კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორები უნდა იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები

26 თებერვალი, 2008

საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შედგენილი სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა 27 კაციანი სიით დასრულდა. ვინ გახდება საბოლოოდ საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, ცნობილი ჯერ-ჯერობით არ არის, ეს სია პარლამენტის მიერ უნდა დამტკიცდეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გადაწყვიტა გაერკვია, როგორი სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე და საზოგადოებრივი მაუწყებელი სურს საზოგადოებას.

ყველა რესპოდენტი თანხმდებოდა ერთ რამეზე: ის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, საზოგადოების ინტერესებს არ ითვალისწინებს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ ამ არხის, არამედ საქართველოს ყველა ტელევიზიის პრობლემაა. მსახიობ გია ბურჯანაძის თქმით, ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის დონე ძალიან დაბალია და ის ხელისუფლების ჯიბის ტელევიზიას წარმოადგენს.

რუსუდან ბოლქვაძე: „მედიას ცალკე რეალობა აქვს წარმოდგენილი, რომელსაც აქტიურად ასახავს. რომ ჩაუღრმავდე, ხალხს სულ სხვა რამ აწუხებს. ვფიქრობ, ამის ზუსტი გაგება არის საჭირო. რომ იტყვიან, მაჯაზე ხელი უნდა ეჭიროთ“.

მსახიობი გურანდა გაბუნია საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე დიდი ხანია არ უყურებს. ფიქრობს, რომ ანალოგიურად იქცევა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რადგან ხალხი იმას უყურებს, რაც აინტერესებს.

მიმართვაში, რომლის ადრესატიც საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე არიან, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული ურთიერთობათა საბჭო, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა“, „ეროვნული უმცირესობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის ეს საკმარისი არ არის“. ამიტომაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის საკუთარი კანდიდატების წარმოდგენა გადაწყვიტეს: გარი აუგუსტი, მიხეილ აიდინოვი, ზაურ ხალილოვი, თენგიზ გაგლოევი, ლალი მოროშკინა და მარინა სოლომონიშვილი.

კულტურის მოღვაწეები საკუთარ კანდიდატზე, მართალია, არ საუბრობენ, თუმცა თავისი რჩეული ბევრს მაინც ჰყავს.

რეჟისორი დავით დოიაშვილი: „სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელმაც კარგად იცის ტელევიზია, მაგალითად, კახა ბექაური, ლევან კოღუაშვილი, დათო გერსამია, ანუ ის, ვინც პროფესიონალია.

რუსუდან ბოლქვაძეს მიაჩნია, რომ  სამეურვეო საბჭოს წევრები, რადგან ბევრნი არიან, სასურველია, ყველა პროფესიას წარმოადგენდნენ. კულტურული, განათლებული და ნაკითხი ხალხი უნდა იყოს. „თავმჯდომარე ფხიზელი და პრაგმატული უნდა იყოს. საერთოდ, ისეთი ადამიანის არჩევა, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, ძნელია. არსებულ რეალობაში ია ანთაძეს მივემხრობოდი“.

გია ბურჯანაძე ამბობს, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი არ უნდა იყოს ხელისუფლების ან ოპოზიციის მიერ ანგაჟირებული. „უნდა იყოს საქმეში გარკვეული და პროფესიონალი. თავმჯდომარეობის საუკეთესო კანდიდატად ირაკლი ტრიპოლსკი მიმაჩნია“.

მწერალ ოტია იოსელიანს მიაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აუცილებლად მებრძოლი უნდა იყოს. „ახლა ჩვენ ბრძოლა გვჭირდება, ყურება კი არა. ზნეობა უპირველეს ყოვლისა!!! უნდა იყოს ქრისტიანი, ღვთისაგან უნდა იყოს დაკვალიანებული და ის ღვთიურს და ჭეშმარიტს გააკეთებს ყველაფერს. ყველაზე კარგად დავით ტურაშვილს ვიცნობ და ვიცი, რომ კარგი ადამიანია. ვფიქრობ, კარგი თავმჯდომარე იქნებოდა.“

ყველაზე მეტად კინორეჟისორმერაბ კოკოჩაშვილს დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში სიმართლე და თავისუფლება აკლია. მისი თქმით, ამ სიმართლეზე საუბარი მხოლოდ თავისუფალ ჟურნალისტს შეუძლია. ამიტომაც აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ავტორიტეტული ჟურნალისტების ხილვა, რომლებსაც საზოგადოება დაუჯერებდა. ის ფიქრობს, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მიუკერძოებელი, საქმის პროფესიონალი, ნიჭიერი, ამ დარგში გამოცდილი უნდა იყოს. თუმცა მაკონტროლებელი ორგანო ასეთ ადამიანსაც სჭირდება. „სამეთვალყურეო საბჭო სწორად ასეთი ორგანოა. თუ სამეთვალყურეო საბჭოში ისეთი ადამიანები იქნებიან, რომლებიც არა პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ დაკვეთას გაუწევენ ანგარიშს, მაშინ ისინი თავისუფლები იქნებიან“.

იმას, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და თავმჯდომარე  ანგაჟირებულები არ უნდა იყვნენ, ფოტოგრაფი იური მეჩითოვიც ეთანხმება. „საჭიროა ისეთი ადამიანები, ვისაც საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტი აქვთ, რაიმეთი არიან გამორჩეულები. სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ტელევიზიის საქმიანობაში გარკვეულნი იყვნენ. ვენდობოდი ისეთ ადამიანს, რომელსაც თან ახალგაზრდული ჟინი არ დაუკარგავს, თან წლები აქვს გავლილი და გამოცდილება მიღებული“.

მეჩითოვი აღნიშნავს, რომ ბევრია დამოკიდებული წამყვანზე, რომელიც საზოგადოებას დაბალანსებული ინფორმაცია უნდა მოაწოდოს. „ წამყვანი მთლად ისეთი არ უნდა იყოს, როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან აგრესიული იქნება“.

გურანდა გაბუნია: „უნდა იცოდეს ხელოვნება, მეცნიერება, მხატვრობა, ცეკვა, ბალეტი, ოპერა, ყველაფერი, რაც ეხება მაუწყებელს. იმიტომ, რომ თუ მას ცუდ ფილმს მოუტანენ და ეტყვიან, ეს უნდა გაუშვა, მან უნდა თქვას, ეს არ ვარგა. აუცილებლად უნდა იყოს ნაკითხი. უნდა უყვარდეს ხელოვნება.“

კახი კავსაძეს კი მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისთვის ის არის, რომ ხალხს უნდა იცნობდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ყველაფრის გაკეთებას საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით.

ძნელია იმის თქმა, რამდენად გაამართლებენ მომავალში არჩეული სამეურვეო საბჭოს წევრები და თავმჯდომარე. ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს რეფორმების განხორციელებაში მეტ ინტერესს ესტონეთის ეროვნული ტელერადიომაუწყებლობა იჩენს. ის ტელეკომპანიას კონსულტაციებით დაეხმარება. მას ფინანსურად ესტონეთის საგარეო უწყება ეხმარება, რომელიც  ამ საქმისთვის 19 ათას ამერიკულ დოლარს საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები