კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვთა სკოლა–პანსიონის აღსაზრდელები უწყლობით იტანჯებიან

11 მარტი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა გურჯაანის სკოლა-პანსიონი, საქართველოში, ამ ტიპის ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა. სკოლას 100-მდე ცერებრალური დამბლით დაავადებული აღსაზრდელი ჰყავს. უკვე მეშვიდე თვეა, პანსიონი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ჯანმრთელობას, კიდევ უფრო აუარესებს.

სკოლა–პანსიონის დირექტორის, მარინა ჭუჭულაშვილის ცნობით, სექტემბრამდე ისინი სასმელი წყლით სკოლის ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილიდან სარგებლობდნენ. „გასული წლის აგვისტოს ბოლოს, მოწყობილობა, რომლითაც ჭაბურღილიდან წყალს ვიღებდით, გაცუდდა და მას შემდეგ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ქალაქის წყალკანალი წყალს იშვიათად გვაწვდის და იმასაც სასმელად არ ვიყენებთ, რადგან ამბობენ, რომ დაბინძურებულია. წყალს თანამშრომლები ხელით და ზოგჯერ მანქანითაც ახტალის წყაროდან ვეზიდებით, რაც ძალიან რთულია. არის შემთხვევები, როცა საერთოდ უწყლოდ ვართ. ამის შესახებ რაიონის ყოფილ ხელმძღვანელობას დახმარება რამდენჯერმე ვთხოვეთ, მაგრამ უშედეგოდ. სკოლის ბიუჯეტი კი მწირია და იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ტექნიკა საკუთარი ხარჯებით შევაკეთოთ. მართალია 1500 აშშ დოლარი, რომელიც მოწყობილობის აღდგენას სჭირდება, ბევრი არ არის, მაგრამ ბავშვების კვების ან მათი მოვლის ფულს ვერ დავზოგავთ, სახარბიელო პირობები ისედაც არ არის“, - აღნიშნავს მარინა ჭუჭულაშვილი. მისივე ცნობით, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვთა სკოლა-პანსიონი, რამდენიმე დღეში, შესაძლოა, საერთოდ უწყლოდ დარჩეს, ანუ „გურჯაანის წყალკანალმა“, სკოლას წყლის მიწოდება საერთოდ შეუწყვიტოს.

„წყალკანალმა მოგვწერა, რომ თუ არ დავფარავთ ძველ დავალიანებას 600 ლარის ოდენობით და ასევე საკუთარი ხარჯებით არ დავამონტაჟებთ მრიცხველს, წყლის მოწოდებას საერთოდ შეგვიწყვეტენ. ეს ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. პრაქტიკულად, ვერ შევძლებთ სკოლა – პანსიონის შენობების დასუფთავებას, ვერ დავბანთ ბავშვებს, ბოლოს და ბოლოს საჭმლის მომზადებაც კი გაგვიჭირდება“, - ამბობს დირექტორი.

„გურჯაანის წყალკანალში“ არ უარყოფენ, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება. „დაწესებულებას აქვს დავალიანება, ასევე არ აქვს მრიცხველი და არ ვიცით რა ოდენობის წყალს მოიხმარს. როცა არის წყალი, მაშინ მაინც ხომ მოიხმარენ, თუნდაც კვირაში ერთხელ. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ბუნებრივია, წყლის მიწოდებას შევწყვეტთ. დავალიანების დაფარვის და მრიცხველის დამონტაჟების აუცილებლობის შესახებ, ჩვენ სკოლა – პანსიონი ადრეც გავაფრთხილეთ, მაგრამ ამაოდ“, - აცხადებს „წყალკანალის“ დირექტორი გივი ლაზარიაშვილი.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ აბრამიშვილმა გვითხრა, საკრებულოსთვის კონკრეტულად ამ პრობლემის შესახებ უცნობია.

„ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა – პანსიონს სასმელი წყლის პრობლემა რომ აქვს, ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ვგეგმავთ ქალაქის სკოლებს და მათ შორის სკოლა – პანსიონსაც, კომუნალური პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. ამისათვის, ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯებიც გვაქვს გათვალისწინებული“, - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

სკოლა – პანსიონის ხელმძღვანელობა დახმარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსაზრდელების მშობლები ყურადღების მისაქცევად საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

ახალი ამბები