კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სტრასბურგში ჩასვლა რომ დამჭირდეს, მიწას არავის დავუთმობ“

11 მარტი, 2008

"გადაცემისა და სანაცვლოდ გადაცემის" შესახებ დავა გრძელდება

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #16 ა-ში მდებარე შპს „შერემეთს“ ბათუმის მერია ტერიტორიას ედავება. ბათუმის მერიამ, ის დადგენილება სცნო ბათილად, რომლის თანახმადაც, „შერემეთმა“ სხვა ფართის სანაცვლოდ, აღნიშნულ მისამართზე 277 კვ/მეტრი არასასოფლო დანიშნულების ფართი მიიღო.

ფიროსმანის ქუჩის #16-ა, მდებარე შენობის (საერთო ფართი 340 კვ/მეტრი) მხოლოდ 277 კვ/მეტრია შპს „შერემეთისა“, ხოლო მერიამ თავისი ნაწილი დეკემბერში დაანგრია. მაშინ მთლიანი შენობის დემონტაჟი იყო დაგეგმილი, თუმცა „შერემეთის“ მეპატრონე ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდა.
 
შპს „შერემეთის“ მეპატრონე ოთარ ბეჟანიძე აცხადებს, რომ მერია მას საკუთრებას ართმევს: „ყოფილი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 1994 წლიდან გამაჩნდა ფართი. როცა სადგური სხვაგან გადაიტანეს, ანაზღაურებას დამპირდნენ. რვა წლის მანძილზე ვცდილობდი, ვდავობდი და საბოლოოდ, ზიანის ნაცვლად, ეს შენობა მომცეს. ამორტიზირებული იყო, მხოლოდ კედლები იყო დარჩენილი. გავარემონტე და მცირე ბიზნესს ვეწევი - თურქები ჩამოდიან, აქ ჩერდებიან, გადასახადებსაც ვიხდი“.

ბეჟანიძეები სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებენ: „მერია ფართის ჩამორთმევას ცდილობს, რადგან ტერიტორია მისი მდებარეობის გამო მოსწონთ და ვიღაცაა დაინტერესებული. მერიის თანამშრომლები მოვიდნენ და შენობის დანგრევით დაგვემუქრნენ. თუკი ვინმე ინვესტორია დაინტერესებული, უმჯობესია თვით მეპატრონეებთან, ჩვენთან აწარმოონ საუბარი, რადგან ფართი ჩვენი საკუთრებაა და არა მერიისა. სტრასბურგში ჩასვლა რომ დამჭირდეს, არავის დავუთმობ“, - აცხადებს გუგული ბეჟანიძე.

ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალების თანახმად, მისამართზე ფიროსმანის ქუჩა #16-ა, უძრავი ქონების 2/3 „შერემეთის“ სახელზეა რიცხული. „მთავრობამ უკანონოდ მოგცაო, მედავებიან. იმჟამინდელ მთავრობას თუ ჭკუა არ ჰქონდა, რა ჩემი ბრალია. ახალი ხელისუფლება რომ მოვა, ახლა ისინი იტყვიან ამათზე, უკანონოდ მოგცაო. როდის გახდება საკუთრება ხელშეუხებელი?“, - კითხულობს გუგული ბეჟანიძე.

აღნიშნული ობიექტი შპს „შერემეთმა“ მაშინდელი მერიის გადაწყვეტილებით ყოფილი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მფლობელობაში არსებული 155 კვ/მეტრის ფართობის სანაცვლოდ მიიღო. (შენობის დემონტაჟი 1995 წელს მოხდა. რკინიგზის სადგურიც მას შემდეგ მახინჯაურში გადაიტანეს). ხარჯთააღრიცხვის მიხედვით, ძველი ფართის ღირებულება 55 729 ლარს შეადგენდა. ქალაქ ბათუმის მერიის 2003 წლის 24 სექტემბრის დადგენილებით, ფირმა „შერემეთს“ ძველი ფართის სანაცვლოდ ფიროსმანის ქუჩაზე გადაეცა არასაცხოვრებელი ფართი. „ბათუმის მერიის კაბინეტის 2003 წლის 20 მარტის #37 დადგენილებით ფირმა „შერემეთს“ უარი ეთქვა მითითებული თანხის გადახდაზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში თავისუფალი არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, - წერია მერიის ზემოთაღნიშნულ დადგენილებაში.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გელა მახარაძე კი აცხადებს, რომ ფართი ბეჟანიძეებს უკანონოდ ჰქონდათ გადაცემული: „დადგენილება არაკანონიერია. ამ პერიოდში, 2003 წელს, საქართველოში მოქმედებდა პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, არასაცხოვრებელი ფართი კონკურსის, ან აუქციონის წესით და პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძლებოდა გაცემულიყო. განკარგვის უფლება კი ქონების მართვის სამინისტროს ჰქონდა. ეს იმას ადასტურებს, რომ მერიის მიერ, არაუფლებამოსილი პირის მიერ მოხდა უკანონოდ ფართის მიცემა“.

თუმცა მახარაძე იმასაც ეთანხმება, რომ „გადაცემა და სანაცვლოდ გადაცემა“ ერთი და იგივე მნიშვნელობის არაა. მიუხედავად ამისა, დადგენილების ბათილად ცნობის კანონიერებაში დარწმუნებულია. 

შპს „შერემეთის“ ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი კი აცხადებს, ბეჟანიძეების კანონიერი უფლებები დარღვეულია და სააპელაციო სასამართლოს იმედს იტოვებს: „ჩვენთან მოხდა გაცვლა და არა თავიდან საკუთრებაში გადაცემა. მერიასა და ბეჟანიძეს შორის გარიგება 1995 წელს მოხდა სანაცვლო ფართის მიღებასთან დაკავშირებით. მაშინ ქონების პრივატიზაციის კანონი არ მოქმედებდა. ფაქტობრივად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან გამომდინარე, მერიას უფლება ჰქონდა გაცვლაზე შეთანხმება მიეღო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე კი უფრო მარტივად მიუდგა საკითხს  - დადგენილება გააუქმა“.

2007 წლის 26 ივლისს, „ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე ბათუმის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა. აღნიშნულმა კომისიამ 1998-2005 წლამდე პერიოდის სამართლებრივი აქტების კანონიერება შეამოწმა. შპს „შერემეთი“-ს მსგავსად მერიამ 57 ნაკვეთის დადგენილება სცნო ბათილად.

ახალი ამბები