1992 წლის სექტემბრიდან მომავალში მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 78 96 მანეთის გადახდა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფარვიზა გაბინაშვილის სასარჩელო განცხადება ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხე შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ თბილისის სავაგონო უბანს მის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 309 ლარი, ხოლო 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 40 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

საქართველოს რკინიგზის თბილისის სავაგონო უბნის უფროსის 1999 წლის 6 ივლისის #4/47 ბრძანების საფუძველზე სამგზავრო ვაგონის გამცილებელს, ზაურ აფხაზაშვილს დაენიშნა ზიანის ანაზღაურება 1999 წლის 9 თებერვლიდან ყოველთვიურად გამცილებლის საშუალო ხელფასიდან 32 ლარის ოდენობით.

როგორც ვხედავთ, არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია იმისა, რომ ,,საქართველოს რკინიგზაში“ მომუშავე მუშა-მოსამსახურეები სამუშაო დროს მიღებული ჯანმრთელობისათვის საშიში ვნების მიყენების გამო ზიანის ანაზღაურებას იღებდნენ. ასეთ სიტუაციებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი არეგულირებდა, რომელსაც ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი" ჰქვია.

ამ წესში 2003 წლის 11 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის #443 ბრძანებულებით ცვლილებები შევიდა. მე-12-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ,,ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ტრავმა“.

ეს ცვლილება ,,საქართველის რკინიგზას“ ასე ესმის: ,,2003 წლის 11 სექტემბრიდან სარჩოს გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ სარჩო დანიშნული იყო მინიმალური ხელფასიდან. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს სარჩო დანიშნული ჰქონდათ იმ დროს არსებული სამგზავრო ვაგონის გამცილებლის საშუალო ხელფასიდან. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის #923 ბრძანებულებით მითითებული წესიდან მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნა და დამქირავებელს საერთოდ მოეხსნა ყოველგვარი გადაანგარიშების ვალდებულება", - წერს რკინიგზის დეპარტამენტის იურისტი.

,,საქართველოს რკინიგზის“ იურისტის აზრით, ბუღალტრის მიერ შეცდომით გადაანგარიშების წყალობით, რკინიგზის დეპარტამენტის მუშა-მოსამსახურეებმა ზედმეტად აიღეს პენსია.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა ,,საქართველოს რკინიგზის“ იურიდიული განყოფილების მიერ მომზადებული სარჩელი არ დააკმაყოფილა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის აზრით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც სარჩელში ,,საქართველოს რკინიგზა“ თავად აღიარებს, რომ შეცდომით გადაანგარიშება ბუღალტრის ბრალია.

რკინიგზის დეპარტამენტი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC