კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არც ერთი გამამართლებელი განაჩენი

12 მარტი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

აჭარაში არსებულ სასამართლოებში, ბოლო ორი წლის მანძილზე არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. სტატისტიკის მიხედვით კი, თანდათან მატულობს საპროცესო შეთანხმებათა ოდენობა. „სასამართლოში გამართლებული არავინ მინახავს. უსამართლო ქვეყანაში რა სამართალზე უნდა ისაუბრო“, - ასეთია ბათუმელთა დამოკიდებულება და შეფასება სასამართლოსადმი.

ორთვიანი ლოდინის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში წერია: „ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2007 წელს გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა, 6 პირის მიმართ შეფარდებული იქნა უვადო პატიმრობა, მოსამართლეების მიერ არ იქნა გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრეცედენტები“. ხოლო ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის ეს პერიოდიც არ აღმოჩნდა საკმარისი.

2007 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1451 საქმე შევიდა, მათ შორის 998 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, დანარჩენი კი საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ჯემალ კიკნაძე გამამართლებელი განაჩენით დაუსრულებელ საქმეს საგამოძიებო სტრუქტურების კარგი მუშაობით ხსნის: „სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებებით გადმოდის, ანუ საქმეები გამყარებულია უტყუარი მტკიცებულებებით. შემდგომში სასამართლო პროცესებზე დგინდება, რომ ამ საქმეში არ არის ისეთი რამ, რომელიც გაამართლებს ამა თუ იმ პიროვნებას“.

როგორ აფასებენ გამამართლებელი განაჩენის სასამართლო პრაქტიკიდან „გაქრობის“ ფაქტს თვითონ იურისტები?

ედიშერ მახარაძე, იურისტი: „სისხლის სამართლის პროცესუალური კანონი უკვე აღარ იცნობს უხარისხო გამოძიების ცნებას. ჩემი აზრით კი, უშეცდომო წინასწარი გამოძიება არ შეიძლება არსებობდეს. შეცდომა ახასიათებს ნებისმიერ ადამიანს. მართლმსაჯულებასაც ხომ ადამიანი ახორციელდებს. და რაკი ეს ასეა, გამამართლებელი განაჩენები იშვიათობას არ უნდა წარმოადგენდეს.

მტკიცებულებათა შეფასების და მატერიალური კანონის სწორი გამოყენების კონტროლი მინდობილია მოსამართლისათვის. გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებაც - გაუქმებულია პასუხისმგებლობა უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისათვის.

გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად დამკვიდრდა საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა. საპროცესო შეთანხმების თანხა ირიცხება ხაზინაში. სახელმწიფო კი დაინტერესებულია ხაზინის შევსებით და შემოსავლების ზრდით. გამამართლებელი განაჩენის ავტორი კი, შესაბამისად, აღიქმება სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგედ“.

რამინ პაპიძე, იურისტი: „ბევრი ისეთი საქმე მქონდა, რომელიც გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საპატიმრო ადგილებში დაბრუნების შიშით ბრალდებულები იძულებული იყვნენ დანაშაული საკუთარი თავისთვის დაებრალებინათ სახელმწიფო ბრალდება მათთან საპროცესო შეთანხმებაზე რომ წასულიყო. სწორედ საპროცესო გარიგების საფუძველზე მრავალი ადამიანის უფლება ირღვევა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა განსასჯელმა, ყოფილმა საჯარო მოხელემ ქრთამის აღება მხოლოდ იმიტომ აღიარა, რომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ ჰქონდა“. 

გენო ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი: „გამოძიებისა და პროკურატურის უნაკლო მუშაობა ნაკლებად სავარაუდოა. ის, რომ გამამართლებელი განაჩენი სასამართლოს წლის სტატისტიკაში არ არის, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხის მაჩვენებელია. მოსამართლეებს შინაგანი რწმენით რომ ეხელმძღვანელათ, ამდენი საქმიდან მინიმუმ ერთი გამამართლებელი განაჩენი მაინც უნდა გამოეტანათ“.

თორნიკე ანანიძე, „ადამიანის უფლება ცენტრი“: „გამამართლებელი განაჩენის მუხლის ამოღება უფრო მართებული იქნება. რადგან, ფაქტობრივად, სასამართლო პრაქტიკაში წლების განმავლობაში მსგავსი განაჩენი აღარ დგება. დაცვის მხარის შუამდგომლობებსა და მტკიცებულებებს სასამართლო საერთოდ აღარ ითვალისწინებს.

სასამართლო გამოძიებას განაჩენის დადგენისას, მნიშვნელობა დაკარგული აქვს, ვინაიდან წინასწარი გამოძიების დროს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებების საფუძველზე, ფაქტობრივად, განაჩენი სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს და სასამართლო გამოძიებაც ფორმალურ ხასიათს ატარებს.

სამწუხაროდ, რეალობა შემდეგია - გამამტყუნებელი განაჩენი, ან საპროცესო შეთანხმება. როდესაც საქმეში იკვეთება სამართლებრივი საფუძველი გამამართლებელი განაჩენის დადგომისა, იწყება საპროცესო შეთანხმებაზე აქტიური საუბარი პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან, რაც საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენით და საპროცესო შეთანხმებით სრულდება. რა თქმა უნდა, თუკი მხარეს ამისთვის საჭირო ფინანსები გააჩნია“.

ბოლოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის, განსასჯელ ფილიას ადვოკატის ედიშერ მახარაძის თქმით, განაჩენი სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და მოსამართლე ზურაბ სურმანიძეც „დასაჯეს“ -  გამამართლებელი განაჩენისათვის ბათუმიდან ქედის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. „ასე შეფასდა მოსამართლის სამართლიანი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მან მიუთითა ბრალდების პოზიციის მცდარობაზე“, - აცხადებს ადვოკატი.

ახალი ამბები