კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეთანხმება იმერეთის სააღსრულებო ბიუროში შედგა

25 მარტი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

2008 წლის 24 მარტს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა ხონის რაიონში დურმიშხან ხურცილავამ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იმერეთის ოფისის უშუალო ჩარევით, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დანიშნა. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა 5 წლის თავზე, როგორც იქნა,  სამართალი იპოვა.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იმერეთის ოფისს  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მოქალაქემ პაატა ოთხოზორიამ მიმართა. იგი  ოჯახთან ერთად ქუთაისში,  ნიკეას ქუჩაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, ტექნიკუმის შენობაში, არცთუ სახარბიელო პირობებში ცხოვრობს.

ოთხოზორიას 2003 წლის 15 ოქტომბერს, მისი საცხოვრებელი სახლის წინ,  მარჩენალი ძროხა  „ფორდის“ ტიპის მიკროავტობუსმა მოუკლა. ავტომანქანას ხონში მცხოვრები ლავრენტი ბენიძე მართავდა.

როგორც გაირკვა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ძროხა ადგილზე დაკლეს და ამოღებული თანხა, მხარეთა შეთანხმების შედეგად, ლავრენტი ბენიძეს გადაეცა. მხარეები შემთხვევის დღესვე პირობებზე შეთანხმდნენ - მოგვიანებით ბენიძე დაზარალებულს სამაგიერო საქონელს მიუყვანდა. შეთანხმება დაირღვა, მოპასუხემ პირობა არ შეასრულა  და სოციალურად დაუცველი დევნილის ოჯახი თითქმის ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.

დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. 

„ხონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა  ოთხოზორიას სარჩელი და 2004 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულის მოთხოვნა  დააკმაყოფილა. ლავრენტი ბენიძეს მის სასარგებლოდ 1180 ლარის გადახდა  დაეკისრა. მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგაც ქუთაისის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება. ოთხოზორიამ   „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იმერეთის ოფისს  დახმარებისთვის მიმართა. მან განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა. მეტიც, მას უკან დაუბრუნეს სააღსრულებო ფურცელი და იმ მოტივით, რომ მოპასუხე უქონელია, უარი უთხრეს ზარალის ანაზღაურებაზე. როგორც გაირკვა, ბენიძის ოჯახი ფლობს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას და თავისუფლად შეუძლია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი“, - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისის იურისტი ნანა ჩაფიძე. 

„დავიღალე შვილო, მთელი ამ ხნის მანძილზე სამართლის ძიებაში ვარ და დამცირებისა და შეურაცხყოფის მეტი ვერაფერი მივიღე. სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი უკან რომ დამიბრუნეს, იმედი დავკარგე. თუმცა, პრინციპულად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემი ოჯახის კუთვნილ ლუკმას, რომლის მოპოვება ძალიან ძვირი მიჯდება, არავის შევარჩენ“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისში პაატა ოთხოზორიამ.

2008 წლის 24 მარტს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იმერეთის ოფისის უშუალო ჩარევით,  სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება დაინიშნა. ხონის რაიონულ სასამართლოში მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება სამართალდამცავთა და ჟურნალისტთა გარემოცვაში მოხდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლავრენტი ბენიძეს ოთხოზორიას სასარგებლოდ 1 180 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. ქონების არ არსებობის გამო ამ ხნის მანძილზე თანხის ამოღება ვერ მოხერხდა. ოთხოზორიამ როცა მეორედ მომართა სასამართლოს, ბენიძეს მამა გარდაცვლილი ჰყავდა და ქონებაზე ერთ-ერთ მემკვიდრედ თვითონ ითვლებოდა. დღეს მან პირობა დადო, რომ 6 თვის განმავლობაში მთლიანად დაფარავს ვალს. კერძოდ, 500 ლარს ივნისის ბოლომდე და დანარჩენ 680 ლარს სექტემბრის  ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ ბენიძე პირობას დაარღვევს (ამას იგი თავისი განცხადებითაც ადასტურებს), მოხდება მისი ქონების კონფისკაცია და ზარალი ამრიგად ანაზღაურდება“, - აცხადებს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელი ხონის რაიონში დურმიშხან ხურცილავა.

ახალი ამბები