კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავიწყებული დეპორტირებულები

11 მარტი, 2008
ეკა ქევანიშვილი, თბილისი

შარშან, „დიდი დეპორტაციის“ დროს რუსეთიდან გამოძევებული ნატო შავშიშვილის ოჯახი დღეს ვარკეთილში ცხოვრობს. ქალს, რომელსაც მაშინ დამბლა დაემართა და სომხეთის გავლით სამშობლოში უმძიმეს მდგომარეობაში დაბრუნდა, ცხოვრების აწყობა ძალიან გაუჭირდა. ინდმეწარმეობამ და პატარა მაღაზიის გახსნამ უფრო მეტი პრობლემა და თავისტკივილი გაუჩინა, ვიდრე პირიქით.  უკეთეს მდგომარეობაში არც დანარჩენი დეპორტირებულები არიან.

მათი საერთო რიცხვის დადგენა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. შესაბამის უწყებებში, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში ეს ინფორმაცია ჩვენ ვერ მივიღეთ. სახელმწიფო სტრუქტურებს არა აქვთ ინფორმაცია არც იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან დღეს ისინი. სახელმწიფოს ზრუნვა ამ ადამიანებზე სწორედ მაშინ დამთავრდა, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი გაიგზავნა. სხვა მზრივ, ამ ხალხს არავინ დახმარებია.

მაშინ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ბესო ბოხაშვილი წარმოადგენდა, რომელიც ახლა ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია. მისი თქმით, იქ ორი სახის სარჩელია შესული. სახელმწიფოთაშორისო, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" და მეორე, ახალგაზრდა იურისტების მიერ შეტანილი რამდენიმე ინდივიდუალური სარჩელი.

სანამ ეს ამბავი „ცხელი“ იყო, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დეპორტირებულებს აეროპორტში ხვდებოდნენ, აძლევდნენ კოორდინატებს და ინტერვიუებზე იბარებდნენ. მაშინ, დაახლოებით, 200 ადამიანი დაიკითხა. „ამ ინტერვიუებმა აჩვენა, რომ არგუმენტები და მოტივაცია, რატომაც აძევებდნენ მათ ქვეყნიდან, იყო ერთნაირი ანუ ეს იყო მთავრობის აშკარა მიზანმიმართული პოლიტიკა. თან, საინტერესოა, რომ სანამ მათ გამოაძევებდნენ, სასამართლო პროცესის ხანგრძლივობა იყო  2-დან 5 წუთამდე. ამ ადამიანებს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაციის წარდგენის საშუალება არ ჰქონდათ. პასპორტში მათ ჩაუწერეს, რომ ხუთიდან ათ წლამდე აქვთ შესვლის აკრძალვა“.

თუ რა ვითარებაში ხდებოდა ქართველების გამოძევება, ამის შესახებ ქართულმა მედიამ და ჩვენმა პორტალმაც საკმაოდ აქტიურად წერა თავის დროზე. ამჯერად ჩვენ გვაინტერესებდა, ახსოვს თუ არა ეს ადამიანები ვინმეს აქ, საქართველოში.  ირკვევა, რომ არა.

ამასობაში,  რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში ოფიციალური წერილი აფრინა, რომლის მიხედვითაც, რუსული მხარე უსაფუძვლოს უწოდებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს „2006 წელს რუსეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივად დარღვევის შესახებ“.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია არ ხდებოდა ეთნიკური ნიშნით. ამის დასადასტურებლად იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან 6 ათასი უზბეკეთის მოქალაქის დეპორტაციაც მოხდა, მაშინ როდესაც დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვს 4000-სთვის არ გადაუჭარბებია.

ასევე, რუსული მხარე პასუხისმგებლობას იხსნის წინასწარი დაკავების იზოლატორებში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის გამო. იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები ქრონიკული დაავადებების გამო გარდაიცვალნენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებითვე, სტრასბურგის სასამართლომ პროცედურების დარღვევის გამო არ უნდა მიიღოს ქართული მხარის სარჩელი, რადგან ქართულ მხარეს ჯერ რუსეთის სასამართლოებში უნდა ეჩივლა და მხოლოდ შემდეგ მიემართა ევროპის საერთაშორისო სასამართლოსთვის. ბესო ბოხაშვილი ამბობს, რომ ქართველების კოლექტიური გამოძევება სწორედ  ეთნიკური ნიშნით ხდებოდა, რაც ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეოთხე მუხლს, რომელიც კრძალავს უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას ერთი სახელმწიფოდან სხვა სახელმწიფოში.

დეპორტირებულების დახმარების შეახებ გარკვეული რეკომენდაციები პარლამენტისგან მთავრობამაც მიიღო. თუმცა, შექმნილი საპარლამენტო კომისიის მიზანი მაშინ პოლიტიკური შეფასების გაკეთება უფრო იყო. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრის, გია თორთლაძის განმარტებით, მათ უნდა გამოევლინათ,  თუ რა ზარალი ნახეს დეპორტირებულმა ადამიანებმა: „ჩვენი მოვალეობა მათი დახმარება არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ პოლიტიკური შეფასება გავაკეთეთ და მთავრობას რეკომენდაციები გადავუგზავნეთ, სადაც ასევე ჩადებული იყო, რომ ამ ხალხს უნდა დახმარებოდნენ, ფულად დახმარებაზე არ იყო საუბარი, მაგრამ უსამსახუროდ დარჩენილი  ხალხისთვის ხელშეწყობა კი იგულისხმებოდა, მაგრამ რა გაკეთდა, ნათელია - არაფერი“.

დახმარების იმედი, მაინც და მაინც არც დეპორტირებულებს ჰქონიათ:
კახა ციხისთავი: „არანაირი დახმარება არ ყოფილა. არც ვინმეს იმედი მაქვს და არც ვინმეს შეწუხება მინდა. რა აზრი აქვს? ახლა მე დროებით უმუშევარი ვარ. ჩემს გარეშემო ძალიან ბევრია ასე. მაგრამ ხომ იცით, მშიერი არავინ დარჩება და ყველა რაღაცას წვალობს. უკან წასვლაზე ფიქრი კი ზედმეტია“.

ნატო შავშიშვილი: „საშინელ დღეში ვართ. ყველას დავავიწყდით. ან როგორ დავიწყეთ აქ თითქმის ახალი ცხოვრება, ან რას ვაკეთებთ... ინდმეწარმეობა გავაკეთე, რამე საქმეს წამოვიწყებ მეთქი, პატარა მაღაზია გავხსენით, მაგრამ აქაც არაფერი გამოდის.  ჩემი ერთი შვილი რუსეთის მოქალაქეა და იქ დარჩა. მეორე კი თან წამოვიყვანე. გახსენებაც არ მინდა იმ დღეების. ორი დღე არც ვიცოდით სად ვიყავით. ქუჩაში გვტაცეს ხელი და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. მე დამბლა დამემართა, ახლაც ძალიან ცუდად ვარ და წვალებით გაგვაქვს თავი“...

რუსეთიდან დეპორტირებული კიდევ ერთი ქართველი დავით ლაცაბიძე აქაც იმავე საქმეს აკეთებს, რასაც რუსეთში, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ სამშობლოში ანაზღაურება გაცილებით დაბალია.

„თავიდან, როცა ეს ამბავი მოხდა, დავდიოდი იუსტიციის სამინისტროში, ინტერვიუებზე, იყო რაღაც დაპირებები დახმარებაზე, დასაქმებაზე, მაგრამ უშედეგოდ და ისევ ჩვენით დავიწყეთ მუშაობა.  ჩვენ მშენებლების მთელი ბრიგადა ვიყავით წასულები რუსეტში, რემონტს ვაკეთებდით და აქაც განვაგრძობთ. ცხადია, შემოსავალი სულ სხვადასხვაა, მაგრამ სხვა გზა არ არის. რუსეთშიც იმიტომ წავედით თავის დროზე, რომ გვიჭირდა, თორემ მოსკოვის სანახავად არავინ წასულა“...

ახალი ამბები