კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი გლეხები "მტკვარი ემ"-ს უნდობლობას უცხადებენ

8 აპრილი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონის სოფლები წყლის გარეშეა დარჩენილი. ხალხი ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ შეწყვიტონ გაპიარებული არხების რეაბილიტაცია და წყალი დროულად გამოუშვან. ამ ეტაპზე სოფელში მსხვილფეხა პირუტყვისთვის დასალევი წყალი არ არის. არხები დამშრალია იმ მოტივით, რომ მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ხელისუფლების ამ ქმედებას წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებს. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში არხებში წყალი არ გავა, სოფლებში შიმშილობაა მოსალოდნელი. აქამდე არც ჯეჯილია მორწყული, არც ხეხილი. სადმე ხანძარი რომ გაჩნდეს, არც მისი ჩასაქრობი წყალი იქნება სადმე.

გორისა და ქარელის რაიონის 70-ზე მეტი სოფელი ცხინვალიდან მომავალი ტირიფონისა და სალთვისის არხებით ირწყვება. ორივე არხს სათავე ქალაქ ცხინვალში აქვს. ცხინვალიდან ქართველების კონტროლირებად ტერიტორიამდე 5 კმ სიგრძის არხი მთლიანად გასაწმენდია. იმ დროს როდესაც ქართული მხარე აცხადებდა, რომ სარწყავ არხებში წყალი იმიტომ არ არის იმდენი, რომ ოსები არხების გასაწმენდად ცხინვალში არ გვიშვებენო, ყველაზე მეტი ნაგავი და ტალახი ქართულ სოფლებზე გამავალ არხში ეყარა. თუმცა საქართველოს მთავრობამ წელს დაიწყო ამ არხების გამწმენდი სამუშაოები, თანაც იმ დროს, როდესაც არხის გამწმენდი სამუშაოები თებერვალში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. არხებში უკვე წყალია ჩამდგარი და მისი ხარისხიანად გასუფთავების იმედი გლეხებს არა აქვთ.

ქართულმა მხარემ დე-ფაქტო მთავრობასთან 2008 წლის 5 აპრილს მიაღწია შეთანხმებას, რომ ცხინვალიდან გამომავალი სალთვისის სარწყავი არხის გამწმენდი სამუშაოები ჩატარდეს. 6 აპრილს მხარის რწმუნებულმა ლადო ვარძელაშვილმა, სამშვიდობო ძალების სარდალმა მამუკა ყურაშვილმა, შპს ,,მტკვარი ემ"-ის წარმომადგენლებმა ერგნეთის საგუშაგოდან არხის გამწმენდი ტექნიკა გააცილეს და მშვიდობიანი მუშაობა უსურვეს. სამაგიეროდ, ოსურმა მხარემ მოითხოვა ქართული მხარის მიერ გადაკეტილი გზის გახსნა. ეს პირობა ქართულმა მხარემ შეასრულა.

როგორც ვთქვით, ცხინვალში მდებარე არხის გამწმენდ სამუშაოებს კერძო კომპანია ,,მტკვარი ემ"-ი ჩაატარებს. ეს ის კომპანიაა, რომლის მიმართ აუარებელი საჩივარი არსებობს ყველა ინსტანციაში. ,,მტკვარი ემ“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 მაისამდე დასრულდება. მანამდე ხეხილიც გახმება და ჯეჯილიც. 2008-2009 წლის ზამთარს შიდა ქართლელი გლეხები მოსავლის გარეშე დარჩენას წინასწარმეტყველებენ. შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ ჩამოსული სახელმწიფო მინისტრის რეგიონულ საკითხებში დავით ტყეშელაშვილის პირობა, თითქოს წელს გორის და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა სიღარიბეს დაძლევს, ეჭვქვეშ დგას.

ჯერ კიდევ 2007 წლის 16 მაისს გორის რაიონის სოფელ შინდისის საკრებულოში შემავალმა სოფლების მოსახლეობამ ოლქის პროკურორს წერილი მისწერა. წერილის შინაარსი ასეთია:

,,ფხვენისს და ჩვენი საკრებულოს სხვა სოფლებს, მერვე თვეა, რაც შპს ,,წყალთა რეგიონულმა სამმართველომ, რომლის არსებობა სოფელში რამდენიმე კაცმა ამ დღეებში გაიგო, თვითნებურად გადაუკეტა ერთადერთი და წინა საუკუნეში ჩვენი სოფლის მნიშვნელოვანი მონაწილეობით გამოყვანილი დიდი ლიახვის სარწყავი წყალი. ამის გამო ვერ ჩავატარეთ დღემდე აუცილებელი, აგროტექნიკით გათვალისწინებული სამ-სამი რწყვა და წამლობა ხეხილის ბაღებში.

ასევე ჩაგვიშალეს ვენახების, ბოსტნეულის, სანერგეების, საძოვრების, ახლადგაშენებული ნარგაობების, ხნულების, ჯეჯილების, სათიბების რწყვა, პესტიციდების შეტანა, დაშრა სოფლის ნაკადულები, მწყურვალე დარჩა პროდუქტიული და მოზარდი პირუტყვი, შინაური ფრინველი, ფუტკარიც კი, სოფელი უწყლო უდაბნოს დაემსგავსა, გაიზარდა ხანძრების საშიშროება, ერთმა მოსახლემ ხანძრის ჩასაქრობად ქელეხში მიტანილი წყალიც ითხოვა...

...გთხოვთ, სასწრაფოდ შეისწავლოთ საქმის ვითარება ადგილზე და პასუხი მოსთხოვოთ მოსახლეობისათვის ამდენი ხნის განმავლობაში სარწყავი წყლის თვითნებურად, მტრულად გადამკეტავებს, მის ყველა მუშაკს, რომლებმაც  მარტო ჩვენი, 450-მდე კომლიანი, სოფლის მოსახლეობას ამ ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით ასეული ათასობით ლარი აზარალეს, უსპობენ  ოჯახების სარჩო-საბადებელს, აყენებენ უდიდეს მორალურ ზიანს, შეურაცხყოფენ მის ადამიანურ უფლებებს და ისე უსაფუძვლოდ აწუხებენ პოლიციაში სიარულით, ატყუებენ მას, ზემდგომებს, ქვეყანას. მათ ამასწინდელი ჩვენი ადგილობრივი პროტესტის საპასუხოდ ცინიკურად 12 მაისიდან სოფელში ცოტა წყალი გამოუშვეს, ალბათ, დროებით მოსაჩვენებლად და კვლავ დაკეტეს.

პატივცემულო პროკურორო, ჩვენს სოფელს, მართლაც და დიდი მოთმინება ჰქონია რომ ასეთ მტრობას იტანს. ასევე გთხოვთ, მოკლე ხანში მოგვცეთ სარწყავი წყლის გამოყენების საშუალება, რათა მინიმალური მოსავალი მაინც მივიღოთ, ხოლო შპს-მ ხალხს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი".

შპს ,,მტკვარი ემ"-ის დირექტორი დათო მუჯირიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 1 მაისიდან გლეხებს წყლის პრობლემა აღარ ექნებათ, ხოლო დანარჩენი პრეტენზიები უსაფუძვლოა. ფხვენისელი, შინდისელი, ყელქცეულელი, რუისელი და სხვა სოფლის მაცხოვრებლები ითხოვენ წყალთა სამმართველოს ხელმძღვანელის შეცვლას, რადგან დიდი ალბათობაა, რომ მუჯირიშვილთან ურთიეთობა შარშანდელის მსგავსად კონფლიქტში გადაიზარდოს, ხოლო წყლის განაწილების დროს გლეხები ერთმანეთს თოხებით და ბარებით დაერივნონ.

ახალი ამბები