კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვარძელაშვილმა მაჟორიტარობას გუბერნატორობა არჩია

26 მარტი, 2008
საბა წიწიკაშვილი, გორი
 
შიდა ქართლში მაჟორიტარობისთვის ბრძოლა სავარაუდოდ პირველი აპრილიდან დაიწყება. მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდება. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თითქმის დადგენილი ჰყავს კანდიდატი ოთხივე რაიონში, გარკვეული საკადრო ცვლილებებია ,,ახალ მემარჯვენეებში“, ახალმა მოძრაობამ ,,ქართულმა პოლიტიკამ“ კი პარტიის ოფისის გახსნა სათაო ოფისს დაასწრო. ყველა ძალა ოფიციალურად არ ახმაურებს კანდიდატების ვინაობას. რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ მხრივ არც ერთ პარტიაში ჯერ შიდა შეთანხმებები მიღწეული არ არის.

,,ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტს ლადო ვარძელაშვილს მაჟორიტარობაზე და საერთოდ პარლამენტარობაზე ფიქრიც კი აღარ შეუძლია. უკვე გადაწყვეტილია, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტს შიდა ქართლში სჭირდება იმიტომ, რომ მრავალჯერ მოტყუებულ და გადაგდებულ გორელებს წყლის და გზების პრობლემა მოუგვაროს. ვარძელაშვილის მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ კიდევ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიდიოდა. ამას არც მისი მეგობრები და პარტიის წევრები მალავდნენ. თუ პატრიოტთა ლიდერი გორში საპრეზიდენტო არჩევნებს წარმატებით ჩაატარებდა, მას პარლამენტი გარანტირებული ექნებოდა და ჰქონდა კიდეც.

თუმცა 5 იანვრის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ მარტო გორის მოსახლეობის ერთმა მეოთხედმა 60 000 მოსახლიდან 11 000 ამომრჩეველმა მთლიანად ოპოზიციურ პარტიას დაუჭირა მხარი. ეს მაშინ, როდესაც 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაერთიანებულ ოპოზიციას ორი მიტინგი „ჩაუვარდა“. ეს თავად გაერთიანებული ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გვითხრა – ხალხი შეშინებულია და იმიტომ ვერ გამოვიდა ქუჩაშიო. თუმცა 7 ნოემბრის შემდეგ დატრიალებული მოვლენების შემდეგ უკვე 2008 წლის იანვარში ოპოზიციამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მიიმხრო.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გორში ჩატარებული მცირე გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ გორის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღიზიანებული დარჩა იმ პოლიტიკის გატარებით, რომლითაც ახალმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის მოწონება დაიწყო. მას შემდეგ რაც მთლიანად შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლება 2007 წლის 12 სექტემბრიდან, ახლადმოსულმა ჩინოვნიკებმა შადრევნებით და საათების დაყენებით დაიწყეს მოღვაწეობა. იმ დროს, როდესაც სტალინის სიყვარული და პატივისცემა ღრმადაა გამჯდარი გორელებში, ზუსტად სტალინის ძეგლს ცენტრალურ მოედანზე, ზედ ცხვირ წინ „ბიგ-ბენის საათი“ ,,დაურჭეს“… ამან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობის კოლექტიური წერილები იგზავნებოდა ადგილობრივ ხელისუფლებაში, ხოლო იქიდან უარყოფითი პასუხით გამოსტუმრებული ხალხი არასამთავრობოებს და ჟურნალისტებს, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართავდნენ.

ერთი სიტყვით, 2007 წლის სექტემბერში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გაჩენილი ნდობის ელემენტები ორ თვეში გაქრა და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში შიდა ქართლის შტაბის უფროსმა ლადო ვარძელაშვილმა დაპირებული 95%-ის მაგივრად 65% წაიღო.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, .ახალი მემარჯვენეების“ ოფისში საკადრო ცვლილებებია. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეობა დატოვა მამუკა ფანიაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ადგილობრივ წარმომადგენლობას. 25 წლის ფანიაშვილი ჯერ კიდევ 2003 წლიდან ,,ახლების“ ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა.

რა გახდა მამუკა ფანიაშვილის ჩამოშორება ხელმძღვანელ თანამდებობიდან, ძნელი სათქმელია. ამაზე ღიად არავინ საუბრობს. პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში მამუკა ფანიაშვილმა დიდი შრომა და ამაგი დადო გორელი ,,ახლების“ მოსაძლიერებლად. რაც შეეხება ამ პარტიიდან მაჟორიტარ კანდიდატს, სავარაუდოდ ეს იქნება გიორგი მოსიძე, რომლის მამა შალვა მოსიძე გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელია წლების განმავლობაში.

გოჩა ფიფიას პარტიამ „ქართული პოლიტიკა“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის მმართველად რესპუბლიკური პარტიიდან წასული შალვა ტლაშაძე დანიშნა. შალვა ტლაშაძე ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, იგი იქნება თუ არა ,,ქართული პოლიტიკის“ მაჟორიტარი გორიდან.

გაურკვეველი მდგომარეობაა ერთიან ეროვნულ საბჭოში. ერთნი ამბობენ, თეო ტლაშაძე იქნება მაჟორიტარიო, მეორენი  ლევან ტერაშვილიო. ორივე მათგანი ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებიან. ლევან ტერაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მისი თანაშემწე იყო.

კონსერვატორებმა გორის ორგანიზაციის ლიდერობა გორის ბაზრის ყოფილ დირექტორს ჯემალ წიკლაურს ჩააბარეს. ჯემალ წიკლაური ის კაცია, რომელსაც მიხეილ ქარელმა ბაზარი წაართვა, ხოლო 2007 წლის ნოემბერში ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი არველაძის მეთაურობით სახელმწიფოსთვის გადაცემული ბაზარი გაუყიდა. სახალხო დამცველის ოფისში ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში მოეწყო ბრიფინგი, სადაც აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს.

რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არჩევანი გაკეთდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის შტაბის უფროსზე – გიგა ტატიშვილზე. მაჟორიტარების საკითხზე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გუბერნატორსაც გაესაუბრა. ვარძელაშვილმა, სხვათა შორის, აღიარა, რომ არ არის გამორიცხული სიაში ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ დირექტორი ბადრი ნანეტაშვილი ჩასვან. როგორც გავიგეთ, ეს თვით ნანეტაშვილს მოუთხოვია.

- ბატონო ლადო, როდის თქვით უარი პარლამენტარობაზე და საერთოდ რა პერიოდში იყო საუბარი ამ საკითხზე?

- დაახლოებით ერთი კვირის წინ.

-იყო საუბარი, რომ გუბერნატორობას გარკვეული ,,ტრამპლინის“ როლი უნდა შეესრულებინა თქვენთვის, რომ გამართლებულიყო პარლამენტში გორის მაჟორიტარად თქვენი წარდგენა.

- ამაში რაღაცა ლოგიკა არის, მაგრამ ეს ესე არ არის მინდა გითხრათ და რატომ. მე თავის გამოსაჩენი თუ გამოსაჩენი იყო გამოვიჩინე არჩევნების დროს. თან ეს იყო პრეზიდენტის არჩევნების დროს. ეს არჩევნები უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მაგალითად მაჟორიტარს როცა ირჩევენ. რადგან ჩემი ადგილი მაქვს დამკვიდრებული ამ ხელისუფლებაში ზოგადად, სწორედ აქედან მომდინარეობდა ეს შემოთავაზება. ყველა დადებითად მოეკიდა ჩემს გადადგმულ ნაბიჯს, როდესაც უარი ვთქვი პარლამენტარობაზე.

პრინციპში უარი ვთქვი ჩემს შემდგომ გარანტირებულ 5 წლიან სამსახურზე. რაშიც მე ვერავინ ვერაფერს მიზამდა. უარი ვთქვი იმ 5 წლიან გარანტირებულ სამსახურზე, სადაც ასევე არსებობს დამატებითი სხვა გარანტიები. შეიძლება ერთი წლის მერე კაცმა არ იცის რა მოხდეს, მაგრამ ერთ წელში შეიძლება ყველაფერი დავკარგო ჩემი აქ გუბერნატორად დარჩენის გამო. მაგრამ მე დღეს მირჩევნია, რომ ამ ადამიანების იმედები გავამართლო და ბოლომდე მივიყვანო ყველა ის პრობლემა და ის საკითხი, რომლის მოგვარებასაც დავპირდით. მე ამ გაზაფხულზე და ამ არჩევნებზე ვერ გადავწყვიტავდი ამდენ პრობლემას უცებ. ამას დრო სჭირდება. ბევრ საკითხს დავიწყებ და დავძრავ.

- ვინ იქნებიან ჩვენი მაჟორიტარები?

- ყველა რაიონში თითქმის გადაწყვეტილია უკვე ვინ იქნება, მაგრამ ამას მალე გავახმაურებთ.

- გორში მოიაზრება გუჯა ბერუაშვილი (გორი-გაზის დირექტორი), ქარელში ტ/კ ,,თრიალეთის“ დირექტორი ბადრი ნანეტაშვილი, კასპში პარლამენტარი კახა სუხიშვილი. ეს გვარები მართლა ფიგურირებენ?

- არც ერთი.

-არც სიით?

- გუჯა ბერუაშვილზე საერთოდ არ იყო საუბარი, ეს საკითხი საიდან მოიტანეს? ეს ადამიანი სხვა მხრივ მჭირდება.

-ბადრი ნანეტაშვილი?

- სიით არაფერია გამორიცხული. თუმცა გადაწყვეტილი არ არის.

-საიდან წამოვიდა მისი სიაში ჩასმის ინიციატივა. პირადად მისგან?
- პირადად მისგან.

-თუ დათანხმდებით მის სიაში ჩასმას, იმ შემთხვევაში დაგისვამთ კითხვას, მაშინ რაღატომ გაუშვით პარლამენტიდან?

- კარგი კითხვა იქნება, თუ სიაში ჩაჯდება.

ახალი ამბები