კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურა საარჩევნო დარღვევებს იძიებს, მაგრამ გამყალბებლებს არ სჯის

31 მარტი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშში ხაზგასმით მიუთითებს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. დოკუმენტში არჩევნების შედეგების დათვლა და ოქმების შედგენა უარყოფითადაა შეფასებული. ოქმების ფალსიფიცირების ფაქტებზე საუბრობენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. ამ და სხვა დარღვევებზე, ქართველ დამკვირვებლებთან ერთად, პროკურატურას რეაგირებისათვის საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა. საჩივრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, არცერთი დამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებსა თუ მოხსენებებში მოცემული ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონზე მოდის. ამას ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეგიონში დამკვირვებელთა მაღალი აქტიურობითა და დამოუკიდებლობით ხსნიან.

დარღვევების სიმრავლით #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი გამოირჩევა. საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნების შედეგების შეჯამებისას #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო და #33 კარდენახის საუბნო საარჩევნო კომისიებში არაერთი სამართალდარღვევის ფაქტი მოხდა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულიც. (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება).

2008 წლის 5 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის #33 საარჩევნო უბანზე, პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელმა დავით ნიკოლაშვილმა, კენჭისყრის მიმდინარეობისას ხელმოწერების გაყალბება და ბიულეტენების ჩაყრა დააფიქსირა. ნიკოლაშვილის შედგენილი საჩივარი საუბნო კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაიბარა, შესაბამისად, არც მისი განხილვა მომხდარა. ნიკოლაშვილმა საჩივრით მიმართა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას. მისი მოთხოვნა, არსებული დარღვევების გამო, რაც იმაში გამოიხატა, რომ საარჩევნო უბანზე მივიდა 808 ამომრჩეველი, პრეზიდენტობის კანდიდატებს კი ხმა მისცა 934 – მა კაცმა, #33 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები გაბათილებულიყო, არც საოლქო საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა.

„კომისიის თავმჯდომარემ საჩივრის განხილვის დაუსრულებლად პირდაპირ გამოიტანა განკარგულების პროექტი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების თაობაზე. ამასთან ერთად, მან წარმოადგინა შესწორების ოქმი რომელიც არ ახლდა საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსულ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რაც გავაპროტესტე და მოვითხოვე მისი წარმომავლობის გარკვევა. კომისიის თავმჯდომარემ ჩემი მოთხოვნა კომისიის წევრთა მუშაობის ხელშეშლად შეაფასა და პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებით, დარბაზიდან გამაძევა“, - ამბობს ნიკოლაშვილი.

სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში #33 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ადასტურებენ, რომ ოქმებში კენჭისყრის შეჯამების პროცესში არანაირი შესწორებები არ გაკეთებულა და შესაბამისად, არც შესწორების ოქმი შეუდგენიათ. შესწორების ოქმის შედგენასთან ერთად, რომელიც დარღვევისთანავე უნდა შედგეს, დროისა და თარიღის მითითებით შენიშვნა კეთდება შემაჯამებელ ოქმში, რაც ასევე არ იყო აღნიშნული.

მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურორს გადაუგზავნა და წინადადებით მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს, ემსჯელა იმ პირთა დისციპლინარულ ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში და #33 კარდენახის საარჩევნო უბანზე კანონი უხეშად დაარღვია, #33 საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრებმა სახალხო დამცველისთვის მიცემული წერილობითი ახსნა – განმარტებები უარყვეს. მათ განაცხადეს, რომ შესწორების ოქმი ადგილზე, თავად შეადგინეს, თუმცა #33 საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში შესწორების ოქმი რეგისტრირებული არ არის.

ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ასევე დარღვეულია გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესი. სარეგისტრაციო ჟურნალში გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მსურველი 56 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა ჟურნალში მათი სახელების და გვარების გარდა არც ერთი მონაცემი არ ფიქსირდება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლი.

ომბუდსმენის რეკომენდაციის საფუძველზე 2008 წლის 26 იანვარს შინაგან საქმეთა გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო. მოკვლევა უკვე ორი თვეა რაც გრძელდება, მაგრამ გამომძიებელს დღემდე არ დაუკითხავს 33-ე საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებლები, ვინც დარღვევების თაობაზე საჩივრები დაწერეს.

„პროკურატურა საარჩევნო დარღვევებს ფიქტიურად იძიებს. გამოძიება რომ ობიექტური ყოფილიყო, მარტივად მოიძიებდა თუნდაც იმ სარჩელს, რომლითაც ჩვენ მივმართეთ რაიონულ სასამართლოს და 33-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოვითხოვეთ. მოსამართლემ ეს სარჩელი დაუსაბუთებელი მიზეზებით წარმოებაში არ მიიღო. სარჩელში გამოკვეთილია ის დარღვევები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი“, - აღნიშნავს ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი. 

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა #17 თელავის საარჩევნო ოლქის #16 სოფელ გულგულას საარჩევნო უბანში დაფიქსირებულ დარღვევებზეც, მაგრამ გამოძიებას დამრღვევი ამ დრომდე არც აქ გამოუვლენია. არადა, მოქალაქეები ია ბლუაშვილი და გიორგი ლომაშვილი, რომლებიც გულგულას საარჩევნო უბანზე, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ წარმომადგენლისა და კომისიის წევრის სტატუსით იმყოფებოდნენ, მზად არიან გამომძიებელს დეტალური ჩვენებები მისცენ.
 
მათი თქმით, 2008 წლის 5 იანვარს დაახლოებით დღის 4 საათისათვის საარჩევნო უბანზე შევიდა ნასვამი მამაკაცი, რომელმაც ხმის მიცემის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. კომისიის წევრის შენიშვნაზე კი ბლუაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეეცადა ფიზიკურადაც გასწორებოდა.

„საჩივარი შევადგინე, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა. სოფელ გულგულას გამგებელმა გოჩა ჭოტორიშვილმა ბიულეტენების ჩაყრის თაობაზე წინასწარ, არჩევნებამდე გამაფრთხილა და დუმილის სანაცვლოდ სამსახურს შემპირდა, მაგრამ ვერ დამითანხმა“, - ამბობს გიორგი ლომაშვილი.
 
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში დაფიქსირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე 1 პრიმა (ამომრჩევლის მოსყიდვა) და 164-ე მეორე პრიმა მუხლით (ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება) გათვალისწინებულ ქმედება.

გენერალურ პროკურატურაში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გაჭიანურებას არ ადასტურებენ. პროკურატურის ცნობით, საარჩევნოდ დაფიქსირებულ დარღვევებზე, შს სამინისტროს რაიონული სამმართველოები გამოძიებას ნამდვილად აწარმოებენ. „გამომძიებლებს დაკითხული ჰყავთ კონკრეტული პირები, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით“, - განმარტეს პროკურატურაში.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორი ნანა დევიძე, პროკურატურის მიერ საარჩევნო დარღვევების გამოძიებას მოჩვენებითს უწოდებს. „სისხლის სამართლის საქმეები კი აღძრეს და გამოძიება დაიწყეს, მაგრამ როგორც ვხედავთ, ოფიციალურად არცერთი გამყალბებელი არ გამოვლენილა და შესაბამისად არც ვინმე დასჯილა. დაუსჯელობის სინდრომის გამო, ყოველთვის იქნება უნდობლობა საარჩევნო კომისიების მიმართ და დარღვევები კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, - განაცხადა ნანა დევიძემ.

 

ახალი ამბები