კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილის არქონის მოტივით ოთხი წლის პატარა საავადმყოფომ არ მიიღო

25 თებერვალი, 2008

 გულო კოხოძე, ახალციხე

მცირეწლოვანი ბადინდარ ბასატოვა „ა“ ჰეპატიტის გართულებულ ფორმას ახლა უკვე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ებრძვის, თუმცა, შვიდი დღის წინ დედაქალაქის საავადმყოფოებმა მის მიღებაზე ადგილის არქონის გამო უარი განაცხადეს.
 
ბადინდარ ბასატოვა ოჯახთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს. მაჰმადიანი მესხების ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად ერთი წლის წინ ჩამოვიდა. მათი ისტორიული გვარი ლორთქიფანიძეა.

ოთხი წლის და ექვსი თვის პატარა, შპს „ახალციხის რაიონული საავადმყოფოს“ ინფექციურ განყოფილებაში „ა“ ჰეპატიტის მძიმე ფორმით ავადმყოფობიდან ორი კვირის თავზე დაგვიანებით მიიყვანეს.

„მშობლებმა ავადმყოფობა გვიან შეამჩნიეს. შესაბამისად, არ იცავდნენ დიეტას. პაციენტს კომის პირველი ხარისხი ჰქონდა. ამჟამად მას ღვიძლის უკმარისობის პირველ-მეორე ხარისხი აქვს. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ“, - ამბობს ექიმი-ინფექციონისტი ნუნუ აბდუშელიშვილი.
                     
პატარას მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში მიყვანიდან ორი დღის შემდეგ ადგილობრივმა მედპერსონალმა თბილისში გადასაყვანად კატასტროფების მედიცინის ცენტრიდან ბრიგადა გამოიძახა. სასწრაფო დახმარება ჩამოვიდა და საჭირო მედიკამენტებიც ჩამოიტანა, თუმცა პაციენტის გადაყვანა ვერ მოხერხდა. საავადმყოფოებმა მის მიღებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ინფექციურ განყოფილებებში ადგილი არ ჰქონდათ.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებებში კარანტინია, რადგან ჩუტყვავილით დაავადებული პაციენტები ჰყავთ. სხვა საავადმყოფოშიც დარეკეს, მაგრამ ადგილი არსად აღმოჩნდა. ეს ინფექციური დაავადებაა, საერთო განყოფილებაში ბავშვის მოთავსება არ შეიძლებოდა. მას იზოლაცია სჭირდება“, - ასე ახსნა მიღებული უარი ნუნუ აბდუშელიშვილმა, რომელიც პაციენტის პალატას ღამითაც კი არ ტოვებდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი თბილისიდან მიღებული უარით გაკვირვებულია. მისი თქმით, ბავშვის გადარჩენა მკურნალი ექიმების თავდაუზოგავი შრომის შედეგია: „ეს ხალხი დღე და ღამე ბავშვის საწოლთან ათენებს და აღამებს. არ ვიცი, რატომ თქვა ყველამ უარი. ამ ბავშვს რამე რომ დაემართოს, ვის უნდა დაბრალდეს? რომ მოგყავს ეს ხალხი (მაჰმადიანი მესხები), მიხედე მაინც. ამ დროში ბავშვი ჰეპატიტით არ უნდა იღუპებოდეს“.

ნუნუ აბდუშელიშვილის თქმით, მკურნალობა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰეპატიტების განყოფილების რეანიმაციის განყოფილების გამგესთან სატელეფონო კონსულტაციებით გრძელდება: „ბავშვს უკეთესობა აქვს, მაგრამ მის გადაყვანას მაინც საჭიროდ მივიჩნევთ“, - აცხადებდა ნუნუ აბდუშელიშვილი 21 თებერვალს. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ პატარას მძიმე მდგომარეობის გამო თბილისის ინფექციურ განყოფილებაში ადგილი ,,გამოიძებნა” და გადაყვანაც მოხერხდა.

ბადინდარ ბასატოვას ოჯახში კიდევ შვიდი ბავშვია. არსებობს საფრთხე, რომ ისინიც დაავადდნენ. ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პატარას დაავადება უფროსი ძმისგან გადაედო, რომელმაც ჰეპატიტი დეკემბრის ბოლოს გადაიტანა.

ახალი ამბები