კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა საერთო აქვთ ზუგდიდში გაშლილ კარვებს, მოშიმშილეებსა და "მიშა მაგარიას?!"

21 მარტი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი


ზუგდიდში ოპოზიციონერები შადრევანზე აცეკვებული სიმღერის, "მიშა მაგარია"-ს ფონზე შიმშილობენ. ქალაქის მთავარ ხეივანში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან სამი კარავია გაშლილი. რვადღიანი შიმშილობის მანძილზე აქციის მონაწილეები "მიშა მაგარიას" განუწყვეტლივ, თითქმის 10 საათის განმავლობაში ისმენენ. შადრევნისა და სიმღერის მართვის პულტი რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დევს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოშიმშილეთა უფლებების დარღვევაზე, ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებსა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.

ზუგდიდში სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩასული ოპოზიციური პარტიების ლიდერები უკვე რვა დღეა შიმშილობენ. საპროტესტო აქციიდან მეექვსე დღეს 13 მოშიმშილეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამი ადამიანი გამოეთიშა. სენაკელები ვაჟა სახოკია, ბესო ბულიავა და მარტვილელი გოგი ძარია სამედიცინო სტაციონარში გადაიყვანეს. ექიმებმა მათ შიმშილობის გაგრძელება კატეგორიულად აუკრძალეს.

კახა ჯიჭონაია და პაატა სორდია თავს ყველაზე უძლურად გრძნობენ. საავადმყოფოში გადაყვანასა და მედიკამენტების მიღებაზე მათ უარი განაცხადეს. შიმშილობის დაწყებაზე უარი ეთქვა იმ სამ ქალბატონსაც, რომლებმაც სურვილი ორი დღის წინ გამოთქვეს. მოშიმშილეთა უმრავლესობა პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" წევრია. ამ დროისათვის მოშიმშილეების: ლაშა ჯიჭონაიას, ელგუჯა ქვარაიას, ნიკა პაჭკორიას, ვახტანგ ზარანდიას, ანდრო კანკავას, ირაკლი ჯამბურიას, დათო კინწურაშვილისა და გია ბართიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეთა უსაფრთხოების დაცვა ზუგდიდის პოლიციის სამმართველომ საკუთარ თავზე აიღო, პროვოკაციული ქმედებები რვა დღის განმავლობაში პერიოდულად მაინც ხორციელდებოდა. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამოც, რომ კრიმინალური პოლიცია და საპატრულო სამსახური სწორედ მაშინ გაუჩინარდება მიმდებარე ტერიტორიიდან, როცა უცხო პირები კარავში შესვლას, გინებასა და შეურაცხყოფას ახერხებენ.

კახა მიქაია, პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება": "დღისით კარვებთან ჩვენი მხარდამჭერები იყრიან თავს, ღამით კი ნაცმოძრაობის აქტივისტები გამოჩნდებიან... ღამის 3 საათზე, იმ დროს, როცა გამგებელი ალექსანდრე ქობალია თავის კაბინეტში იმყოფებოდა, შენობიდან რამდენიმე პირი გამოვიდა. პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მისამართით გინება იქვე დაიწყეს და მოშიმშილეთა მიმართულებით დაიძრნენ. ისინი კარვებში შესვლას ცდილობდნენ. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს: "ასეთ რაღაცებს ჩვენ არ ვჭამთ!" 20 წუთში კი გამოჩნდა ავტომანქანა "ნივა", რომელიც გარემოს დაცვის ინსპექციას ეკუთვნის და როგორც გავარკვიეთ, მას ვინმე ხარებავა მართავდა. მან გააჩერა ავტომანქანა, ჩამოვიდა და მოშიმშილეებს შეაგინა, შემდეგ კი გაიქცა..."

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარვების ჩაბნელებაზე პირველი დღიდანვე იზრუნა. მოშიმშილეებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ამ დრომდე შეუძლებელი გახდა. კარვები სანთლებით ნათდება. სამაგიეროდ, დენი უწყვეტად მიეწოდება მოცეკვავე თუ მომღერალი შადრევნის მართვის პულტს, რომელსაც რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია უშუალოდ აკონტროლებს. "მიშა მაგარია" ზუგდიდის ცენტრში დღე-ღამის განმავლობაში თითქმის განუწყვეტლივ, გადაბმულად, არანაკლებ 40-ჯერ მაინც აჟღერდება. მანძილი კარვებსა და ხმის გამაძლიერებელს შორის არც მეტი, არც ნაკლები - ერთი მეტრია. იქვეა მოცეკვავე შადრევანი, რომელიც საქართველოს დროშაზე იმიტირებული აუზიდან ასხამს წყალს და როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, ყველაზე რიტმულად "მიშა მაგარიას" ცეკვავს.

პაატა სორდია, მოშიმშილე: "ეს ალბათ ჩვენი გაღიზიანების მორიგი მცდელობაა, ან კიდევ ცდილობენ საკუთარი ძლიერება წარმოაჩინონ, მიხეილ სააკაშვილის უძლეველობა დაამტკიცონ... ვფიქრობ, რომ დაბალი ინტელექტის მქონე და შეუგნებელი ადამიანების საქციელი გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს. ეს უბრალოდ სადიზმის გამოვლინებაა და ყოველგვარ ზნეობრივ ზღვარს სცილდება."

შადრევნის საოპერატორო პულტის სპეციალურ ოთახში "მიშა მაგარია"-ს გაშვების ინტენსივობას ტექნიკური პრობლემებით ხსნიან. ახალგაზრდა ყმაწვილი ნიკა, რომელიც საკუთარ გვარს არ ამხელს, აცხადებს, რომ დაუდგენელი პირების მიერ ხმის გამაძლიერებელ დინამიკებზე ელექტროსადენების ჩაჭრის გამო სირთულეები გაჩნდა და შადრევანი სხვა სიმღერაზე აღარ ცეკვავს. შთამბეჭდავ არგუმენტს ნიკა იმითაც ამყარებს, რომ "მიშა მაგარიას" მელოდიაზე შადრევანს ყველაზე მეტად ეცეკვება.

ნიკა, ოპერატორი: "მე მხოლოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. მაქვს განრიგი- დილის 9-დან 12 საათამდე, 4-დან ღამის 12 საათამდე შადრევანი უნდა ავაცეკვო. მოსახლეობას აწუხებს თუ არა ეს, ჩემი საქმე არ არის, მე დროს არ ვადგენ!"

დროის არა, მაგრამ იდეის ავტორისა და შემსრულებლის დადგენას მოშიმშილეე ბთან მისული კონსერვატორების ლიდერი კახა კუკავა შეეცადა. პარლამენტარმა ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშისტურ ქმედებაში დაადანაშაულა და პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრა. იმერეთსა და აჭარაში მოშიმშილეთა მდგომარეობის გაცნობის შემდეგ იგი სამეგრელოში ნანახით აღშფოთებასა და გულისწყრომას ვეღარ მალავდა.

კახა კუკავა: "პოლიტიკა- პოლიტიკაა, მაგრამ ის, რომ მოშიმშილე ადამიანებს კარავში დენის შეყვანის საშუალება არ მისცე და "მიშა მაგარია" უმღერო დილიდან საღამომდე - ფაშიზმია. ყველას ვაგებინებთ პასუხს ისე, როგორც ნაცისტებს აგებინეს. ეს არის არაადამიანური მოპყრობა, მოშიმშილეთა უფლებების უხეში დარღვევა და მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოაგვაროს ეს საკითხი. ასეთი დამოკიდებულების შედეგი ნინო ბურჯანაძემ უკვე მიიღო და მთელი საქართველო დღეს მის სახელს ყველა ბრუნვაში ატრიალებს, ვიღაცა იგივეს ზუგდიდშიც მიიღებს. ადამიანების წამება არავის შერჩება!"

 

 

ახალი ამბები