15:33, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

როგორ მიჰყავთ გორიდან თურქეთში სამუშაოს მაძიებლები

10.03.2008
საბა წიწიკაშვილი, გორი 

"24 დღე სტამბულში ვიყავით  გამომწყვდეულები. ერთ ადგილას ვიმუშავე დაახლოებით 2-3 დღე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვიყავით დაახლოებით 10 კაცი და გვაჭმევდნენ მხოლოდ დღეში ერთხელ და ეს საკვები იყო მხოლოდ ერთი პური, რომელიც 10 კაცზე ნაწილდებოდა. თვითონ მთელი დღე იკარგებოდა. პასპორტები ჩამორთმეული გვქონდა. ნინო გელაშვილი და კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ლელა ერქვა, წამოსვლისას გვემუქრებოდნენ, ამ პასპორტებს დაგიხევთ და აბა, როგორ წახვალთ, გნახავო... ბოლოს გორში დავრეკე ჩემებთან, სახლში, სასწრაფოდ ფული გამომიგზავნეთ, თორემ ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს მნახავთ-მეთქი", - ამბობს გორში მცხოვრები 28 წლის თამარ ძაბახიძე, რომელიც თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საკუთარი მეზობლის და თანატოლის ნინო გელაშვილის წყალობით გახდა.

თამარ ძაბახიძე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისს დაუკავშირდა და სტამბულში გატარებული  24 დღიანი ყოფნის შინაპატიმრობის დეტალები მოუყვა.  ეს ამბავი 2007 წლის ზაფხულში მოხდა. მისი მეუღლე - გიორგი ქესაური 2006 წლის 21 სექტემბერს გორში მოკლეს. დაქვრივებული თამარ ძაბახიძე წლინახევრის შვილს ნინო ქესაურს გაჭირვებით ზრდის. ამ გაჭირვების ფონზე მასთან მეზობელი და თანაც მასთან ერთად გაზრდილი ნინო გელაშვილი მივიდა და თურქეთში სამუშაო შესთავაზა.

თამარ ძაბახიძე: ,,თაღლითურად გავხდი ტრეფიკინგის მსხვერპლი, ჩემი მეზობლის და ბავშვობის მეგობრის, ნინო გელაშვილის წყალობით. 2007 წლის აპრილის შუა რიცხვებში დამირეკა ნინო გელაშვილმა, რომელიც 8 თვის მანძილზე ცხოვრობდა თურქეთში და მთხოვა შეხვედრა. შეხვედრისას კი განმიცხადა, რომ იგი ცხოვრობდა და მუშაობდა თურქეთში, ჰქონდა ძალიან კარგი შემოსავალი და რადგან იცოდა თუ რა გაჭირვებაში ვცხოვრობდი, მითხრა, რომ შეეძლო ჩემი დასაქმება. რაზეც ვუთხარი, რომ არ გამაჩნდა არანაირი სახსრები წასასვლელად. მან კი მითხრა, რომ ყველა ხარჯს აიღებდა თავის თავზე. მე მხოლოდ  500 დოლარი უნდა მეშოვა. ხოლო იქ რომ დამასაქმებდა, ჩემი ხელფასიდან დამიქვითავდა."

ნინო გელაშვილმა თამარ ძაბახიძეს ასევე შესთავაზა თავისი დისშვილის 14 წლის გიორგი (გივი) ერისთავის  წაყვანაც. გიორგის დედა დაავადებულია ციროზით, არის I ჯგუფის ინვალიდი და თურქეთში დასაქმებით აღებული ფულით დედის მკურნალობის ხარჯებს გაისტუმრებდა.

ამის გამო, გიორგის დედამ გამოიტანა თავისი ინვალიდობის 3 თვის პენსია, ასევე გარკვეული თანხა ისესხა და შვილს  260 აშშ დოლარი შეუგროვა. ეს თანხა ნინო გელაშვილმა იმ დღესვე წაიღო და თქვა, რომ ამ ფულს მაშინვე გადააგზავნიდა.

თამარ ძაბახიძე: "ნინომ ასევე მითხრა, რომ თუ ვინმე ჩემიანს უნდოდა, მასაც დაასაქმება თურქეთში. მითხრა ასევე, რომ კარგად აეწყო, 8 000 დოლარი ჩამოიტანა თურქეთიდან და არის სამუშაო ადგილები. ამ საუბარს ჩემი უფროსი სიძე ზურაბ რევაზიშვილიც შეესწრო, რომელმაც განაცხადა, "რომ  ნინო ისე დამაჯარებლად ლაპარაკობს, რამისაა მეც მანქანა გავყიდო და წამოვიდეო."

2007 წლის მაისის შუა რიცხვებში თამარ ძაბახიძე გარდაცვლილი მეუღლის, ბიძაშვილის გასვენებაში ავიდა სოფელში და თურქეთში წასვლაზე განაცხადა. ოჯახის წევრებმა მას წასვლის ნებართვა მისცეს, ოღონდ გააფრთხილეს, არავინ მოგატყუოსო.

როდესაც თამარ ძაბახიძე თავის ნათესავებს ახალ სამუშაო ადგილზე ესაუბრებოდა,  ამ საუბარს კასპში მცხოვრები მისი მეუღლის ბიძაშვილი თამარ ქესაურიც ესწრებოდა. ქესაურმა თქვა, რომ მისი შვილი ბადრი   საბიაშვილი და ბადრის მეგობარი საშკა კავთიშვილი ერთ-ერთ კასპელ ქალს 2800 დოლარად კვიპროსში მიჰყავდა და სთხოვა თამარ ძაბახიძეს, ნინო გელაშვილთან ეშუამდგომლა და ეკითხა, კვიპროსში მათ გადაყვანას რამდენ თანხად შეძლებდა.

თამარ ძაბახიზე: "სოფლიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, ნინომ რომ დამირეკა. მოვუყევი, თუ შეძლებდა კვიპროსში ჩემი ახლობლების გადაყვანას, რაზეც მიპასუხა, რომ პრობლემა არ იყო. მანქანით ვარ, გამოგივლი, ის კასპელი ხალხი მაჩვენე და ჩვენ მოვილაპარაკებთო. რა მოილაპარაკეს არ ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ მათ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 5200 დოლარზე ნინო გელაშვილსა და საშკა კავთიშვილს შორის. მეც "საქართველოს ბანკიდან“ ავიღე პროცენტიანი სესხი, ვინაიდან გარკვეული თანხა მეც უნდა მქონოდა, ასევე დავაგირავე ოქრო. სულ 397 დოლარი და 531 ლარი (მაქვს ბანკის ქვითრები)."

2007 წლის ივლისის 2 თუ 3 რიცხვში ნინო გელაშვილმა თამარ ძაბახიძეს შეატყობინა, რომ თურქეთში სამუშაო ადგილები გაჩნდა და საჭირო იყო  გამზადება. ნინო გელაშვილმა წაიყვანა 10 ადამიანი, თამარ ძაბახიძე,მისი დისშვილი, ვინმე ლალი, ნინო გელაშვილის ბიცოლის და,  და ასევე ამ ბიცოლის მეზობელი, ვინმე სოსო.. ჯგუფში შედიოდნენ ძაბახიძის კასპელი ნათესავები ბადრი საბიაშვილი, საშკა და შალვა კავთიაშვილები და სხვა.

ეს 10 კაცი ნინო გელაშვილმა თავდაპირველად ბათუმში ჩაიყვანა, იქირავეს ბინა, რომლის მეპატრონე იყო ვინე ასლანი. ბილეთების შოვნის ლოდინში, გელაშვილმა 10 კაცი დაახლოებით ორი კვირა (ბინისა და კვების ფულს თვითონ იხდიდნენ) ბათუმში ამყოფა.

რაც შეეხება ბიჭებს, მეხუთე დღეს განაცხადა, რომ ბიჭები ტრაპიზონში წასასვლელად მომზადებულიყვნენ. ტრაპიზონის აეროპორტში მამაკაცებს ბილეთი კვიპროსში გასამგზავრებელი ბილეთები დახვდებოდათ, მაგრამ ბილეთები იქ არ დახვდათ და ეს ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა.

ტრაპიზონიდან თამარ ძაბახიძეს დისშვილმა 7-9 ივლისს დაურეკა და დახმარება სთხოვა. დისშვილმა ბათუმში დასაბრუნებლად თანხა ითხოვა. 10 ივლისისთვის ბათუმში ყველა შეგროვდა და გორში ხელცარიელები დაბრუნდნენ. თუმცა თავგადასავალი წინ ელოდათ. ნინო გელაშვილმა ცოტა ხანში ამ მოტყუებულ ხალხს კვლავ შესთავაზა თურქეთში წასვლა, მაშინ რომ პრობლემები შეგვემთხვა, ამჯერად აღარ განმეორდებაო...

20 ივლისს  ნინო გელაშვილმა ისევ დარეკა თამარ ძაბახიძესთან და წასასვლელად მომზადებულიყვნენ. მართლაც ამჯერად 4 კაცი 24 ივლისს უკვე სტამბულში იყვნენ.

თამარ ძაბახიძე: "მე, ჩემი დისშვილი, ლალი - მისი ბიცოლის და და სოსო - მისი მეზობელი სტამბულში დაგვასახლა დაბა აქსარაიში, სასტუმრო ,,გუნაი“-ში, სადაც ჩამოგვართვეს პასპორტები, რათა თანხის გადაუხდელად არ დაგვეტოვებინა სასტუმრო. ამ სასტუმროში დაახლოებით 1 კვირა დავყავით, რომლის ყოველ დღეს ვატარებდით სასტუმროს ოთახში. თვითონ ნინო გელაშვილი ყოველ დილით გადიოდა, ბრუნდებოდა გვიან, ხან საერთოდ არ ბრუნდებოდა და აცხადებდა, რომ ჩვენთვის სამუშაოს ეძებდა“.

ნინო გელაშვილმა ,,გუნაიში“ გაიცნო ვიღაც ქალი, ვინმე ლელა, რომელიც ასაქმედა ხალხს, თუმცა გაირკვა, რომ პროსტიტუციით იყო დაკავებული. ამ ლელამ ქართველებს უთხრა, რომ უნდა გადასულიყვნენ მისი ნაცნობის სასტუმროში. ამ სასტუმროს ფული თვითონ ლელამ გადაიხადა და "გუნაიდან“ დაახლოებით 2 კმ-ის სიშორეზე მდებარე სასტუმრო "ნაზ ოტელში" აღმოჩნდნე.",ნაზ ოტელში“ ნინო გელაშვილმა პასპორტები ჩამოართვა და ჩააბარა სასტუმროს მეპატრონეს.

თამარ ძაბახიძე: "ამის შემდეგ მათ შემომთავაზეს გამეშვა ჩემი დისშვილი, რადგან ბიჭისთვის სამუშაო ადგილის შოვნა ჭირდა, და  მის გარეშე სამუშაოს უფრო ადვილად ვიშოვიდი. ამაზე უარი განვაცხადე. მერე, ნინო გელაშვილმა მითხრა, რომ იშოვა სამუშაო და ამ სასტუმროდან ნინომ და ლელამ წაგვიყვანეს მე და ჩემი დისშვილი სასტუმროსაგან მოშორებით დაახლებით 30 კმ-ში მდებარე ქარხანაში, სადაც უნდა გვემუშავა ისეთ სამუშაოზე, სადაც შეკერილი ტანსაცმლისთვის ზედმეტი ძაფები უნდა მოგვეჭრა. დაგვტოვა ამ ქარხანაში  მე და ჩემი დისშვილი, თვითონ განაცხადა, რომ ქარხნის ადმინისტრაციაში  მეპატრონესთან უნდა ემუშავა. ჩვენ კი აღმოვჩნდით ქარხნის მეორე სართულზე, ეს იყო სრულიად დახურული სივრცე ფანჯრების გარეშე, რომელსაც ჰქონდა ძალიან მცირე ზომის სარკმელი, საიდანაც გახედვაც კი გვეკრძალებოდა. აქ უნდა გვემუშავა დილიდან ღამის 12 საათამდე, გასვლა გვეკრძალებოდა და ღამის 12 საათზე ჩავყავდით ქარხნისგან მოშორებით მდებარე შენობის სარდაფში, სადაც გვეძინა. ეს იყო სარდაფი, რომელიც იყო მიწური, აქ ეყარა მხოლოდ დარჩენილი მატერიები, ყუთები და გვეძინა ძირს. აქ ვიმუშავე დაახლოებით 2-3 დღე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვიყავით დაახლოებით 10 კაცი და გვაჭმევდნენ მხოლოდ დღეში ერთხელ და ეს საკვები იყო მხოლოდ ერთი პური, რომელიც 10 კაცზე ნაწილდებოდა. აუტანელი სიტუაცია იყო. მე დავუკავშირდი ქარხნის მეპატრონეს და ვუთხარი, რომ ნინოსთან მინდა დალაპარაკება. ნინომ მოგვაკითხა დაახლოებით ღამის 3 საათზე. მოვთხოვე სასწრაფოდ წავეყვანე ამ ადგილიდან, მან გამოიძახა ტაქსი და იმ სასტუმროში მიგვაბრუნა სადაც ვცხოვრობდით. იქ რამდენიმე დღე დავყავით, სასტუმროს და კვების ფულს თვითონ ვიხდიდით. ამის შემდეგ, ნინომ განმიცხადა, რომ კვლავ გამოჩნდა სამუშაო მხოლოდ ჩემთვის და წამიყვანა ატელიეში, სადაც ვითომ უნდა მემუშავა. მაგრამ მე თან წავიყვანე ჩემი დისშვილი, რაზეც ნინომ გამოთქვა პრეტენზია, მაგრამ მაინც შეგვიყვანა ატელიეს დირექტორთან. დირექტორმა გვითხრა, რომ სამუშაო იყო მხოლოდ ჩემთვის. იქ ყოფნისას ატელიეს მეპატრონემ დაურეკა მის მეუღლეს და თურქულად უთხრა, რომ ღამე სახლში არ მივიდოდა. ჩემთვის უკვე ცხადი გახდა, თუ რა მიზნით ვიყავი იქ. სწორედ ამ მიზეზით სასწრაფოდ დავტოვე ატელიე. ამის შემდეგ სასწრაფოდ დავრეკე სახლში და თანხის გამოგზავნა ვთხოვე სახლში დასაბრუნებლად. გადანახული თანხა -  152 დოლარი, ნინომ ჩანთიდან ამომაცალა. გამომიგზავნეს თანხა გორიდან, ავტობუსის საშუალებით, ეს იყო კომპანია ,,მაჰმუდ ტური", რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს თბილისში. ამ თანხით დავფარე სასტუმროს ვალები. როდესაც ლელამ და ნინომ გაიგეს, რომ სასტუმროს დატოვებას ვაპირებდით, დამემუქრნენ, რომ აქედან ვერ წავიდოდით, რადგან პასპორტს დახევდნენ. მოგვივიდა სასტუმროში კამათი, რასაც ხალხი შეესწრო. სოსო, რომელიც ამ დროს ჩვენთან ერთად იყო, რუსულად დაელაპარაკა სასტუმროს მეპატრონეს. პასპორტები გარკვეული დამატებითი საზღაურის ფასად უკან დაგვიბრუნა. მე სოსო და გიორგი წამოვედით. გიორგი და სოსო იმ დღესვე გამოუშვეს. მე კი არ გამომიშვეს, რადგან  სანამ პირველი სასტუმროს ფასს 100 დოლარს არ გადავიხდიდი, რომლის საფასური თავის დროზე ლელამ გადაიხადა, არ გამიშვებდნენ. ამის გამო დამაბრუნებინეს ბილეთი საქართველოში გამოსამგზავრებელი,. მეპატიჟებოდნენ გაურკვეველი მიმართულებით, რაზეც არ დავთანხმდი. იმის შემდეგ მიმატოვეს უპატრონოდ ღია ცის ქვეშ.“

ღია ცის ქვეშ დატოვებულმა თამარ ძაბახიძემ  თურქეთში მცხოვრები ქართველები მოძებნა, მათ შორის გორელები. ერთი დღე მათ სახლში გაატარა. მეორე დღეს  ავტობუსის ბილეთი უყიდეს  და საქართველოში გამოუშვეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC