კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობას მიწა გაუყიდეს

17 მარტი, 2008

სახელმწიფოს დავიწყებული ვალდებულება და საკუთრების უფლებაწართმეული რვა ოჯახის ისტორია

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმში, პუშკინის #13-ში მცხოვრები რვა ოჯახი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. აუქციონის წესით მათი საცხოვრებელი ტერიტორია გასხვისდა. მოსახლეობას იმჟამინდელი აღმასკომისგან მიღებული საგარანტიო ფურცლები გააჩნია, რითაც ამ ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელ სახლში კეთილმოწყობილი ბინები უნდა მიეღოთ. თუმცა, ტერიტორია ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გაიყიდა.

„...მეორე სადარბაზო, მეხუთე სართული, ერთოთახიანი ბინა მეკუთვნოდა მე“, - ამბობს ლიანა აბაშიძე. ეს ბინა პუშკინის ქუჩის #13 ნომერში უნდა აშენებულიყო და კეთილმოწყობილი უნდა გადასცემოდა ლიანა აბაშიძეს. ამის შესახებ საგარანტიო წერილში წერია, რომელიც 1990 წელს, იმჯამინდელმა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გასცა.

ლიანა აბაშიძის მსგავსად, საგარანტიო წერილები კიდევ შვიდ ოჯახს გააჩნია. ისინი დღემდე ცხოვრობენ იმავე ბარაკებში, რომლებიც 1989 წელს ხანძარი გაუჩნდა. გადარჩენილი ბარაკი-შენობები შეაკეთეს და იმ მრავალსართულიანი ბინის აშენებას ელოდებოდნენ, სადაც საგარანტიო წერილის თანახმად ბინა უნდა მიეღოთ. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, თუმცა საძირკველის ეტაპზევე შეწყდა.

ამჟამად ტერიტორია, სადაც მოსახლეობის საცხოვრებელი ბარაკებია განთავსებული და სადაც მრავალსართულიანი ბინა შენდებოდა, გასხვისებულია. 2007 წლის 28 დეკემბერს, 2 700 კვ.მეტრი ტერიტორია 275 ათას დოლარად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაასხვისა. სამინისტრომ ფართი ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ღირებულების მინიმალურ ფასად, კვ.მეტრი - 162 ლარად გაყიდა. ხოლო ტერიტორია გაასხვისა, როგორც დაუმთავრებელი შენობა და მასზე მიმაგრებული მიწის ფართი. ტერიტორიის აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ბრძანებაში მითითებული არაა, რომ ტერიტორიაზე რვა ოჯახი ცხოვრობს.

„არის ოჯახები, რომლებიც 1902 წლიდან აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ. მე თვითონ კი აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ“, - ამბობს გოჩა ვასაძე.
„ჩვენი სატკივარი ერთია - გაგვიფორმონ ეს საცხოვრებელი (იგულისხმება ბარაკის ტიპის სახლები) სახლები. ჩვენგან ერთს რომ გაუფორმეს, ჩვენ განა იმავე მისამართზე არ ვცხოვრობთ? პრივატიზაციის მოთხოვნით მისულებმა გავიგეთ, რომ ტერიტორია გაუყიდიათ“, - ამბობს მაია ჯგირინაია.

11 მარტს, მოსახლეობამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, სადაც ყველა ადმინისტრაციული აქტის ბათილობას ითხოვენ, რითაც აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა. მათ განცხადებით სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც მიმართეს.

მოსახლეობის ინტერესების დამცველ ნანა ბერიძის განცხადებით, გასხვისება უკანონოდ მოხდა: „ბინა კომუნალურ ფონდში არის რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბინების გასხვისება არ შეიძლება. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მცხოვრებს,  ანაიდა კირაროსიანს საცხოვრებელი სახლის პრივატიზაცია 2002 წლის 31 იანვარს გაკეთებული აქვს. ხოლო ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს მერიამ რატომღაც პრივატიზაცია არ გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მათაც გააჩნიათ საცხოვრებელი ბინების ორდერები“.

ლიანა აბაშიძეს კი 2005 წელს, საბინაო საკითხთა განყოფილების უფროსი წერილში იმ საფუძვლით არ აძლევს პრივატიზების უფლებას, რომ „პუშკინის ქუჩის #13 ათვისების ზოლშია და თქვენს მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ“.

ტერიტორია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაასხვისა. ადვოკატის განცხადებით, გასხვისებამდე ფართი ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა და მერიამ ვალდებულებები არ შეასრულა: „მერიას ფართის სამინისტროზე დელეგირება უნდა მოეხდინა. შესაბამისად, მერიას უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია რომ იქ მოსახლეობა ცხოვრობდა, გააჩნდათ ბინის ორდერები და მშენებარე მრავალსართულიან სახლში ბინებისთვის საგარანტიო ფურცლები, რომლითაც სახელმწიფო ვალდებულებას იღებდა მათ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე“.

ფაქტთან დაკაშვირებით ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გელა მახარაძე აცხადებს:
„თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ნებისმიერი შენობა ითვლება სახელმწიფოს საკუთრებად, სანამ გარკვეული პროცესების გავლა არ მოხდება. შესაბამისად, მასზე მიმაგრებული ფართიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსი იყო და გაასხვისა.

- აღნიშნულ ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მცხოვრებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გააჩნია. თქვენი აზრით, აღნიშნული ფართიც სახელმწიფოსია?

- ეგ ვინც გაასხვისა, მას უნდა ჰკითხოთ.

- თუკი მერიამ ერთ მოქალაქეს საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის უფლება მისცა, შესაბამისად, რატომ არ დაკმაყოფილდა მის გვერდით მცხოვრებთა მოთხოვნა?

- პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩემთან მიმართვა არ შემოსულა. მაგათ მოგვმართეს მიწის დაკანონებაზე. ეს კანონი კი მათზე არ მოქმედებს, რადგან ის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მშენებარე სახლზე იყო მიმაგრებული.

- რატომ არ მოხდა ამ ფართის, სხვების მსგავსად, თვითმმართველ ერთეულზე მერიაზე გადმოცემა?

- ქალაქის ტერიტორიაზე, თუ სად რა არის და რომელია ჩვენი, საჭიროების მიხედვით ვიგებთ. ყველა არ აგვიზომია და სპეციალურად ეგ ტერიტორია არ დაგვიტოვებია.  თქვენ ისე საუბრობთ, თითქოს მერიამ სპეციალურად გააკეთა ასე. ამ ტერიტორიის აზომვითი სამუშაოების დაწყებას ვაპირებდით და სამინისტროზე მიმართვას, მაგრამ აღმოჩნდა უკვე სამინისტროს აუქციონი ჰქონდა გამოცხადებული.

- რატომ მანამდე არ მიმართა მერიამ?

- მანამდე  არ იდგა მაგ ტერიტორიის საკითხი დღის წესრიგში.

ამჟამად, გასხვისებულ ტერიტორიას ყადაღა ადევს. პუშკინის #13-ში მდებარე ტერიტორიის მფლობელი კი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბათუმელი პეტრე დევრიშაძეა. მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა სახლში არ დაგვხვდა. ოჯახის ახლობელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, დევრიშაძის მობილის ნომერი არ მოგვაწოდა. მისი განცხადებით, პეტრე დევრიშაძე, ამჟამად ქალაქიდანაა გასული. ახლობელისავე თქმით, დევრიშაძე ბიზნესმენია.

ახალი ამბები