კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია ბოშებს ეთნიკური ნიშნით ჩაგრავს

17 მარტი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები ბოშები, ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობას ეთნიკური ნიშნით ჩაგვრაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბეს, საქმის გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში მისულ ბოშებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გარეთ გააძევეს. ბოშები პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათი უფლებები ეთნიკური ნიშნით ირღვევა და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში, ისინი, ბავშვებთან ერთად, დედოფლისწყაროდან თბილისში ფეხით ჩასვლას და ევროსაბჭოს ოფისთან აქციის გამართვას გეგმავენ.

2008 წლის 21 იანვარს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წითელწყაროში ავტოავარია მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა უაზი, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის თანამშრომლები მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდნენ, ავტომანქანა ვაზ 2106-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანა ვაზ 2106-ში მსხდომმა ბოშებმა მრავლობითი სახის დაზიანებები მიიღეს, მძღოლი მიხაილ დენისენკო კი ყველაზე მეტად დაშავდა. რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, იგი დღემდე საწოლს არის მიჯაჭვული და დაინვალიდებულია.

მომხდარზე შს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს აღიძრა. გამოძიების მასალებიდან ვკითხულობთ, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, დაუყოვნებლივ იქნა დათვალიერებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი. შეჯახებულ ავტომანქანებში მსხდომი მოქალაქეები ჯანმრთელობის დაზიანებებით მოთავსდნენ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში“. „დადგინდა, რომ ავტომანქანა უაზს მართავდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის მესამე ქვეგანყოფილების უფროსი ოფიცერი ზაზა ყანჩაშვილი. ორივე მძღოლიდან იმავე დღეს ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისათვის აიღეს სისხლის ნიმუშები, რომლის დასკვნითაც მიხაილ დენისენკოც და ზაზა ყანჩაშვილიც ფხიზლები იყვნენ“, - აღნიშნავს დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გიორგი ბუნტური.

ბოშების მტკიცებით კი, ავტომანქანა უაზს არა ზაზა ყანჩაშვილი, არამედ ნასვამი მორის ბატიაშვილი მართავდა. „ყანჩაშვილი იბრალებს მანქანას მე ვმართავდიო, რადგან თვითონ ფხიზელი იყო. სინამდვილეში, უაზის საჭესთან მორის ბატიაშვილი იჯდა, რომელიც საშინლად მთვრალი იყო. შეჯახების შედეგად მე გონება დავკარგე. როცა თვითმხილველებმა მანქანიდან გადამიყვანეს, ავტომანქანა უაზის კარიდან, საჭის მხრიდან ბატიაშვილი ცდილობდა ჩამოსვლას. ბოლოს ჩამოვარდა, მასაც დაზიანებები ჰქონდა. ავტომანქანა უაზში მსხდომნი რესტორნიდან მოდიოდნენ. როცა დაგვაჯახეს, პოლიციაში მისულან მეგობრებთან და უთქვამთ, მგონი ბოშები დავხოცეთ და ამ საქმიდან რამენაირად გამოგვიყვანეთო“, - ამბობს დაზარალებული ეკატერინა პროშევა.

საჭესთან რომ ზაზა ყანჩაშვილი არ მჯდარა, ამაზე ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველიც მიუთითებს. გამოძიებას ის ამ დრომდე არ დაუკითხავს.

„შეჯახების ხმა რომ გავიგეთ, გარეთ მაშინვე გავედით. დავინახეთ, უაზის მანქანიდან მამაკაცი და ქალი როგორ გადმოვიდნენ და იქაურობას გასცილდნენ. ბოშების მანქანაში ყველანი დაშავებულები იყვნენ. მძღოლის გადმოყვანა ძალიან გაგვიჭირდა. საჭე და მანქანის სხვა ნაწილები პირდაპირ სხეულზე ჰქონდა მიბჯენილი და უგონოდ იყო. უაზის მანქანაში ორნი შევნიშნეთ, ერთი, რომელიც საჭის მხრის კარიდან გადმოსვლას ცდილობდა და ისიც აშკარად ძალიან მთვრალი იყო და მეორე, რაიონის საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი ნუკრი ბაღაშვილი, რომელიც ასევე არ იყო ფხიზელი“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე მადოიანმა.

დაშავებული ბოშების თქმით, შეჯახებამდე, ავტომანქანა უაზი მათ სავალ ნაწილზე იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, იქიდან გამომდინარე, რომ მარჯვნივ გადასასვლელი ადგილი აღარ იყო, საპირისპირო მხარეს გადავიდნენ. „გადავედით თუ არა, უაზის მანქანაც იმავე მხარეს გადმოვიდა. ეს ყველაფერი იმდენად ჩქარა მოხდა, რომ ვეღარაფერს ვახერხებდი. რაც შეიძლება მარცხნივ გადავედი და მანქანა გავაჩერე. ზუსტად ამ დროს დამეჯახნენ კიდეც. მერე აღარაფერი მახსოვს“, - იხსენებს მიხაილ დენისენკო. მოტეხილობების გამო, სამი კვირის განმავლობაში ის რაიონულ საავადმყოფოში იყო მოთავსებული და სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების გადასახდელად, ოჯახმა სახლიდან ყველაფერი გაყიდა.

გამოძიებამ, დენისენკო, მოწმის სახით, მხოლოდ მას შემდეგ დაკითხა, რაც ბოშებმა დახმარებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ დენისენკო ქართულად ვერ წერს და ვერ საუბრობს, მისი დაკითხვა თარჯიმნის მეშვეობით არ მომხდარა, თუმცა გამომძიებელი ვალერი ლეკაშვილი აცხადებს, რომ დენისენკო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით დაიკითხა.

გამომძიებლისვე თქმით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ მიხაილ დენისენკოს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის I პუნქტის მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში, შეეძლო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. „რაც შეეხება ზაზა ყანჩაშვილს, მას მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის სავალ ნაწილზე გადასული ავტომობილი ვაზ 2106 იმყოფებოდა მოძრაობაში და ზაზა ყანჩაშვილის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა არ აღინიშნება“, - აცხადებს დეტექტივ-გამომძიებელი ლეკაშვილი.

შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი ბუნტური მიიჩნევს, რომ გამოძიებით დადგენილი გარემოებების მიხედვით, მიხაილ დენისენკო ხსენებული დანაშაულის სუბიექტია. „მის მიმართ ვიწყებთ სისხლისსამართლებრივ დევნას და ამიტომ ვერ იქნება ის დაზარალებულად ცნობილი“, - ამბობს პოლიციის უფროსი.

დენისენკოს ახლობლები გამოძიებას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. „საქმის გასარკვევად პოლიციაში მივედით და აბუჩად აგვიგდეს, როდის იყო ციგნებს კანონების რამე გაგეგებოდათო. გამომძიებელმა ლეკაშვილმა კი უშვერი სიტყვებით შეგვაგინა და პოლიციაში მისვლა აგვიკრძალა. თუ არ გაჩუმდებით, თქვენც ციხეში გამოგამწყვდევთო“, - სამართალდამცავების მუქარას აპროტესტებს მიხაილ დენისენკოს მეუღლე მალინა პიდანოვა.

ბოშების ბრალდებებზე დედოფლისწყაროს პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.

გამოძიებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ რაიონულ პროკურატურაშიც. ჩვენთან სატელეფონო საუბარში პროკურორმა იოსებ გულოშვილმა ბოშები უცენზურო სიტყვებითაც შეაგინა. „მაგათი დედაც... მეტი საქმე არ გაქვთ?“- იკითხა პროკურორმა.

ბოშები დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში, 70-მდე ბოშა პროტესტის ნიშნად, ბავშვებთან ერთად, დედოფლისწყაროდან თბილისში ფეხით ჩასვლას და ევროსაბჭოს ოფისთან აქციის გამართვას გეგმავს.

ახალი ამბები