00:34, Saturday, 11.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

10-დან 15 წლამდე მოზარდები ნარკოტიკულ საშუალებებს მასობრივად მოიხმარენ

26.02.2008
ექიმი-ნარკოლოგი: „მალე მთელი ახალგაზრდობა აკანკალებული ხელებით ივლის“

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და გაახალგაზრდავდა. სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან ნარკოტიკულ ნივთიერებებს უკვე 10-დან 15 წლამდე მოზარდებიც კი მასობრივად მოიხმარენ. ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წელთან შედარებით, 2007 წელს, კახეთში, თითქმის გასამმაგდა ნარკოტიკული დანაშაულიც. ამ ფონზე, რეგიონში, არცერთი სამედიცინო დაწესებულება არ ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლებს უმკურნალებდნენ. არც რაიმე ანტინარკოტიკული პროგრამა ხორციელდება.

ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი, მარიამ ხოტენაშვილი სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრება.

- ქალბატონო მარიამ, საქართველოში, სულ რამდენი ნარკოტიკების მომხმარებელია რეგისტრირებული?

- საქართველოში, სულ 250 ათასი ადამიანია რეგისტრირებული ნარკოტიკების მომხმარებლად. ეს ოფიციალური რიცხვია. არაოფიციალურად კი, კიდევ უფრო მეტი. კონკრეტულად კახეთის რეგიონში, 2006 წლის სექტემბრიდან გამოვლინებები ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ნარკოლოგიურ განყოფილებებში. ასეთი ერთი განყოფილება საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის პუნქტში იყო, მეორე ჯგუფი კი, ცოტა ხნის წინ ამუშავდა თელავის პოლიციის შენობაში. ამ განყოფილებებში ავლენენ, არის თუ არა პირი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

- მომხმარებლის ასაკის გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა ძალიან საგანგაშოა. პრაქტიკაში გვაქვს უკვე, რომ 10, 11, 12 და ა.შ. მოზარდები ინტრავენური მომხმარებლები არიან. გარდა ამისა, ბოლო დროს, გამოხატულია ძალიან საშიში დამოკიდებულება ისეთი ტოქსიური ნივთიერებების მიმართ, რომლებიც საშინელ ნევროლოგიურ გართულებებს იწვევს.

- ძირითადად რა ტოქსიკურ ნივთიერებებზე საუბრობთ?

- აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მედიკამენტები, რომელთა დიდი რაოდენობით მიღება იწვევს დროებით ეიფორიას და მომხმარებელი მიჰყავს საშინელ მდგომარეობამდე, აფთიაქებში ჩვეულებრივ იყიდება. მაგალითად, „აქტიფედი“, ასევე გაციების საწინააღმდეგო საშუალებები: „ნოლგრიპი“, „ქოლდრექსი“, ასევე ანტიდეპრესანტი „კუაქსილ“. ეს პრეპარატები თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

- ანუ, მსურველს თქვენს მიერ ჩამოთვლილი მედიკამენტების შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშეც შეუძლია?

- დიახ, სწორედ ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას. არანაირი აკრძალვა ამ მედიკამენტებზე არ ვრცელდება. ასევე აქტიურად მოიხმარენ „მარგანცოვკას“ და იოდს. ერთ-ერთ კონფერენციაზე ნარკოლოგიური კლინიკის წამყვანმა სპეციალისტმა გელა ლეჟავამ დააყენა საკითხი, რომ კატეგორიულად აეკრძალათ ამ მედიკამენტების თავისუფლად გავრცელება, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ. მხოლოდ „კუაქსილი“ გაიცემა ექიმის დანიშნულებით და ისიც ხშირ შემთხვევაში, ისევ მომხმარებლების ხელში ხვდება. აღარაფერს ვამბობ ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა ჰეროინი, მარიხუანა და სუბოტექსი. მარიხუანას განსაკუთრებით აქტიურად რაიონებსა და სოფლებში მოიხმარენ. მთელს კახეთში და განსაკუთრებით, გურჯაანის რაიონში, ამ მხრივ საშინელი მდგომარეობაა. მალე, მთელი ახალგაზრდობა აკანკალებული ხელებით ივლის. ეს სოციალური აფეთქების ტოლფასია.

- რამ გამოიწვია მათი რიცხვის ზრდა და რა შედეგებამდე მიჰყავს ამ ნივთიერებებს მომხმარებელი?

- ყველა ამ საშუალებას, მომხმარებელი ძალიან მძიმე შედეგებამდე მიჰყავს: მწვავე ნევროლოგიური გამოვლინებები, როგორიც არის პარკინსონის დაავადება, ექსტრაპირამიდული აშლილობები. ვლინდება ასევე ფსიქიკური აშლილობა, მეტყველების მოშლა და იწვევს სტრესულ მდგომარეობას. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტი სასიკვდილოდ არის განწირული. რთული მდგომარეობა გვაქვს ალკოჰოლის გადაჭარბებით და მასობრივად მოხმარებასთან დაკავშირებითაც. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სოციალურმა გაჭირვებამ, დაბალმა ეკონომიკურმა დონემ და უყურადღებობამ გამოიწვია. 

- თუ გვაქვს რეგიონში იმის საშუალება, რომ ნარკოტიკების მომხმარებელმა იმკურნალოს, ან სხვა, რაიმე პრევენციული ღონისძიებები თუ ტარდება?

- არა. მთელს კახეთში ერთი ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელების ცენტრიც კი არ არსებობს, სამკურნალო დაწესებულებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თბილისში არის მსგავსი დაწესებულებები, მაგრამ რეგიონებში, ამ კუთხით, ძალიან ცუდი ვითარებაა.

ექიმი-ნარკოლოგის ინფორმაციას, გაციების საწინააღმდეგო საშუალებების, ასევე იოდის დიდი ოდენობით გაყიდვის შესახებ, განსაკუთრებით საღამოს საათებში, აფთიაქებში არ უარყოფენ.

„ნარკოტიკული, ან თავისი ეფექტით და მოქმედებით, მასთან გათანაბრებული მედიკამენტები, აყვანილია კონტროლზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია ის პრეპარატები, რომლებიც ექიმის დანიშნულების ოფიციალური ბარათის გარეშე არ გაიცემა. ამ სიაში მოცემულია „კუაქსილიც“. „მარგანცოვკა“ ფეთქებად ნივთიერებათა სიაშია გადატანილია და უნებართვოდ არ გაიცემა, თუმცა, დიდი ხანია, გაყიდვაშიც არ არის. პრეპარატ „აქტიფედში“ შედის ეფედროლი და მისი დიდი რაოდენობით მიღება, ნამდვილად იწვევს დროებით ეიფორიას. ამ პრეპარატის თავისუფლად გაყიდვა, ჯერ-ჯერობით არ შეუზღუდავთ. იგივე შეიძლება ითქვას „ქოლდრექსსა“, „ნოლგრიპზეც“. იოდზე მართლაც ძალიან დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით საღამოს და ღამის საათებში, მოზარდების მიერ. ხშირად, თვითონაც გვიკვირს, იმდენი რაოდენობით იყიდება, ოღონდ როგორ და რაში იყენებენ მას, ვერ გეტყვით“, - განაცხადა „პსპ“-ს #76 აფთიაქის მენეჯერმა ნინო ბაწაშვილმა.

სტატისტიკური მონაცემებით, კახეთში მოქმედმა 8 რაიონულმა სასამართლომ 2006 წელს ნარკოტიკული დანაშაულის 100-მდე სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის კი ადმინისტრაციული სახდელი 500-მდე პირს დაედო.

2007 წელს ნარკოტიკული დანაშაულების შესახებ განხილულ საქმეთა რიცხვი თითქმის გასამმაგებულია და 270-ს აღწევს. ნარკოტიკების უკანონო დამზადება- შეძენა-შენახვისათვის და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ყველაზე ბევრი, 18-დან 24 წლამდე პირია მსჯავრდებული. ნარკოტიკული დანაშაულის მუხლებით გასამართლებულნი არიან არასრულწლოვნებიც.

2007 წლის განმავლობაში, რაიონული სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სახდელი აქვს დადებული 1000 -ზე მეტ პირს.

სპეციალისტების თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს და ისიც, მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი.

ჰეროინზე დამოკიდებული პირის სტაციონალური მკურნალობა 1800 ლარი ღირს; სუბოტექსის მოხმარებისათვის - 1600 ლარი; სწრაფი დეტოქსიკაციის მეთოდი, რომელიც 5 დღიან პროცესს მოიცავს და ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობს - 2000 ლარი; ალკოჰოლური მკურნალობა, რომელიც 7 დღიან მკურნალობას მოიცავს, 640 ლარი ღირს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC