კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრობაციის ბიურო - უფუნქციო სამსახური

8 მარტი, 2008
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში, სადგურის მოედნის №3-ში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის იმერეთის ბიუროა განთავსებული. ამ მისამართზე ისეთი ხალვათობაა, რომელიც მსგავსი ტიპის არც ერთ ორგანოს, არც ერთ ქვეყანაში არ ახასიათებს. მოქალაქეეთა უმეტესობამ არ იცის, რას ნიშნავს და რას ემსახურება აღნიშნული სამსახური.

კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ არასაპატიმრო სასჯელთა რამდენიმე სახეს ითვალისწინებს, ერთ-ერთი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა.

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ, პრობაციის ბიურო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს უგზავნის მოთხოვნას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის განსაზღვრის თაობაზე. მოთხოვნაში მითითებულია შრომის მთლიანი ვადა და სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ასეთი სახის შრომის ყოველდღიური ხანგრძლივობა.
პატიმრები, რომლებიც მიმაგრებული არინ პრობაციის ბიუროს, ვალდებულნი არიან მივიდნენ აღნიშნულ სამსახურში და დააფიქსირონ საკუთარი თავი. ისინი პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ ქალაქს, ქვეყანას და ა.შ. მათ ყოველ გამოძახებაზე უნდა შეასრულონ პრობაციის სამსახურის მოთხოვნები.

ქუთაისელი იურისტები აცხადებენ, რომ სასჯელის აღნიშნული სახე პრაქტიკაში გამოუყენებელია და  შესაბამისად, კონკრეტული ფაქტებიც ნაკლებია.
„ეს არის კომუნისტური გადმონაშთი. სასჯელის მიზანია, მსჯავრდებულის გამოსწორება და მისი ინტეგრაცია საზოგადოებასთან. ჩვენ მსჯავრდებულის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ.  მსჯავრდებულის ინტერესები კი,  პირდაპირ კავშირშია საზოგადოების ინტერესებთან. პრობაციის სამსახურს ადრე გაცილებით მეტი ფუნქცია ჰქონდა. დღეს კი, იმის გამო, რომ მთელი რიგი სანქციები (საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო) არ მოქმედებს, მას მხოლოდ მაკონტროლებელი ფუნქცია შემორჩა  და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მთავარ მიზანს - გამოსწორებულ იქნას მსჯავრდებული. ანუ, რეალურად,  იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. სასურველი იქნება, მას გაეზარდოს  ფუნქციები თუნდაც, საგანმანათლებლო კუთხით. ვგულისხმობ, საკუთარ ბაზაზე გაიხსნას სასწავლო ცენტრი ან დაამყაროს სახელშეკრულებო ურთიერთობები სხვადასხვა ტიპის სასწავლო ორგანიზაციებთან,“- აცხადებს ადვოკატი ევგენი ომანაძე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეკითხვას - ბოლო ოთხი წლის მანძილზე სულ რამდენ ადამიანს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და რამდენმა მოიხადა აღნიშნული სასჯელი, იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსმა უპასუხა, რომ ოთხმა.

„სასამართლოს ნაკლებად გამოაქვს განაჩენი ამ სასჯელის შეფარდებით. უფრო სწორად, იგი თითქმის არ იყენებს ამ სასჯელს. ბოლო 4 წლის მანძილზე, იმერეთის მასშტაბით, პრობაციის ბიუროს სულ 4 საქმე აქვს წარმოებაში. აქედან, ორი მსჯავრდებული ქუთაისის დასუფთავების სამსახურის მიერაა დასაქმებული,“- აცხადებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსი ზაზა კვერნაძე.

ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურში დასაქმების ფაქტს ადასტურებენ. „ორი მსჯავრდებული იყო გამოგზავნილი, ორივე სრულწლოვანი და დაკისრებული სამუშაო საკმაოდ კარგად შეასრულეს. თუმცა, ფაქტები საკმაოდ იშვიათია,‘‘- აცხადებს ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი თამაზ ჩაკვეტაძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს იურისტის ნიკო კანკავას განმარტებით, „პრობაციის ბიურო დღესდღეობით მხოლოდ ერთადერთ ფუნქციას ასრულებს. პრობაციის კონტროლის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულებს უნიშნავს დღეს, როცა ისინი უნდა გამოცხადდნენ შესაბამის სამსახურში თავისი ფაქსიმილიის - ხელმოწერის დასაფიქსირებლად. კანონის მიხედვით, პრობაციის სამსახური მთელ რიგ ღონისძიებებს უნდა ატარებდეს, იმისათვის, რომ „მეთვალყურეობის“  ქვეშ მყოფი პირები უმტკივნეულოდ დაუბრუნდნენ  საზოგადოებას. სინამდვილეში კი, პრობაციის სამსახურსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს  (ჯანდაცვა, სოციალური სამსახური, დასაქმების სამსახური, თვითმმართველობის ორგანოები და ა. შ.) შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა არ არსებობს, რადგან იუსტიციის სამინისტროში დღემდე არაა შემუშავებული ერთიანი სამუშაო სტრატეგია. შესაბამისად, აღნიშნულ სამსახურს არ გააჩნია ფუნქციონალური დატვირთვა.“

როგორც ირკვევა, პრობაციის სამსახურის შესახებ ინფორმაციას ადამიანი რეალურად, მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც მისი ახლობელი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ იგებს, რომ ვალდებულია, გარკვეული ვადის განმავლობაში მიაკითხოს პრობაციის სამსახურს. თუმცა, მისი ურთიერთობა აღნიშნულ სამსახურთან მხოლოდ ხელისმოწერით შემოიფარგლება.

„საზღვარგარეთ აღნიშნულ სამსახურს სპეციფიკური და კონკრეტული დანიშნულება აქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სამსჯავროზე გამოსვლამდე პრობაციის სამსახური თავის დასკვნას და შეფასებას აძლევს სასამართლოს, პროკურატურას და ა. შ. იმის თაობაზე, მიზანშეწონილია თუ არა ამა თუ იმ ბრალდებულის-განსასჯელის იზოლირება საზოგადოებისაგან. ასევე, იგი იკვლევს, თუ რამ გამოიწვია დანაშაულის ჩადენა. ასევე, სწავლობს პირის სოციალურ, ოჯახურ პირობებს, მის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და შესაბამისად, ადგენს მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. პრობაციის სამსახური პირის ციხიდან გამოსვლამდე სათანადოდაა შემზადებული, რომ დაეხმაროს მას დასაქმების, საყოფაცხოვრებო, ჯანდაცვის, სოციალური და ა. შ. საკითხების მოგვარებაში,“- ამბობს ნიკო კანკავა.

რამდენად უახლოვდება ქართული სტანდარტი უცხო ქვეყნების სტანდარტებს და რამდენად შედეგიანია იგი როგორც მსჯავრდებულისთვის, ისე ზოგადად  საზოგადოებისთვის, ამაზე, არც მეტი, არც ნაკლები, კონკრეტული ფაქტები მეტყველებენ.


ახალი ამბები