კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რას ცვლის საკონსტიტუციო ცვლილება?

14 მარტი, 2008

აფხაზეთის მაჟორიტარებისთვის პარლამენტში  ადგილები აღარ რჩება

ნონა სუვარიანი, თბილისი

152 მომხრე, 2 წინააღმდეგი. ასეთი შედეგით მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებდა. ამ ცვლილებას ოპოზიცია ჯერ კიდევ მიღებამდე აპროტესტებდა.

საკონსტიტუციო ცვლილება ოპოზიციის და უმრავლესობის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამ ცვლილებას ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ აპროტესტებენ.

ექსპერტი, ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს: „ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განსახილველად იყო შეტანილი პრინციპულად სხვა შინაარსის იყო. კერძოდ, იმ პროექტის მიხედვით განიხილებოდა მხოლოდ პარლამენტის 50 წევრის არჩევის წესი. უცვლელად რჩებოდა კონსტიტუციით დადგენილი 100 წევრის არჩევა პროპორციული წესით. პროექტი, რომელიც პარლამენტს პროპორციული წესით არჩეულ პირთა რაოდენობის შემცირებას 25-ით სთავაზობდა, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდას 75-მდე, პრინციპულად სხვა შინაარსის იყო. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილების განხილვისთვის საჭირო იყო კონსტიტუციით დადგენილი 6 თვიანი ვადის დაცვა, რომლის შემდეგაც პარლამენტში განხილვის დაწყება არის შესაძლებელი“.

ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ ასეთი რამ ამ პარლამენტს პირველად არ გაუკეთებია. 2004 წლის თებერვალში სულ რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტმა ფუნდამენტური ცვლილებები მიიღო. მაშინაც პროცედურის დარღვევით.

„ამ გადაწყვეტილებით მთლიანად შეიცვალა თავად არჩევის წესი. ბევრი რამ ითქვა და მოისმინა საზოგადოებამ ამ ცვლილების მომხრეთა და ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგება. მათ შორის მიდის სპეკულირება, მაგალითად, რაიონს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, რომ მისი ინტერესები დაიცვას. ოპოზიცია ამბობს, ხელისუფლება ცვლილებას იმისთვის იყენებს, რომ მის მიერ მანდატების მოპოვება გაიადვილოს და ა.შ.“

ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება პოლიტიკური შეცდომაა და ეს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მოსაზრებაა. საქართველოში რაიონების და ქალაქების რაოდენობა 85-ს შეადგენს. ამ 85-დან 8 რაიონი და ქალაქი აფხაზეთში და 2 კი ცხინვალის რეგიონშია. თუ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით 75 პარლამენტის წევრი აირჩევა, პარლამენტში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაპუტაციისთვის დარეზერვებული ადგილი არ იქნება. 

„მართალია, ამ 2 რეგიონში საქართველო არჩევნებს ვერ მართავს, მაგრამ  ჩვენ სრულიად ცხადი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ, რომ ეს ჩვენი რეგიონებია და ამ რეგიონების წარმომადგენლები უნდა იყვნენ არჩეულნი. მიღებული ცვლილებიდან გამომდინარე კი ეს შეუძლებელი იქნება.

ვფიქრობ, ამას ვერ ამსუბუქებს ვერც ის გარემოება, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ: მართალია, ახლა დარეზერვებული ადგილები არ იქნება, მაგრამ შეიქმნება, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ამ შემთხვევაში საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი იქნება, შესაბამისად ამ რეგიონებსაც ეყოლებათ თავისი წარმომადგენლები. რა და როგორ იქნება მომავალში ერთი საქმეა.  მეორეა, თუ ტერიტორიული მთლიანობა ერთბაშად არ აღდგება. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამ ორი რეგიონიდან რომელიმე ან რომელიმეს ნაწილი უფრო ადრე შემოვა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, ვიდრე დანარჩენი ნაწილი. ამ შემთხვევაში, ორპალატიან პარლამენტზე ვერ გადავალთ, რადგან ტერიტორიული მთლიანობა სრულად აღდგენილი არ იქნება. ასე რომ, ამ რაიონების  და ქალაქების წარმომადგენლები პარლამენტში ვერ აღმოჩნდებიან, მათთვის იქ ადგილი არ იქნება“.

შოთა მალაშხია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე ასევე ფიქრობს, რომ პარლამენტში აფხაზეთის დეპუტატებისთვის  ადგილი უნდა დატოვონ. „საუბარი არ არის, როგორ უნდა გადანაწილდეს 75 მაჟორიტარი. საუბარი არც 50 ადგილის გადანაწილებაზე იყო. რაც შეეხება, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, იქიდან ლიახვის ხეობის მაჟორიტარი ისედაც გვყავს. რაც შეეხება აფხაზეთს, იქედან არ გვყავს და ამის რეზერვი უნდა იყოს განსაზღვრული და იქნება კიდეც. ამ ეტაპზე მხოლოდ რაოდენობრივი ცვლილებებია შეტანილი, შემდგომ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს.

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი, კონსტანტინე კირვალიძე არ ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ატეხილ აჟიოტაჟს: „ელემენტარული განსხვავებაა შეტანილი, აქცენტი გადატანილია მაჟორიტარულ არჩევნებზე. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო ცვლილება. თუ ადრე კონსტიტუცია 50 მაჟორიტარზე იყო გათვალისწინებული, ახლა 75-ზე იქნება. მაჟორიტარებს ყველა ცალკეული რაიონიდან აირჩევენ. ყველა რაიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი.

აქამდე მოქმედი კანონი ფორმალურად იყო შექმნილი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იყო გათვალისწინებული. ჩემი სუბიექტური აზრით, ცვლილება აფხაზეთზე და ყოფილ სამხრეთ ოსეთზე არ აისახება. საკონსტიტუციო ცვლილებას პირდაპირი შეხება აფხაზეთის ან სამაჩაბლოს  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან არ აქვს. რეალობამ გვაჩვენა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება უფრო ადეკვატური იქნებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა მაჟორიტარებს უკეთ უნდა იცნობდეს, ხმას კონკრეტულად იმ პირებს აძლევდეს, ვისაც იცნობს და პატივს სცემს და არა ორგანიზაციას, რომელსაც დეპუტატი პროპორციული წესით ჰყავს წარმოდგენილი. ეს მრავალ ქვეყანაში არის აპრობირებული“.

ვახტანგ ხმალაძე საუბრობს კიდევ ერთ, „წმინდა მერკანტილურ მხარეზე“.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ 90-იანი წლებიდან განვლილი პრაქტიკა აშკარად მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვა ბევრად უფრო ადვილია სწორედაც მაჟორიტარული არჩევნების დროს.

ახალი ამბები