კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქართველო – დემოკრატიის მბჟუტავი შუქურა”

22 თებერვალი, 2008
წლიური ანგარიში 2007 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

2004 წლის დეკემბერში, “ვარდების რევოლუციის” გარიჟრაჟზე “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გამოაქვეყნა მოხსენება:  “ერთი ნაბიჯი წინ – ორი ნაბიჯი უკან”, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას პოსტ-რევოლუციურ პერიოდში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ. დარღვევების მზარდი ტენდენცია აისახა  ორგანიზაციის 2005 წლის ანგარიშში: “შემდეგი გაჩერება - ბელარუსი?”. ბევრმა აღნიშნული განაცხადი გადაჭარბებულად მიიჩნია, ცენტრის მიზანი კი მოცემული პერიოდისათვის საერთაშორისო საზოგადოებისათვის ნათელი გზავნილის გაკეთება იყო ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით.

2007 წლის დასაწყისში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საუბრობდა “ხავერდოვან ვარდნაზე”, რომელსაც, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიაქცია სათანადო ყურადღება. სანაცვლოდ, საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობდა საქართველოს ხელისუფლების აგრესიული “სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის” პოლიტიკის მხარდაჭერას, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად ქვეყანაში შექმნა პოლიტიკური დისბალანსი, რომლის პირობებშიც ხელისუფლება აღმოჩნდა საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა. დისბალანსის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა სასამართლო ხელისუფლების მეშვეობითაც, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემაზე დაწესებული ტოტალური დე ფაქტო კონტროლის გამო.

პოლიტიკურმა რეპრესიებმა, მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ  ჩადენილი/შეკვეთილი მკვლელობების გამოუძიებლობამ, სასამართლო ხელისუფლების უსუსურობამ და ქვეყანაში შექმნილმა უკიდურესად მძიმე სოციალურმა პირობებმა საზოგადოების დიდი ნაწილი აიძულა ქუჩაში გამოსულიყო და საპროტესტო აქციები გაემართა. მიუხედავად ნოემბრის პირველ რიცხვებში გამართული საპროტესტო აქციების მასშტაბებისა, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან დიალოგი არ ისურვა და სანაცვლოდ, პროცესებში მონაწილე ოპოზიციური ძალების დისკრედიტაცია დაიწყო. თუმცა აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა და “ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხის” თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ საკუთახი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გადაწყვიტა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც სიმბოლურად ეწოდა: “საქართველო – დემოკრატიის მბჟუტავი შუქურა” მოცემულია 2007 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული მდგომარეობა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება წინამდებარე ანგარიშში შესულიყო ინფორმაცია 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ხელისუფლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს, საქართველოს კანონმდებლობისა და ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, რასაც შედეგად მოჰყვა ათეულობით ადამიანის ფიზიკური დაშავება და ექვსასზე მეტი დემონსტრანტის ჰოსპიტალიზაცია ცრემლსადენი გაზის გადაჭარბებული რაოდენობის გამოყენების შედეგად მოწამვლის გამო. ანგარიშში მოცემულია შეფასება 7 ნოემბერს ტელეკომპანიების “იმედი”–სა და “კავკასიის” მაუწყებლობის კანონდარღვევით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასევე “იმედის” საკუთრების უკანონო ხელყოფასთან დაკავშირებით.

ანგარიშში დეტალურადაა ასახული ის დარღვევები რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომლების მიერ დაფიქსირდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში, როდესაც პირდაპირი ზეწოლა იქნა განხორციელებული ცენტრის დამკვირვებლებზე მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ საარჩევნო დარღვევების გასაჩივრებას საარჩევნო ადმინისტრაციაში.
 

გარდა აღნიშნულისა, ანგარიშში შესულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2007 წელს ადამიანის უფლებების ხელყოფას უკავშირდება, მათ შორის: საკუთრების უფლების კომპენსაციის გარეშე ხელყოფის ფაქტები და იძულებითი გასახლებები; სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების ადმინისტრირებისა და ქართულ ციხეებში არსებული პრობლემები. ხელისუფლების აგრესიული და უკონტროლო მილიტარისტული პოლიტიკა; გამოხატვის თავისუფლების უფლებისა და მედია საშუალებების ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები და საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილთა მდგომარეობა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციასთან (OMCT) და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით 2007 წელს მოამზადა ალტერნატიული ანგარიში გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტისათვის. ანგარიშში ასახულია ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც წლების მანძილზე იგნორირებულია ხელისუფლების მიერ და დღემდე მოუგვარებელი რჩება. საჯაროობის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ალტერნატიული ანგარიშის შემოკლებული ვერსიის 2007 წლის წლიურ ანგარიშში ჩართვის შესახებ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადო ყურადღებას დაუთმობს ანგარიშში მოცემულ ადამიანის უფლებათა დარღვევების უხეშ ფაქტებს და გაითვალისწინებს მათ საქართველოს ხელისუფლებასთან შემდგომ ურთიერთობაში.

250 გვერდიანი წლიური ანგარიში მომზადებულია ინგლისურ ენაზე და ის უკვე დაეგზავნა როგორც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ასევე ქვეყნის ფარგლებს მიღმა მოქმედ ყველა იმ ორგანიზაციას, ვისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

ანგარიშის სრული ვერსია
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები