კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერიის ქმედება სახელად - რეკეტი

8 აპრილი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

„ხელისუფლების თავხედობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. საზოგადოება მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ცხოვრობს. დღეს სახლს ვყიდულობთ, ვიკანონებთ, ვიფორმებთ, ხვალ კი, მოდიან და გვეუბნებიან - აქაურობა სასწრაფოდ დატოვე, ეს სახლი შენი აღარააო. ეს ყველაფერი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუ ბოლოს და ბოლოს, შესაბამისი ზომები არ გატარდა“, - აცხადებს ადვოკატი ესმა ნორაკია. იგი ამ დასკვნამდე ქუთაისის მერიასა და სს „უნივერსალური ბირჟა რიონის“ ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებას მიჰყავს.

ადვოკატის განმარტებით, ქუთაისის მერია რეკეტს ეწევა -  წლების წინ მხარეებს შორის დადებულ შეთანხმებას არღვევს და საკუთრების უფლებას ხელყოფს. სამიზნე ქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული შენობაა, რომელშიც ამჟამად ენერგოკომპანიაა განთავსებული და რომელიც 1996 წლიდან სს „უნივერსალური ბირჟა რიონის“ საკუთრებაა.

„სს „ბირჟა რიონსა“ და ქუთაისის მერიას შორის 1996 წელს გაცვლის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზე „რიონის“ კუთვნილი შენობა სახელმწიფო ბალანსზე აიყვანეს და შიგ გელათის მეცნიერებათა აკადემია განათავსეს. „რიონს“ კი, სანაცვლოდ ქალაქის ცენტრში არსებული „ბავშვთა სამყაროს“ შენობა გადასცეს. ეს უკანასკნელი იმ დროისთვის როგორც ქონებრივი, ისე ესთეტიკური თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაში იყო. ამჟამინდელი მეცნიერებათა აკადემიის შენობა კი, მდგრადი, ისტორიულ სახედაბრუნებული შენობა გახლდათ. „რიონის“ ადმინისტრაციამ შეთავაზება მიიღო. მერიამ 11 კაციანი კომისია შექმნა და მოხდა ქონების შეფასება. გაირკვა აღნიშნული შენობების ფასთა სხვაობა. დადგინდა, რომ მერიას მისცემოდა საშუალება პერიოდულად დაეფარა სხვაობის თანხა. იმ შემთხვევაში, თუკი თანხას ვერ დაფარავდა, საპირგასამტეხლო გადაეხადა. ეს ყველაფერი თავის დროზე ოფიციალურად, კანონით დადგენილი წესით გაფორმდა“,- ამბობს სს „უნივერსალური ბირჟა რიონის“ ადვოკატი ესმა ნორაკია.

მაშინ, ალბათ, არავინ ფიქრობდა, რომ პირობა დაირღვეოდა, რომ ქუთაისის მერიას „მადა ჭამაში მოუვიდოდა“ და ბიუჯეტის შევსების მოტივაციით „რიონის“ ქონებას თვალს დაადგამდა. დღეს სს „ბირჟა როინის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ტატო დვალიშვილი დეტალურად იხსენებს, როგორ გააბათილა ქალაქის მთავრობამ ქუთაისის მერიის 1996 წლის 30 სექტემბრის №625 განკარგულება და უარი თქვა არათუ „პირგასამტეხლო“ თანხაზე, „რიონს“ წილში ჩაჯდომაც მოსთხოვა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ქონებით და შენობების ფასთა სხვაობით 2003 წელს დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურა დაინტერესდა. დაიწყო გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ ქონების შეფასებები თავის დროზე უკანონოდ განხორციელდა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს „რიონის“ კუთვნილი ქონების გადაჭარბებული შეფასებებით ზიანი მიადგა.

„ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ფეხს ახალი მთავრობა იკიდებდა და წილთა გადანაწილება მიდიოდა. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კომისიის მიერ ქონების არასწორი შეფასების გამო აღიძრა, კომისიის ერთ-ერთი წევრის თამაზ ქებულიას გარდაცვალების გამო შეწყდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რიონს“ ქალაქის ბიუჯეტის სასარგებლოდ 99 488 ლარის გადახდა დაეკისრა. შეთანხმების დარღვევას ვინ ჩივის, მას შემდეგ არ დაგვკლებია პროკურატურა, პოლიციის განყოფილება, წილში ჩაჯდომის მოთხოვნა და ა. შ. ახლა ვხვდები, რომ მაშინ ის შენობა მთავრობისთვის არ უნდა დაგვეთმო“, - ამბობს ტატო დვალიშვილი.

თუ აქამდე „რიონის“ მფლობელებისგან თანხას არაოფიციალურად ითხოვდა, მოგვიანებით, ადგილობრივი ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ქუთაისის მერიამ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ 99 488 ლარის გადახდა დააკისრა. თუმცა, „რიონის“ მფლობელები დღემდე ვერ გარკვეულან,  რის საფუძველზე.

„ალბათ იმის საფუძველზე, რომ სხვანაირად ვერ მოახერხეს სარგებლის ნახვა. „რიონის“ ყოფილი დირექტორი მხოლოდ იმის გამო მისცეს პასუხისგებაში, რომ მან უარი თქვა ყალბი აქციების რეგისტრაციაში გატარებაზე (რაც მარტივად რომ ვთქვათ, წილში ჩასმაზე უარის თქმას ნიშნავდა). პირველ სასამართლო პროცესზე მას ინფარქტი, მეორეზე კი, ინსულტი დაემართა და დღეს პარალიზებულია. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით იგი დირექტორობიდან გადააყენეს. ადგილობრივი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ „რიონის“ მფლობელებს ქონებაზე უარი ათქმევინოს. ფიქრობს, მესაკუთრეს მოთმინების ფიალა აევსება და იტყვის - თავი დაგვანებეთ, ბატონო და აგერ თქვენ ეს შენობაო“, -  ამბობს ესმა ნორაკია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა მათი მხრიდან აბსოლუტურად საფუძვლიანია და „რიონს“ პრობლემა საკუთრების დაკანონებაში აქვს.  თუმცა, ქონების კანონიერება და აღნიშნული ფასთა შორის სხვაობის არსებობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადასტურებული. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეს არაფერს ნიშნავს. მთავარი ქალაქის ცენტრში მდებარე ფართია, რომელიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და რომლისთვისაც ბრძოლის გაგრძელებას მისი მფლობელები სტრასბურგში აპირებენ.

ახალი ამბები