21:31, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„მხოლოდ პენსიის გაზრდა ხალხზე ზრუნვას არ ნიშნავს“

01.04.2008
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

დღეს პირველი აპრილია და ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, საქართველოში პენსიის ოდენობა იზრდება. ნახევარ მილიონზე მეტი პენსიონერი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პენსიის სახით, დღეიდან 55 ლარის ნაცვლად 70 ლარს მიიღებს. ცენტრალური ხელისუფლება ხალხზე ''ზრუნვას'' განაგრძობს და  ე. წ. ''სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამის'' ფარგლებში,  წინასაარჩევნოდ  ამჯერად პენსიონერთა გულს იგებს.

მთავრობის მზრუნველობის მიუხედავად, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობაა. საწვავსა და სასურსათო პროდუქტებზე გაზრდილი ფასების ფონზე ხალხს მომატებული პენსია ნაკლებად ახარებს.

რას ფიქრობენ უშუალოდ პენსიონრები ხელისუფლების ინიციატივასთან დაკავშირებით და რას შეცვლის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში 15 ლარით მეტი პენსია? - ამ კითხვებით ''ადამიანის უფლებათა ცენტრის'' ქუთაისის ოფისმა ადგილობრივ პენსიონრებს მიმართა.

ლამარა ჩხაბერიძე, 73 წლის: „კარგია, პენსია რომ გაგვეზარდა, მაგრამ დიდად გახარებული არ ვარ. გათენების და მაღაზიაში ჩასვლის მეშინია. სულ იმის მოლოდინში ვარ, რომ ფასები კიდევ უფრო გაზრდილი დამხვდება. რა აზრი აქვს პენსიის გაზრდას, თუ მხოლოდ პურის და მარილის ყიდვას მოვახერხებთ. უმადურობა გამომდის, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც 70 ლარით მეტს ვერაფერს შეძლებ“.

გიორგი ჭელიძე, 68 წლის: „რა უნდა გამიხარდეს? ის, რომ ხელისუფლება ახალ სატყუარას იგონებს მოახლოებული არჩევნების მოსაგებად? ამის გამო მადლობას ნამდვილად ვერავის გადავუხდი. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა იცის, რომ პენსიონერები მისი ერთ-ერთი მთავარი ამომრჩეველია და ამ სვლასაც იმიტომ აკეთებს. ეს უნდა მიხაროდეს? თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ისეთები, ვინც მადლობის ნიშნად ხელებს დაუკოცნის ხალხში გასულ ჩვენს პრეზიდენტს. ამ კადრების ტრიალით კი ტელევიზორში  თავს მოგვაბეზრებენ.“

თენგიზ ჭანტურია, 80 წლის: „იკითხონ იმ გაბრიყვებულმა ბიზნესმენებმა, ვისი ფულითაც ეს მთავრობა პენსიას გვიზრდის. ის ფაქტი, რომ ცნობილი ბიზნესმენები სააკაშვილმა პარლამენტარობით დააინტერესა შემთხვევითი არ არის... მაგრამ ეს რა ჩემი საქმეა. ჩემი საქმე და საფიქრალი ისაა, რომ მთელი ცხოვრება ავტოქარხანაში ვიმუშავე და ახლა, ამ სიბერეში, არ მინდა სარჩენად ჩემს შვილებს დავაწვე. პენსია უნდა გაიზარდოს, მაგრამ ფასებიც რეალური უნდა გახდეს. ისე არაფერი გამოვა...“

მარინა გურგენიძე, 62 წლის: „ყველაფერი გაძვირდა და როგორც ამბობენ, კიდევ გაძვირდება. არც კი ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვროთ. პენსიის გაზრდა კარგია, მაგრამ მარტო პენსიის გაზრდა ხალხზე ზრუნვას არ ნიშნავს. სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას ქვეყანაში და 60 წლის ადამიანი უუნაროს არ უნდა ნიშნავდეს. მე უკვე 4 წელია შემცირებაში მოვხვდი და ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. არც მაქვს იმედი, რომ ამ მთავრობის ხელში ვინმე სამსახურში დამიძახებს“ .

მზისადარ ჩხარტიშვილი, 75 წლის: „კიდევ კარგი, არჩევნები რომ არსებობს ამ ქვეყანაში. მხოლოდ მაშინ ვახსენდებით მთავრობას. მე არ ვარ სააკაშვილისა და მისი მთავრობის ამომრჩეველი. არც მაგათი რამე მინდა. პენსია კი იზრდება, მაგრამ ამბობენ, გაზი გაძვირდებაო. ეს რა შეღავათია? მაგას ჯობია, გაზის და დენის ტარიფი გააიაფონ და ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ამოასუნთქონ.“

შალვა ჩირგაძე, 77 წლის: „კი, ბატონო, გავიგე და გამიხარდა. უფრო გამიხარდება, 100 ლარი თუ გახდება და პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით თუ დარიგდება. სხვა შემთხვევაში დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება. 70 ლარი არაფერია...ამ თანხით თითქმის ვერაფრის ყიდვას ვახერხებ. მაგრამ ჩვენი მთავრობა ამაზე ნაკლებად ფიქრობს. მთავარია, პენსია გაზარდეს…“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC