კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთი - პოლიტიკა თუ პოპულიზმი

10 აპრილი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

2006 წელს, როცა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში პირველად გამოჩნდა ღიად მედიის წინაშე და შარდენზეც გაისეირნა, მაშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრთან ერთად სენაკის სამხედრო ბაზიდან აკეთებდა მიმართვას. აფხაზეთის კონფლიქტზე წლობით მომუშავე ექსპერტები ამ ამბავს იხსენებენ როგორც პოპულიზმის და არა აფხაზეთის მიმართ სწორი პოლიტიკის მაგალითს.

დისკუსია ამავე სახელწოდებით: „აფხაზეთი - პოლიტიკა თუ პოპულიზმი“ გაიმართა ცოტა ხნის წინ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდშიც. ეს ის ადგილია, სადაც ოთხშაბათობით ძალიან მტკივნეულ თემებზე გარკვეული საზოგადოება მსჯელობს ხოლმე. ამ დისკუსიების ნაკლი ისაა, რომ ფართო მასებამდე იქ გამოთქმული მოსაზრებები და ხშირად ცხარე კამათიც ვერ მიდის. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ დარბაზში გაჟღერებული ამბები ინტერნეტ სივრცეშიც გადმოგვეტანა.

აქ, თბილისში

კონფლიქტოლოგი  პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მსგავს დისკუსიებში ხშირად მონაწილეობს, თვლის, რომ თბილისია ის ადგილი, სადაც აფხაზეთის საკითხი წყდება და შესაბამისად, ბევრი რამაა დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების ქცევაზე. ვერც რუსეთი და ვერც კოსოვოს ფენომენი გავლენას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ვერ მოახდენს, თვლის ის.  ამიტომაცაა აქტუალურია კითხვა -  არსებობს თუ არა პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ და თუ არსებობს, ეს რეალურად პოლიტიკაა თუ პოპულიზმი. ზაქარეიშვილს პასუხი მოკლე აქვს - ეს პოპულიზმია. ოღონდ პოლიტიკა პოპულიზმთან ერთად კი არა, მის გარეშე, თორემ დიდი პოლიტიკა რომ პოპულიზმის გარკვეულ დოზებს გულისხმობს, ეს ყველა პოლიტიკურ სახელმძღვანელოში წერია. ცარიელ პოპულიზმს მხოლოდ მოკლევადიანი წარმატება მოაქვს. მაგალითად, წინასაარჩევნო განცხადებებს ან ქმედებებს. პრეზიდენტი ტირის, ხალხს გული უჩუყდება, ქვეყანა კი უფრო და უფრო შორდება აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტას. 2006, ზაქარეიშვილის შეფასებით ყველაზე აქტიური და ეფექტური წელი აფხაზეთის საკითხის მოგვარების თვალსაზრისით წარსულს ჩაბარდა. მაშინ გაიყინა პროგრესიც:

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში 2006 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე ზემოქმედების მიზნით. მაშინ, როცა გოგა ხაინდრავა იყო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში  და ირაკლი ალასანია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა ისეთი ნაბიჯები, რაც წინა 15 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. ჩანდა, რომ მაშინდელ ახალ ხელისუფლებას ჰქონდა ეს მზაობა - მათ დაიწყეს კონფლიქტის მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება. არც აფხაზები მალავდნენ ინტერესს. ისინი ამბობდნენ, რომ ქართულ პოლიტიკაში ალასანიას სახით გაჩნდა ადამიანი, რომელიც მათ საკუთარი პრობლემების შესახებ ეკითხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას ეკავა პოსტი, რაც აფხაზებისათვის საფრთხობელას ტოლფასი თანამდებობაა, აფხაზები, მათ შორის, წამყვანი ფიგურები ყველანი ცდილობდნენ მას შეხვედროდნენ. რამდენჯერმე იყო კიდევ ასეთი შეხვედრა. დაიწყო საუბარი რკინიგზის აღდგენაზე, დაბრუნებული დევნილების უფლებების დაცვაზე და დაბრუნების პროცესის გაფართოებაზე. უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, როდესაც აფხაზეთიდან ჩამოვიდა სერგეი შამბა, რომელიც გამოვიდა თბილისში, შარდენზე გაისეირნა. იქამდე აფხაზები ჩამოდიოდნენ გაეროს თვითმფრინავით, მათივე მანქანებით გამოდიოდნენ გაეროს ოფისიდან და უკან ბრუნდებოდნენ. სოხუმში კი ამბობდნენ, გაეროში ჩავდივართ და არა თბილისშიო. ვიღაცასთვის, შესაძლოა, ეს დეტალია, მაგრამ სწორედ იმ დღეს, იმ წუთებში  საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრთან ერთად სენაკის ბაზაზე, სამხედრო ფორმაში და სულ სხვა რამეს ლაპარაკობდა. ეს იყო ტიპიური მესიჯი - „მე არ მაინტერესებს რა ხდება თბილისში. მე ვარ სამხედრო ბაზაზე სენაკში და მაქვს ჩემი საქმეები“. არაფორმალურად იყო მოლაპარაკებები იმაზე, რომ შემთხვევით მაინც შეხვედროდნენ შამბა და სააკაშვილი ერთმანეთს. არის შეხვედრის ასეთი  დიპლომატიური ფორმა, მაგრამ ეს არ მოხდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჰქონდა არაკოორდინირებული მუშაობა, ერთს ამბობდა ხაინდრავა და ალასანია, მეორეს მერაბიშვილი და ოქრუაშვილი“.

პოლიტიკიდან პოპულიზმამდე ვარდნა ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან წასვლამ და კარიერის ნიუ-იორკში გაგრძელებამ უფრო დააჩქარა. ყველა პროცესი აფხაზეთისაკენ, შეჩერდა. უფრო სწორედ, სხვა გზით წავიდა - კოდორში განვითარებული მოვლენები, განმუხურის პატრიოტთა ბანაკები... კარგად გაპიარებულ ამ ნაბიჯებს ზაქარეიშვილი პოპულიზმად აფასებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ყურადღების მიპყრობისა და უსარგებლო ხმაურისკენ იყო მიმართული.

„სოხუმში არიან ახალგაზრდები, მათ სურთ თბილისში ჩამოსვლა სასწავლებლად, მაგრამ ერთადერთი კითხვა, რასაც ისინი სვამენ არის, ხომ არ მოხდება ამის აფიშირება და გაპიარება, ხომ არ მოხვდებიან ისინი ტელევიზორში. მათ ეშინიათ ეს ინფორმაცია არ მოხვდეს აფხაზეთში, რადგან იქ მათ ქცევას გააფორმებენ, როგორც მოღალატურ ქცევას.

დიდი მნიშვნელობა ექნება როგორ ჩატარდება გალში საარჩევნო კამპანია. ამის მიხედვით მივხვდებით, როგორია ხელისუფლების პოლიტიკა. თუ ჩვენ მოვახერხებთ ამ ხალხის ნების გათვალისწინებას და არ ჩავრთავთ მათ პოლიტიკურ პროცესებში, მე ჩავთვლი, რომ ქართულმა ხელისუფლებამ შეიცვალა პოზიცია“, - აღნიშნავდა შეხვედრაზე ზაქარეიშვილი.

ომი არა!

ამავე შეხვედრაზე მომხსენებლად მიწვეულმა თემურ იაკობაშვილმა, რომელსაც დღეს რეინტეგრაციის  სახელმწიფო მინისტრის პოსტი აქვს ჩაბარებული, თქვა, რომ მთავარი საბაზისო  პრონციპი, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკას აგებს, არის „არა ომს“. არ გვინდა ომი: „ვისაც ომი სურს, ის კეზერაშვილს ელაპარაკოს. მე კი ომს არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ უარი უნდა ვთქვათ ყველაფერზე, რაც არ მუშაობს.. ეს ეხება როგორც რუსეთის სამშვიდოებოების მანდატს, შერეულ საკონტროლო კომისიას, ასევე გაეროს, ეუთოს და სხვა ორგანიზაციებს, ვინც არის ამ პროცესებში ჩართული.

ჩვენი საზომი მარტივია: მივდივართ ჩვენ კონფლიქტის გადაწყვეტამდე თუ დავდივართ ჟენევაში , მოსკოვში, სოჭში, ვლაპარაკობთ და გიყვებით, რომ მივიღეთ ასეთი მაგარი რეზოლუცია...
რეზოლუციებში ვაცხოვროთ ლტოლვილები თუ რა ვქნათ?  საზომი ეს არის - გვაქვს თუ არა სამშვიდობო პროცესი და დევნილები ბრუნდებიან თუ არა საკუთარ სახლში. მე ღირსეულ დაბრუნებას ვგულისხმობ. თორემ, არსებობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დოკუმენტი, თუ რას ნიშნავს დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნება და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით არც ერთი დევნილი გალის რაიონში არ დაბრუნებულა. არის ხალხი, რომელიც ენგურის ხიდზე გადადის, გადმოდის, წვალობს, მაგრამ ამას დაბრუნებას ვერ დავარქმევთ“.

პოლიტიკის და არა პოპულიზმის მაგალითად ასახელებს იაკობაშვილი იმ ფაქტსაც, რომ ცხინვალის რეგიონში ქართულმა მხარემ უარი თქვა შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. ასევე იმასაც, რომ ჟენევაში  გაეროს ფორმატის გადასინჯვის მოთხოვნა დადგა საქარველოს ხელისუფლების მხრიდან: „ჩვენ ისე კი არ მოვითხოვეთ, როგორც აქამდე ხდებოდა, როდის დაიწყებთ-თქო,  არამედ - როდის დაასრულებთ. ჩვენ ვითხოვეთ ბოლო ვადა. შესწავლა უკვე დაწყებულია. გვითხრეს, რომ მაისის ბოლოს ეს დოკუმენტი დაიდება. ჩვენ საქმიანობას არ  ვუკავშირებთ არც შიმშილობას, არც არჩევნებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველას საქმე და არა ერთი-ორი პარტიისა“.

თემურ იაკობაშვილის ისეთ განცხადებებსაც აკეთებს რაც სააკაშვილის ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი არ არის. ძნელი გასარჩევია - რა დოზითაა აქ პოპულიზმი და რა დოზით სიმართლე, მაგრამ ეს მისი სიტყვებია:

„არ შეიძლება, რომ ჩვენ დავიწყოთ კონფლიქტის მოგვარება აფხაზეთში ისე, რომ არ ვკითხოთ იქ მცხოვრებ აფხაზებს.  ჩვენ ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმ ხალხისთვის, კონფლიქტურ ზონებში და მის გარეთ, რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელმძღვანელობის ქვეშ არიან ახლა ისინი. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ეკონომიკური, საგანმანათლებლო პროექტები, რომლის მიზანიც არის იმ ხალხის ცხოვრების დონის ამაღლება, და ეს მანამ, სანამ პოლიტიკოსები ერთმანეთში რაღაცებს არკვევენ.

ჩვენ გვაქვს კავშირები. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში, მთლიანად აქედან მიდის მედიკამენტები, ჩამოდიან, მკურნალობენ და ამის პიარი არ არის საჭირო, რადგან მათ მართლაც ექმნებათ პრობლემები. მაგრამ მეორეს მხრივ, ისინი მიდიან უცხოელებთან და ეუბნებიან, ჩვენ ქართველებთან არანაირი კავშირი არა გვაქვსო. მერე მოდის ეს უცხოელი და კვიპროსში მივყავარ მათთან სალაპარაკოდ...  ასეთი კავშირების გარეშეც ვურთიერთობთ. და როცა ხალხია ახლოს  ერთმანეთთან, ეს უფრო უწყობს ხელს ნდობის აღდგენას და არა პოლიტიკოსების ლაპარაკი ერთმანეთთან. მე არ ვარ იმ აზრზე, რომ პრობლემაა, თუ რომელიმე აფხაზი გამდიდრდება თუ შესაბამის ეკონომიკურ პირობებს შევუქმნით. გამდიდრდებიან? გამდიდრნენ, რა პრობლემაა“.
ეს, რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას.
გლობალურ კონტექსტში იაკობაშვილი ნატოს მომენტს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ საკმარისია, საქართველომ ცალი ფეხი შედგას ალიანსში, რომ სეპარატიზმი დასრულდება.

„რუსებმა ამას წინათ პირდაპირ უთხრეს აფხაზებსაც და ოსებსაც - სულ არ გვაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, მთავარია, ქართველები არ შევიდნენ ნატოშიო. ჩვენ ვიცით, რომ მათ ეს ძალიან ეწყინათ. ჯერ კიდევ ყველას ჰგონია, რომ თუ ნატოში შევალთ, აფხაზეთს დავკარგავთ. მაგრამ სინამდვილეში, ეს ნიშნავს, რომ სეპარატიზმი დასრულდა. დღეს კი, არავინ არ გითხრათ, რომ სამშვიდობო პროცესი  ჩიხშია შესული.  სამშვიდობო პროცესი საერთოდ არ არის და ეს პროცესი არც დაიწყება თუ მათ რეალურად არ დაველაპარაკეთ და არ ვუთხრით, „შენი ადგილი ქართულ სახელმწიფოში არის ასეთი და იფიქრე“. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის დაჯერება, რომ ჩვენ იქ ომი არ გვჭირდება და გასაჟუჟი არავინ გვყავს. არადა, დღეს ქართველების უმრავლესობა ფიქრობს, რომ აფხაზები უნდა დავსაჯოთ. ჩვენ მხარესაც გვაქვს სერიოზული სამუშაო, რომ ეს რიტორიკა მოისპოს“.

ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ დისკუსიაში თვლის, რომ პოპულიზმის დოზებს საზოგადოების მოთხოვნა განაპირობებს. დაკვეთა არის - ხელისუფლებასაც გასდის. მითუმეტეს, თუ ნიადაგი ნოყიერია. და კიდევ მედია, რომელიც ამ პოპულიზმის ტირაჟირებას წარმატებულად ახდენს. და არა მარტო. ის ხშირად თავად აფუჭებს საქმეს:

„მედიის ერთ-ერთ  საშუალებაში ჟურნალისტი ეკითხება შამბას: სისხლისმსმელო შამბა... და მერე მოდის კითხვა. ამას, მგონი, კომენტარი აღარ სჭირდება.
მეორე მაგალითი: სოფელ ზემო ეწერაში მოხდა ეს ამბავი, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ტელევიზიებმა გაავრცელეს კადრები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მომხრეებს არ უშვებენ გალის რაიონში, რუსის ჯარისკაცმა ჩამოფხრიწა პლაკატი... სინამდვილეში ეს იყო არა გალში გადაღებული ფაქტები, არამედ ზუგდიდის რაიონის სოფელი ზემო ეწერში. არის თუ არა ეს პოპულიზმი?
მესამე ფაქტი:  როდესაც ცნობილი მოვლენების დროს აფხაზეთში დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს, საინფორმაციო გამოშვებებში ჩანდა, ერთ-ერთის დედა როგორ უხდის მადლობას სააკაშვილს და ასევე ბაღაფშს. ეს კადრები გავიდა პირდაპირ ეთერში,მაგრამ ყველა ცენტრალურ გამოშვებაში ბაღაფშის ნაწილი ამოჭრეს.

არის თუ არა პოპულიზმი ის, რომ ამ ბოლო სიმღერებში ფსოდალეულების  ტიპის ფრაზებით ზემოქმედებენ? საბრძოლო სულის ამაღლებას ფსოუს წყლის დალევა არ უნდა. მე მიმაჩნია, რომ ეს თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი“.

პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, გულბაათ რცხილაძე, იხსენებს განმუხურის ცნობილ მოვლენებსაც: „მაგალითისათვის კმარა თუნდაც განმუხურში დადგმული სპექტაკლი და თავად მიხვდებით, რა დოზით არის ხელისუფლება პოპულიზმით მოცული აფხაზეთთან მიმართებით (ისევე როგორც ხელისუფლების პოლიტიკა მთლიანობაში არის ერთი დიდი სპექტაკლი). დროდადრო აფხაზები დააკავებენ ხან ქართველ ჟურნალისტებს, ხან ზრდადაუსრულებელ “პატრიოტებს”, ამაზე თბილისში ატყდება ხოლმე სატელევიზიო ისტერია და ვაი-უშველებელი, ხოლო შემდეგ აფხაზებისვე მიერ გათავისუფლებული, მათთვის არასაჭირო ტყვეები ხდებიან ე. წ. “პრეზიდენტის” ყელყელაობის და ნარცისული ტრაბახის საბაბი, რასაც თან ახლავს ხოლმე იაფფასიანი ურა-პატრიოტული რიტორიკა.

ცალკეულ პოპულისტურ-თეატრალურ ეპიზოდებს რომ თავი დავანებოთ, საკითხისადმი მიდგომა ძირშივე მცდარია. ხელისუფლება და მის მიერ პირდაპირ კონტროლირებული ჟურნალისტები ხალხს უნერგავენ, რომ აფხაზებთან მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ჩვენ მათ რუსეთის გარეშე დაველაპარაკებით. ადრე, შევარდნაძის მმართველობის ერთ პერიოდში, მეორე უკიდურესობას ჰქონდა ადგილი – აფხაზეთის პრობლემის მოგვარება მხოლოდ რუსეთის საშუალებით არის შესაძლებელი და აფხაზეთის პრობლემის “გასაღები” მოსკოვშია.

მე კი ვფიქრობ, რომ სიმართლე ამ ორი უკიდურესობიდან სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. არ შეიძლება, რომ აფხაზეთში უგულებელვჰყოთ რუსეთის გავლენის ფაქტორი. რუსეთის კეთილი ნების გარეშე არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს საკითხები არ გადაწყდება. საქართველო ნატო-ს წევრი რომც გახდეს დღესვე, ეს სულაც არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, შესაძლოა საპირისპირო პროცესი განვითარდეს და საქართველოს დე ფაქტო გახლეჩილობა იურიდიულადაც გაფორმდეს (თუნდაც ირიბად). აფხაზეთის გულისთვის ნატო რუსეთს ომს არ დაუწყებს, რუსეთი კი უფრო არ გავა ამ რეგიონებიდან, თუკი საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მეორე მხრივ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთს ძალუძს, სურვილის შემთხვევაშიც კი, ხონჩაზე მოგვართვას აფხაზეთი – უნდა გავითვალისწინოთ, რომ პატარა აფხაზ ეთნოსს ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ჩამოუყალიბდა საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება ქართველობის მიმართ, მით უმეტეს ამგვარი ნეგატივი გაძლიერდა ომის შედეგად 1990-იანების დასაწყისში. ამიტომ, ვერც მოსკოვი აიძულებს აფხაზებს, უყვარდეთ საქართველო და მოუნდეთ ჩვენთან გაერთიანება, თუმცა კი მოსკოვს სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია აფხაზებზე, ბევრად უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავონ თბილისთან მოლაპარაკებების დროს და რეალურ დათმობებზე წამოვიდნენ.

ახლა თავად განსაჯეთ: რამდენად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, თუკი ამას საერთოდ პოლიტიკა ჰქვია, ამგვარ რაციონალისტურ მიდგომას?“, -კითხულობს გულბაათ რცხილაძე.

ბოლო კვირების განმავლობაში  აფხაზეთთან მიმართებაში კიდევ ერთი თემა იქცა მწავავე კამათის მიზეზად - კერძოდ, პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის მიერ გაკეთებულ განცხადება ესტონური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომ საქართველო, პრინციპში, მზად არის, აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, რადგან “საქართველოს მეგობრები” ასე უკვე მოიქცნენ. მართალია, მოგვიანებით გაჟღერდა, რომ მას მსგავსი არაფერი უთქვამს და ჟურნალისტმა დაამახინჯა, მაგრამ ეს უკვე აღარავინ დაიჯერა:

„ეს უკვე პოპულიზმიც არ არის. ესაა პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც მხოლოდ უაღრესად დიდი ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის და რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების საფუძველი გახდება. შეერთებულ შტატებში არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ, რუსეთს უბიძგონ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებისაკენ, ამით ეს ძალები გარკვეულ დივიდენდებს ელიან – ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ჩამოშორებას რუსეთისაგან. აფხაზეთის აღიარებით რუსეთი და საქართველო საბოლოოდ დაუძინებელ მტრებად ჩამოყალიბდებიან. ეს ვაშინგტონის ინტერესშია – რუსეთისადმი მტრულად განწყობილი საქართველო იძულებულია, ტოტალურად დაემორჩილოს ამერიკის ნებას. მაგრამ რამდენად არის ასეთი სცენარი საქართველოს ინტერესებში? ამაზე პასუხს დღევანდელი ხელისუფლებისგან ნუ ელით“.

ახალი ამბები