კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კეთილდღეობა თუ წინასაარჩევნო ზღაპრები?

27 თებერვალი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 194,5 ლარია. მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი კი, ამ მაჩვენებელს გაცილებით ჩამორჩება. დაძაბული სოციალური მდგომარეობის ფონზე ცენტრალური მთავრობა საკუთარ ხალხს გახმაურებულ (და კარგად გაპიარებულ) პროექტს „საქართველო სიღარიბის გარეშე“ სთავაზობს.

გაზრდილი პენსია, დასაქმებული ადამიანები, აღორძინებული სოფლის მეურნეობა, სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარებები - პროექტის ის მიმართულებებია, რომელზეც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს და შესაბამისად, დაპირებებსაც უხვად არიგებს. მისივე განმარტებით, ყოველივე სულ რაღაც 50 დღეში რეალობად უნდა იქცეს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული საკითხის მიმართ ადამიანები არაერთგვაროვნად არიან განწყობილი. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ „წინასაარჩევნო კამპანია გაახურა“ და ხალხზე ზრუნვა აქ არაფერ შუაშია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისმა ქვეყნის სოციალური მდგომარეობით შეწუხებული რიგითი ქუთაისელების მოსაზრებები ჩაიწერა. 

გულიკო ჯაფარიძე, პედაგოგი: „სასაცილოა, როცა ხელისუფლება ამგვარ ზღაპრებს გვიყვება. ქვეყანაში, სადაც უმუშევართა რიცხვი დღითიდღე იზრდება და ადამიანები გამუდმებით გაჭირვებას უჩივიან, მთავრობა უფრო სერიოზულად უნდა მოქმედებდეს. არავის ამ ზღაპრების არ სჯერა. ესაა წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც საზოგადოების მხრიდან აგრესიისა და არაკეთილგანწყობის მეტს ვერაფერს იმსახურებს.“

თენგიზ სამხარაძე, მტვირთავი: „წელში ვარ გაწყვეტილი, რომ შვილები არ მოვაშიო და ოჯახი ვარჩინო. წლების მანძილზე ქუთაისის ავტოქარხანაში წამყვან ინჟინრად ვმუშაობდი და იქედან ისე გამომაგდეს, არავის უკითხავს, თავი რით უნდა მერჩინა. ამ ქვეყანაში ადამიანს საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს - მთავრობის. რასაც დაგვპირდა, როდის შეგვისრულა, რომ ეს დაპირება დავიჯეროთ? რა ვქნა, მაგათი სისულელეების იმედად ვერ ვიქნები. ვისაც სჯერა, მათ დაეხმარონ.“

მაგული სირბილაძე, დიასახლისი: „რა სოციალურ დახმარებებს ახსენებენ, როცა ავადსახსენებელი ვაუჩერების ბუმი ჯერაც არ დასრულებულა. ხალხს ელექტროენერგიისა და გაზის ვაუჩერები დაურიგეს და „ქუთგაზიდან“ და ენერგოკომპანიიდან იმხელა გადასახადები მოვიდა, რომ  ჯობდა, საერთოდ არაფერი ყოფილიყო. იმის იმედად, რომ ხელისუფლება ეხმარებოდა, ჩემმა მეზობელმა ელექტროენერგია თამამად მოიხმარა და მერე აღმოჩნდა, რომ სააბონენტო ნომერში შეცდომა იყო და მისი თანხა სხვის ანგარიშზე ჩაირიცხა. მას კი თანხის ნაღდი ანგარიშსწორება მოთხოვეს. თავბედი იწყევლა საცოდავმა და ვერაფერს გახდა. აი, ასეთ სოციალურ დახმარებებს გვთავაზობს ჩვენი ხელისუფლება.“

ნანი ლაღაძე, გამყიდველი: „პროდუქტების ფასები დღითიდღე იზრდება. შემოდიან ადამიანები, აკვირდებიან ფასებს და უკმაყოფილებას ვერ ფარავენ. ბუნებრივია, ეს არაა სასიამოვნო. პენსიები კიდეც რომ გაიზარდოს, ფასებს მაინც ვერ დაეწევა. ესაა გამოსასწორებელი და მთავრობამ ამაზე უნდა იზრუნოს. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მორიგი დაპირება და მეტი არაფერი.“

გიორგი მჭედლიძე, უმუშევარი: „წინასაარჩევნო კამპანია სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან დაიწყო. იცოდა, რომ ხალხი ისევ დაჭირდებოდა და არჩევნებს ხალხის გარეშე ვერ მოიგებდა. თუმცა, მოიგო თუ არა არჩევნები, ეს სხვა საკითხია. არ ვიცი, მე მათი დაპირებების არ მჯერა. არც გაზრდილი პენსიები და აღორძინებული სოფლის მეურნეობაა დიდად დასაჯერებელი.“

მანანა სანიკიძე, ფარმაცევტი: „ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. მედიკამენტები გაძვირდა. არც პროდუქტები ჩამორჩება. ადამიანები გამაყუჩებელ წამლებს ვერ იძენენ და იღუპებიან, რადგან მკურნალობას ვერ ახერხებენ. მართალია, სოციალური პროგრამები არსებობს, მაგრამ ბევრი ადამიანი ამ პროგრამებში მოხვედრას ვერ ახერხებს და ხშირად მას ეხმარებიან, ვინც არცთუ ისე მიუსაფარია.“

ახალი ამბები