კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია ნოდია განათლების სისტემაში ჩატარებული რეფორმებით უკმაყოფილოა

28 თებერვალი, 2008
რა დაპირებები მიიღეს გალელმა და ზუგდიდელმა პედაგოგებმა?!
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გია ნოდია სამეგრელოში ხელცარიელი არ ჩასულა - 688 გალელ პედაგოგს ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერები მან პირადად გადასცა. უხვი დაპირებები კი სამინისტროს სახელით გია ნოდიამ  ზუგდიდისა და გალის რაიონის პედაგოგებს თანაბრად გაუნაწილა.

300-მდე პედაგოგი ზუგდიდის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ახლადდანიშნულ მინისტრს მწვავე შეკითხვებს უსვამდა. თითქმის სამსაათიანი შეხვედრის განმავლობაში გია ნოდია განათლების სისტემაში აქამდე გატარებული რეფორმებით უკმაყოფილო პედაგოგებს დიდი მოთმინებით უსმენდა და მთელი რიგი საკითხების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზეც ღიად საუბრობდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მასწავლებელთა ხელფასების გაზრდას განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს. იგი სკოლის დირექტორთა შერჩევის მეთოდიკასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ლოტოტრონის პრინციპსაც მიუღებლად აფასებს. გია ნოდია განათლების სისტემის სტრუქტურულ  რეფორმასაც გეგმავს. იგი პედაგოგთა პროფესიულ გადამზადებაზე, სასკოლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე და მასწავლებელთა სამუშაო ადგილების დაცულობაზეც მზადყოფნას აცხადებს.

გია ნოდია: „მინისტრთა კაბინეტის პოზიციაა, რომ მასწავლებელთა ხელფასების ზრდას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭოს. ჩვენ ვერ გვექნება განათლების კარგი სისტემა, თუ იმ ადამიანების გასამრჯელო, რომლებიც სკოლაში მუშაობენ, მათი შრომის ადეკვატური არ იქნება. მასწავლებელთა სამუშაოს დაცულობის ხარისხი უნდა გაიზარდოს. მოკლევადიანი კონტრაქტები, ბუნებრივია, პედაგოგების წუხილს იწვევს“.

ასეთი შეწუხებული პედაგოგები დარბაზში მრავლად იყვნენ. ზოგი მათგანი დარბაზში აკეთებდა განცხადებას, ზოგი კი მომზადებული მიმართვის ტექსტით მინისტრს გასასვლელში ელოდებოდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლიდან განთავისუფლებული ფიზიკა-მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი, ნინო გაბუნია განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სამუშაოზე აღდგენას სთხოვდა და სკოლის დირექტორის, ელისო ჩიკვატიას უკანონო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.

ნინო გაბუნია: „ელისო ჩიკვატიას ჩემს წინააღმდეგ პირადი ინტერესი ამოძრავებს... მან უკანონოდ გამანთავისუფლა. ის გაკვეთილების გაცდენასა და პედაგოგებთან კონფლიქტში მადანაშაულებს, ხოლო განთავისუფლების საბოლოო მოტივად მან სახელფასო ფონდის გადახარჯვასთან დაკავშირებით დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობის ამოღება დაასახელა. სკოლის დირექტორის სურვილი კი სკოლიდან ჩემი გაძევება და სხვა პედაგოგის დასაქმება იყო“.

ნინო გაბუნია მინისტრს იმ ინციდენტზეც ესაუბრა, რომლის დროსაც სკოლის დირექტორმა მისი გაძევება პოლიციის დახმარებით სცადა. „ელისო ჩიკვატიამ ჩემი პროვოცირება უნიჭოდ დაგეგმა. ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები მან წინასწარ გააფრთხილა, სკოლაში მიიწვია და შესაფერის დროს დაელოდა. თუმცა მან ეს ვერ განახორციელა და ჩემი მხრიდან დაპირისპირების მცდელობა თუ წვრილმანი ხულიგნობა ძალოვანებთან ერთად ვეღარ დააფიქსირა“.

ორსანტიის საჯარო სკოლის დირექტორი, ელისო ჩიკვატია პოლიციის ჯგუფის სკოლაში მობილიზებას არ უარყოფს და ამ გადაწყვეტილებას კანონიერად ისევე მიიჩნევს, როგორც გაბუნიას განთავისუფლებას. გია ნოდია კი საკითხის მოგვარების პირობას იძლევა და საქართველოს საჯარო სკოლებში დანიშვნა-განთავისუფლების აქამდე არსებული მეთოდების შეცვლას გეგმავს.

მინისტრთან შეხვედრაზე თავისი უკმაყოფილება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებული ზუგდიდის ფილიალის პროფესორ-მასწავლებლებმაც გამოთქვეს. ასამდე ლექტორის სახელით გია ნოდიას ქეთევან სიგუამ მიმართა, რომელმაც ფილიალის არსებობის აუცილებლობაზე მოთხოვნა ახლადდანიშნული მინისტრის წინაშეც დააყენა.

ქეთევან სიგუა: „ზუგდიდის ფილიალის გაუქმება ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. მის ბაზაზე რა ტიპის დაწესებულება შეიქმნა - გაურკვეველია. მაშინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ  10 წლის წინ ფილიალი მაამებლურად გახსნა და მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გაპრეზიდენტებამდე და მის შემდეგაც ზუგდიდის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევას გეგმავდა, უნივერსიტეტი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. ამ უნივერსიტეტის უკან მთელი რეგიონი და ათასობით სტუდენტი იდგა. ახლა კი, რაღაც სახელდახელოდ შექმნილ დაწესებულებას ისეთი დირექტორი მართავს, ვინც შევარდნაძისდროინდელ მთავრობაში „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდა და რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თეონა ხუფენიამ იმ კოლეჯშიც ის პედაგოგები დატოვა, ვინც მის გადირექტორებას ვარდებითა და შამპანიურებით ხვდებოდა. მან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა...“

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი მთავრობის გადაწყვეტილებას წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევს. „ეს დაწესებულება სრულ აკადემიურ საბაკალავრო პროგრამებს ახორციელებს, მუშაობს იმავე პროგრამით, როგორც უნივერსიტეტის ფილიალი. მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, მისი პრობლემაა. ეს დაწესებულება მხოლოდ იმ რაოდენობის კადრებით შეივსო, რამდენიც საჭირო იყო და ვისაც შესაბამისი შესაძლებლობა ჰქონდა“, - აცხადებს თეონა ხუფენია.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიმართ პრეტენზიებს ის პედაგოგებიც გამოთქვამდნენ, რომლებიც გია ნოდიას გასასვლელ კარში ელოდნენ. ყოფილი პროფესიული ლიცეუმის 37 მასწავლებელი სამუშაო ადგილებზე აღდგენას მოითხოვს. სპეციალური მიმართვის ტექსტი განთავისუფლებულმა პედაგოგებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს პირადად გადასცეს და საქართველოს პრეზიდენტს თხოვნის წერილიც გაუგზავნეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გალელ და ზუგდიდელ პედაგოგებთან საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამაზეც საუბრობდა, სადაც სასკოლო მერხების, კომპიუტერული ტექნიკისა და სპორტული მოედნების აღდგენასთან ერთად გათბობის თანამედროვე სისტემის დამონტაჟებას პრიორიტეტული ადგილი უკავია. თუმცა მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრას იმ მილიონნახევარი ლარით რეაბილიტირებული საჯარო სკოლის დარბაზში მართავდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შარშან საზეიმო ვითარებაში გახსნა და გათბობის სისტემადამონტაჟებული ოთახები საქვაბე დანადგარის უქონლობის გამო დღემდე ვერ ამოქმედდა. ხოლო სიცივისაგან გათოშილი მოსწავლეები და პედაგოგები ყინვიან ზამთარში სასწავლო პროცესს დღემდე შესაშური ენერგიით მართავენ.


ახალი ამბები