კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო დავა გამომძალველი დირექტორის წინააღმდეგ

5 მარტი, 2008

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ხონის მკვიდრმა ნანული გახოკიძემ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სახელოვნებო სასწავლებლის ხონის ფილიალში მედდის თანამდებობაზე 2000 წლის 1 იანვრიდან ექვსი წელი იმუშავა. აქედან სამი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ხელფასს -  15 ლარის, დანარჩენი დროის მანძილზე კი, 25 ლარის ოდენობით იღებდა. თავისი ხელფასის ოდენობის სისწორეში ნანული გახოკიძეს ეჭვი მას შემდეგ შეეპარა, რაც 2005 წლის ოქტომბრის თვეში ხელფასის აღებისას მან ხელი 53 ლარის მიღებაზე მოაწერა, დირექტორმა კი,  წინანდებურად, 25 ლარი მისცა. დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

„ჩემი ხელფასის ნამდვილი ოდენობის გარკვევა რომ დავიწყე, კოლეჯის დირექტორმა მაყვალა სალუქვაძემ ორ თვეში სრულიად უსაფუძვლოდ დამითხოვა სამსახურიდან. ამის შემდეგ წერილობით მივმართე მას ჩემი რეალური ხელფასის შესახებ ცნობის მოცემის მოთხოვნით, მაგრამ ვერც მისგან და ვერც ციცო ჯაფარიძისგან, რომელიც თბილისის ხელოვნების კოლეჯის გენერალური დირექტორია, პასუხი ვერ მივიღე“, - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ფილიალს ნანული გახოკიძემ.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეში ადვოკატი ჩაერია, ნანული გახოკიძემ მიიღო ცნობა, რომელშიც მითითებული იყო მონაცემები მისი სამუშაოს და კუთვნილი თვიური ხელფასის რეალური ოდენობის შესახებ. ეს სინამდვილეში აღმოჩნდა, არა 15 და 25 ლარი, არამედ 2000 წლის იანვრიდან 2002 წლის აგვისტოს ჩათვლით ხელზე ასაღები 31 ლარი, 2002 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე - 40 ლარი, 2003 წლიდან 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით - 52 ლარი, ხოლო 2005 წელს - 53 ლარი. აღნიშნულ ცნობაში მითითებული იყო იმის შესახებაც, რომ ეს თანხა გახოკიძეს მიღებული ჰქონდა, რაც მისივე თქმით სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს: „არ არსებობს არცერთი სახელფასო უწყისი, რომლითაც ჩემს მიერ სრული ოდენობით ხელფასის აღება დასტურდებოდეს“,  - აცხადებს ნანული გახოკიძე. 

საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. ნანული გახოკიძე მაყვალა სალუქვაძისაგან 5 წლის განმავლობაში მისთვის დამალული 2404 ლარის გარდა სახელფასო თანხის გაუცემლობის გამო შრომის კოდექსით ყოველ გადაცილებულ დღეზე გათვალისწინებული თვიური ხელფასის ოდენობის 0,07%-ის გადახდასაც ითხოვს, რაც ამ შემთხვევაში 3832 ლარს შეადგენს.

როგორც გაირკვა, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოში ნანული გახოკიძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება თბილისის ხელოვნების კოლეჯის ხონის ფილიალის დირექტორის მაყვალა სალუქვაძის მიერ გახოკიძის კუთვნილი სახელფასო თანხების მითვისების ფაქტზე.

აღნიშნული სამსახურის გამომძიებლის, მალხაზ მოდებაძის განმარტებით: „ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ჩატარდეს ხელმოწერის კრიმინალისტიკური ექსპერტიზა. ამჟამად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი დოკუმენტის მოპოვება აღნიშნული ექსპერტიზის ჩასატარებლად, რის შემდეგაც მიღებული იქნება საბოლოო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.“

„ხონის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე კოლეჯის დირექტორის, მაყვალა სალუქვაძის მიერ წარმოდგენილ სახელფასო უწყისებში, არ ფიქსირდება ჩემი მარწმუნებლის ხელმოწერა. აქედან გამომდინარე მე მივმართე სასამართლოს მოთხოვნით, რომ აღნიშნული უწყისები საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან ამორიცხულიყო. მოსამართლემ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და გამოიტანა განჩინება კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო სხდომა სწორედ კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებამდე გადადო“, - აცხადებს ნანული გახოკიძის ადვოკატი ანა ჩაფიძე.

რამდენ ხანს დასჭირდება ლოდინი ნანული გახოკიძეს თავისი კუთვნილი 6236 ლარის მისაღებად, რომელსაც ყოფილი დირექტორი წლების განმავლობაში თანდათანობით პარავდა, ეს ხონის რაონულ სასამართლოში განახლებულ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი.

ახალი ამბები