კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის უშიშროების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი პენსიის აღდგენას მოითხოვს

21 თებერვალი, 2008

 ელდარ ცაგურია
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი 

გალის რაიონის სოფელ გუდავაში, 1996 წელს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის  მიმდინარეობისას მძიმედ დაჭრილი ელდარ ცაგურია ხელისუფლებისაგან იმ პენსიის აღდგენას მოითხოვს, რომელსაც იგი 5 წლის განმავლობაში იღებდა. ის ასევე შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის იმ წევრების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც იგი 2004 წლის 4 თებერვალს შს სამინისტროს მიერ ზუგდიდში ჩატარებული ანტიპარტიზანული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

38 წლის ელდარ ცაგურია 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და 23-ე მექანიზირებულ ბრიგადასაც მეთაურობდა. 1996 წლიდან იგი ე.წ. პარტიზანულ ბრძოლებშიც ჩაერთო და აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციების მე-2 საბრძოლო დანაყოფის ოფიცერიც გახდა. 1996 წლის 28 სექტემბერს აფხაზეთში, სოფელ გუდავასთან განხორციელებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს ელდარ ცაგურიამ მუცლის არეში შემავალი ცეცხლსასროლი  ჭრილობა მიიღო.

ელდარ ცაგურია: „მძიმე ჭრილობები მივიღე, თანამებრძოლი მომიკლეს. 3 დღე-ღამის განმავლობაში ვცდილობდი ტყიდან გამოსვლას და დანიშნულ ადგილამდე მისვლას. სისხლისაგან დაცლილი მიპოვეს... მეოთხე დღეს ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში აღმოვჩნდი. 7 მეტრი ნაწლავი ამომაჭრეს. იმავე დღეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდა ჩემი ქუთაისის კლინიკაში ვერტმფრენით გადაყვანა“.

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 2001 წლიდან ელდარ ცაგურიას, როგორც II ჯგუფის ინვალიდს, 5 წლიანი ვადით 240 ლარი პენსია დაენიშნა. ელდარ ცაგურიას სიცოცხლეს საფრთხე 2004 წლის 4 თებერვალს მაშინაც შეექმნა, როცა იგი ზუგდიდში, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული ანტიპარტიზანული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში მძიმედ დაიჭრა.

ელდარ ცაგურია: „20-მდე შეიარაღებული სპეცრაზმელი სახლში მოულოდნელად შემოიჭრა, ავტომატური იარაღიდან პირდაპირ ფეხში მესროლეს, სამი ტყვია მქონდა ბარძაყში... როცა ავუხსენი, რომ უშიშროების თანამშრომელი ვიყავი, ბოდიშები მიხადეს. შემდეგ კი „ფორდის“ მარკის ავტომანქანით ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადამიყვანეს... სპეცრაზმელებმა ჩხრეკის შედეგად იარაღი ვერ იპოვეს და 2 ხელყუმბარა დამიდეს. მოგვიანებით კი ჩემი ავტომატი ამოუღიათ. ისინი ჩემს მეუღლესა და ორ შვილსაც არ მოერიდნენ. ნერვული სტრესის შედეგად 4 წლის გოგონას თვალის სიელმე განუვითარდა.

ელდარ ცაგურიამ ზუგდიდის საავადმყოფოში ერთი დღე დაჰყო. ხოლო მას შემდეგ, რაც ექიმებმა ფეხის ამპუტაციაზე გადაწყვეტილება მიიღეს, დაზარალებულმა უარი განაცხადა და ხობის კლინიკაში, მალხაზ მიხელაშვილთან ფეხის შენარჩუნება სცადა. იქ მას სამი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. მოგვიანებით, ორი ქირურგიული ოპერაცია ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშიც ჩაუტარდა. 2 წელი მან ლოგინში მწოლიარემ გაატარა. სწორედ ამიტომ ვერ ჩავიდა დაზარალებული ზუგდიდში და ვერ გაიარა სამედიცინო კომისია. 2006 წლის 27 ნოემბერს კი მას პენსია შეუჩერდა.

სამედიცინო კომისია ელდარ ცაგურიამ უკვე 2007 წლის მაისში გაიარა და III ჯგუფის ინვალიდობა დაუდგინდა, პენსიის თანხის რაოდენობა 84 ლარით განუსაზღვრეს. ცაგურიას პროტესტი ამ ფაქტმაც გამოიწვია და მან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილ მინისტრს, ლადო ჭიპაშვილს განცხადებით მიმართა. იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში III ჯგუფის ინვალიდობის მიყენების საფუძველი მხოლოდ ფეხში მიყენებული ჭრილობა გახდა, ცაგურია მინისტრისაგან გაუცემელი პენსიის მიღებასა და ადრე მინიჭებული სტატუსის აღდგენას მოითხოვდა.

ელდარ ცაგურიამ 2007 წლის 15 ივნისს ზუგდიდის რაიონის პროკურორს, კოკა არნანიასაც განცხადებით მიმართა და იმ ძალოვანების დაპატიმრებაც მოითხოვა, რომლებმაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენეს.

ელდარ ცაგურია: „ჩემი განცხადების საფუძველზე ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა ს.ს. საქმე #8304018 იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც თავიანთი უპასუხისმგებლო მოქმედებით ინვალიდი გამხადეს. საქმის მიმდინარეობის შესახებ დეტალები ჩემთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დამნაშავეები არავის დაუსჯია. პასუხს კი დღემდე ველოდები“.

შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში ელდარ ცაგურიასათვის II ჯგუფის ინვალიდობის სტატუსის გაუქმებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 აპრილს, შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ ცვლილებებს უკავშირებენ.

ქეთევან კვარაცხელია, პოლიკლინიკის დირექტორი: „ის დაავადებები, რაც ნუსხაშია მითითებული, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ელდარ ცაგურიას II ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი შეუნარჩუნდეს. ის დიაგნოზი, ბარძაყის ძვლის ცრუ სახსრის არსებობა, რომელიც ავადმყოფს იმ მომენტში ჰქონდა, შეესაბამება მხოლოდ III ჯგუფს“.

რაც შეეხება ელდარ ცაგურიას მოთხოვნას, II ჯგუფის ინვალიდობის სტატუსის აღდგენასა და პენსიის მიღებას, პოლიკლინიკაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ქეთევან კვარაცხელიას განმარტებით, პენსიის შეწყვეტის მიზეზი მაშინ ავადმყოფის სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობა გახდა, მაგრამ იმედი აქვთ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები ამგვარი პრობლემის მქონე პაციენტებსაც შეეხება.

ელდარ ცაგურია: „პოლიკლინიკის არგუმენტები უსაფუძვლოა. მე მათ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან სპეციალური ცნობა წარვუდგინე, სადაც აღნიშნულია, რომ 2006 წლის 25 ოქტომბერს ქირურგიული ოპერაცია ჩამიტარდა და 10 ნოემბრამდე სტაციონარში ვიმყოფებოდი, მკაცრი წოლითი რეჟიმი კი 31 დეკემბრამდე გამიგრძელდა. მიუხედავად ამისა, II ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი გამიუქმეს“.

ელდარ ცაგურია უფლებების დაცვას სასამართლოში გეგმავს, სადაც იგი II ჯგუფის ინვალიდობის სტატუსის აღდგენასთან ერთად შს სამინისტროს მხრიდან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვს.

ახალი ამბები