კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეკრული წრე „ენერგო-პრომ“ უნდა გახსნას

21 მარტი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს თხოვნით მიმართა, პირად კონტროლზე აეყვანა სოციალურად დაუცველი ოჯახის  პრობლემა, რომელიც მას „ენერგო-პრო ჯორჯიას“დასავლეთ ცენტრალურ ფილიალში შეექმნა. საქმე ეხება სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ბენეფიციარის კუთვნილი 6 ვაუჩერის თანხის სხვის ანგარიშზე დარიცხვას (იხ. 19 თებერვლის სტატია „დავიდარაბად ქცეული საპრეზიდენტო სუბსიდია“).

ქუთაისში მცხოვრებმა დალი ხაჭაპურიძემ პრეზიდენტის ნაჩუქარი 6 ვაუჩერის იმედით დეკემბერ-იანვრის თვეში 150 ლარის ელექტროენერგია მოიხმარა. მოგვიანებით მას აღნიშნული თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა მოსთხოვეს. ბუნებრივია, ოჯახი, რომლის წევრები მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან და მათი მონაცემები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაშია შესული, გადახდას ვერ შეძლებდა. ამიტომ „ენერგო-პრომ“ მას ელექტროენერგია  გაუთიშა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ ცენტრალურ ფილიალს მიმართა, საიდანაც პასუხად მიიღო, რომ აქ კომპანია არაფერ შუაშია და საქმე გვაქვს უშუალოდ აბონენტის მხრიდან გამოჩენილ უყურადღებობასთან. ამდენად, საკითხის მოგვარებაში „ენერგო-პრო“ არა, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრი შეძლებისდაგვარად დაგვეხმარა. მან საკითხის მოსაკვლევად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროში სამინისტროსა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები მოავლინა.

შეხვედრას, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისში შედგა სამინისტროსა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენელთა გარდა, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ ცენტრალური ფილიალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაირკვა, რომ ხაჭაპურიძე საპრეზიდენტო სუბსიდიის (6 ცალი ვაუჩერის) რეალური მფლობელია და შესაბამისად, უფლებაც აქვს, მოიხმაროს იგი სურვილისამებრ.

„თქვენი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა ენერგეტიკის მინისტრმა. სწორედ მისი უშუალო დავალებით ჩამოვედით ქუთაისში, რათა მომხდარიყო საკითხის ძირფესვიანი შესწავლა და სწრაფად მოგვარებულიყო იგი. აქ შემდგარმა საუბარმა აჩვენა, რომ ეს იყო შეცდომა, რომლის გამოც მოქალაქე ხაჭაპურიძე არ უნდა დაზარალდეს. აქ ორი აზრი არ არსებობს, შეცდომა სასწრაფოდ უნდა გასწორდეს. წარმოიდგინეთ, ხელისუფლება თქვენ გაძლევთ ვაუჩერს, რომ დაფაროთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური და ამ დროს ვიღაცების დაუდევრობით, თანხა ხვდება სხვა პიროვნების ანგარიშზე. შეცდომა უნდა გასწორდეს. შეკრული წრე უნდა გაიხსნას და ეს თავის თავზე  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ ცენტრალურმა ფილიალმა უნდა აიღოს. მან ამ საქმის საბოლოოდ მოსაგვარებლად სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთან უნდა ითანამშრომლოს“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ტექნიკური მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა თამაზ თხელიძემ.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ პრობლემის მოგვარება არც ისე რთული საქმეა, როგორც ეს „ენერგო-პრომ“ განმარტა და იგი თანხის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანაში მდგომარეობს. რაც შეეხება  დაშვებული შეცდომის დროს პასუხისმგებლობას, იგი უშუალოდ „ენერგო-პროს“ ეკისრება. „როცა ენერგოკომპანიის მიერ მოხდა აბონენტის ნომრის შეცვლა, მას ამის შესახებ აბონენტისთვის უნდა ეცნობებინა. შესაბამისად, აბონენტიც ვაუჩერის განაღდებისას ბანკში სწორ (ნამდვილად მის) ქვითარს წარადგენდა.

„ეს არის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ჩვენი სააგენტო „სახალხო ბანკს“ ურიცხავს თანხას. ვაუჩერის გააქტიურების შემდეგ უკვე ბანკი და ენერგოკომპანია ურთიერთობს და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მე ვადასტურებ, რომ ქალბატონი დალი ხაჭაპურიძე ნამდვილადაა ამ ვაუჩერების მფლობელი. ის კი, რომ გადახდის ქვითარი, რომლის ბანკში წარდგენის გამოც მოხდა გაურკვევლობა, მართლა ხაჭაპურიძეს ეკუთვნის, ენერგოკომპანიამ უნდა დაადასტუროს. ენერგოკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანხა სხვა აბონენტის ანგარიშზეა. მე ვერ ვიგებ, რატომაა პრობლემა ამ თანხის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანა. მთავარია ენერგოკომპანიის ნება, მიწეროს ბანკს, რომ ესაა შეცდომა და უნდა გასწორდეს“, - აცხადებს  სოციალური სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ფიქრია ბერაძე.

შეხვედრის შედეგად დაიდო შეთანხმება, რომელიც წერილობით დადასტურდა და რომლითაც აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებს გარკვეული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

გაირკვა, რომ აღნიშნული ვაუჩერები ნამდვილად დალი ხაჭაპურიძის საკუთრებაა და პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტამდე მას ელექტროენერგია არ უნდა გაეთიშოს. იმისთვის კი,  ხაჭაპურიძემ კუთვნილი ვაუჩერებით სარგებლობა რომ შეძლოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ ცენტრალურმა ფილიალმა აღნიშნული საკითხი სუბსიდიების სააგენტოსა და „სახალხო ბანკთან“ ერთად უნდა მოაგვაროს. ამას ენერგოკომპანიას აღნიშნული წერილობითი დოკუმენტი ავალებს.

ახალი ამბები