კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯარისკაცის გაუჩინარების ბურუსით მოცული ისტორია

10 აპრილი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

უკვე ორ კვირაზე მეტია თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის კონტრაქტორი 23 წლის ნოდარ გენგიური დაკარგულია.

გორის რაიონის სოფელ ქვეშეთის მკვიდრი ნოდარ გენგიური, ასეულთან ერთად,  ორფოლოს საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა. პარასკევს, 28 მარტს სურამელ შოთა ლომიძესთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის მკვიდრ ზვიად დევაძესთან ერთად ამ უკანასკნელის ოჯახს ესტუმრნენ. ჯარისკაცებმა ნაწილი უნებართვოდ დატოვეს.

როგორც წნისელები იხსენებენ, დაახლოებით ღამის ოთხი საათისთვის დევაძეების ოჯახიდან გამოსული  მეგობრების სიმღერის ხმა სოფლის ორღობეში გაიგონეს. ადგილობრივების მონათხრობიდანვე ირკვევა, რომ ბიჭები ორფოლოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ხიდთან ნოდარ გენგიური იკარგება. ხიდის ბოლოს, მიწაზე ნაპოვნია გენგიურის ნივთები: მობილური, ფეხსაცმელი და პიჯაკი.

შოთა ლომიძე და ზვიად დევაძე დილით ნაწილში გამოცხადნენ. ამჟამად ორივე დაკავებულია. სამხედრო პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. ადგილზე მისულებს მორიგემ განგვიცხადა, რომ ,,უფროსები გასულები არიან და სამსახურში არავინ არის”.
 
დაკითხულია სოფელ წნისის მოსახლეობა. დევაძეების მეზობლები საუბარს თავს არიდებენ. ზვიად დევაძეს კი, როგორც სკოლის მასწავლებლები, ასევე თანასოფლელები სანიმუშო ახალგაზრდად მოიხსენებენ.   

ნოდარ გენგიურის გაუჩინარება მისმა ოჯახმა ორშაბათს გაიგო.

,,ახლობლებს გააგებინეს, რომ ნაწილიდან სამი კაცი წამოსულა, ორი მათგანი დაბრუნდა, ნოდარი კი არა. ოჯახმა მოიკითხა ნათესავებში, მაგრამ არსად არ აღმოჩნდა”, - გვიყვება დაკარგულის თანასოფლელი ზურაბ რჩეულიშვილი.

ვარაუდობენ, რომ გენგიური ნაწილიდან გაიქცა, რასაც არ ეთანხმებიან დაკარგულის ახლობლები.

,,მაისში უმთავრდებოდა კონტრაქტი, თანაც ოთხი წლის სამსახურის შემდეგ სად უნდა გაპარულიყო? მსახურობდა პირნათლად. სერჟანტობაც მიიღო. დაფასებული კაცი იყო იქაც და ჩვენს სოფელშიც”, - გვითხრა ერთ-ერთმა თანასოფლელმა.

ჯარისკაცის გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს სოფელ წნისში გენგიურის ახლობლები ჩამოვიდნენ, დაახლოებით ათი კაცი. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს სამხედრო პოლიციის მუშაობის გამო და დაკარგულის ძებნას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

,,80 კაცი ქარელის ქვემოდან გორამდე და ქვიშხეთამდე არის გასული. ყველა ხიდზე 6-6 კაცია, სამი აქეთ და სამი იქით. ვეძებთ, ყველა ბუჩქი გადავაქოთეთ, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს”, - გვითხრა გენგიურის თანასოფლელმა.

ორ აპრილს დაკარგულის ბიძა, ძმა და ახლობლები ბრიგადის მეთაურს შეხვდნენ.

"ჩვენს ინტერესებშიც შედის ყველაფრის მალე გარკვევაო. იქაც გაოგნებულები არიან”, - გვითხრეს ნათესავებმა.

პირადი ნივთების პოვნის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ნოდარ გენგიური თავის მოკვლის მიზნით წყალში გადახტა, თუმცა ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.
 
,,ჩხუბი იყო თუ რა, არ ვიცით. აბა, თუ გადახტომა უნდოდა, რაღა ხიდი გადაიარა, დააწყო ნივთები და მერე გადახტა?” - კითხულობს  თანასოფლელი ვაჟა ოქრუაშვილი.

,,შვიდი წლის იყო, როცა დაობლდა. მამა სამშვიდობო ძალებში მსახურობდა; ცხინვალის რეგიონში დაიღუპა. კარგი შვილები დარჩა. მე მაშინ სამხედრო კომისარიატში ვმუშაობდი, როცა ორთავე ძმა ჯარში წასასვლელად საკუთარი ნებით გამოცხადდა. მერე ნოდარი საკონტრაქტოზე დარჩა. კარგი ბიჭი იყო, სპორტსმენი და უკონფლიქტო ახალგაზრდა”, - თავადაც არ უნდა, მაგრამ უნებურად წარსულში საუბრობს ვაჟა ოქრუაშვილი.

გამოძიების პარალელურად, ახლობლები გენგიურის ძებნას ახლაც აგრძელებენ.

ერთი წლის განმავლობაში ახალციხის რაიონში ეს ჯარისკაცის დაკარგვის მეორე შემთხვევაა.

 

 

ახალი ამბები