კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინვალიდები სამედიცინო დაწესებულებების დირექტორთა წინააღმდეგ

15 აპრილი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი


უნარშეზღუდული ადამიანები პოლიკლინიკა – ამბულატორიული გაერთიანებების ხელმძღვანელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბევრი სამედიცინო დაწესებულების დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის იმ ბრძანებას არღვევს, რომლითაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის წესი განისაზღვრება.

2008 წლის 4 მარტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, მისი წინამორბედის, ვლადიმერ ჭიპაშვილის მიერ, 2003 წლის 13 იანვარს გამოცემულ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა.

მინისტრის ახალი ბრძანებით, შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა, ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე, გამოაქვს სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადი პროფილის სამედიცინო მომსახურებას (ხუთი ან მეტი სხვადასხვა საექიმო სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმი – სპეციალისტის მეშვეობით) ან სპეციალიზირებულ სამედიცინო მომსახურებას, შემდეგი სახის გამოკვლევების გათვალისწინებით: საერთო ქიმიური გამოკვლევები; ბიოქიმიური გამოკვლევები; რენტგენოლოგიური გამოკვლევები; ფუნქციონალური გამოკვლევები. მინისტრის ამავე გადაწყვეტილებით, იმ დაავადებების რიცხვიც გაიზარდა, რომელიც ინვალიდობად უნდა ჩაითვალოს.

ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურებას რეგიონებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებიც ეწევიან. მიუხედავად ამისა, როგორც უნარშეზღუდულები იწრმუნებიან, პოლიკლინიკა – ამბულატორიული გაერთიანებების ხელმძღვანელები, პენსიის დასანიშნად საჭირო სამედიცინო დასკვნის მიტანას, ავადმყოფებს თბილისის სპეციალიზირებული კლინიკებიდან სთხოვენ.

„რამდენიმე თვის განმავლობაში პენსია შეწყვეტილი მქონდა. როგორც კი გავიგე, რომ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ბრძანება შეცვალა, გურჯაანის რაიონულ პოლიკლინიკას მივაკითხე. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და დოკუმენტის წარდგენა მომთხოვეს. ფული ვისესხე და დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლევა გავიკეთე. პოლიკლინიკის დირექტორს სოფიკო ქუმსიაშვილს ყველა დოკუმენტი წარვუდგინე, რომელიც ადასტურებს, რომ შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის მძიმე ფორმით ვარ დაავადებული. ეს დაავადება იმ ნოზოლოგიების ჩამონათვალშია, რომლის საფუძველზეც ავადმყოფს პენსია უნდა დაენიშნოს, მაგრამ უკვე მეორე თვეა, დასკვნას არ მაძლევენ. მთხოვენ, რომ სპეციალური ფორმა თბილისის კლინიკიდან მივიტანო, რასაც უსახსრობის გამო ვერ ვახერხებ“,- ამბობს ლია არჯევნიშვილი.

ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში, თბილისის სხვადასხვა კლინიკებში შემოწმების გავლას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებთან ერთად, ონკოლოგიურ ავადმყოფებსაც ავალდებულებენ. ანა მაისურაძე ერთ - ერთი მათგანია, ვინც პოლიკლინიკაში უკვე ერთი თვეა გამოკვლევის პასუხები წარადგინა, მაგრამ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ინვალიდობის სტატუსი, ამ დრომდე, არც მისთვის მიუნიჭებიათ. „თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოდან ფორმა #100-ს ჩამოტანას მთხოვენ, რასაც გაჭირვების გამო ვერ ვასრულებ. გარდა ამისა, როგორც ვიცი, კანონით მაშინ ვარ ვალდებული ასეთი დოკუმენტი წარვადგინო, თუ ის დიაგნოზის დაზუსტებას სჭირდება, მაგრამ ექიმები არაფერს მიხსნიან“, - აღნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონი.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორს მისთვის არც ოფიციალური უარი უთქვამს სტატუსის განსაზღვრაზე, რაც იურისტების ცნობით, კანონის დარღვევაა.

„როდესაც განმცხადებელს უარს ეუბნები ქმედების განხორციელებაზე ან ახორციელებ ქმედებას, ანუ განსაზღვრავ და ანიჭებ მოქალაქეს ინვალიდობის სტატუსს, იურიდიული პირი ორივე შემთხვევაში უნდა გამოსცემდეს ადმინისტრაციულ აქტს. განმცხადებლის მოთხოვნას უპასუხოდ რომ ტოვებს სამედიცინო დაწესებულება და მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს წერილობით არ გადასცემს, ამით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს არღვევს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 4 მარტის ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, დაწესებულებას უფლება აქვს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გააგზავნოს პირი, რომელიც მოწმდება დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის ფუნქციის დარღვევათა ხარისხის დადგენის მიზნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენისთვის საჭირო აუცილებელი სადიაგნოსტიკო გამოკვლევის ჩასატარებლად, არ გააჩნია შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია, არ ჰყავს შესაბამის საექიმო საქმიანობაში სერთიფიცირებული ექიმი – სპეციალისტი და დაწესებულების არსებული მატერიალურ – ტექნიკური საშუალებებით ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული გამოკვლევის ჩატარებას.

კახეთის რეგიონში სამედიცინო დაწესებულებებს ჰყავთ ონკოლოგები, მათ შორის გურჯაანის რაიონულ პოლიკლინიკასაც, სადაც ავადმყოფებს გამოკვლევის საბუთები მიტანილი აქვთ ისეთი სამედიცინო ცენტრიდან, როგორიცაა „კახეთი – იონი“, რომელიც არის ლიცენზირებული და უახლესი სამედიციო ტექნიკით აღჭურვილი. აქედან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ ავადმოფებისთვის ინვალიდობის სტატუსის განუსაზღვრელობა, უსამართლოა და საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ხომ არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიუღებლობა კორუფციას“, - აღნიშნავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრეტენზიებს გაგებით ეკიდებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილის დავით ლომიძის განცხადებით, ვალდებულება იმისა, რომ რეგიონების მოსახლეობა სამედიცინო შემოწმების გასავლელად თბილისში ჩავიდეს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ არსებობს. „შემოწმების გავლა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. მისი სტატუსის განსაზღვრაც ადგილზე უნდა მოხდეს. გამონაკლისია მხოლოდ სპეციფიკური დაავადებები, რომელიც იშვიათია“, - განმარტავს ლომიძე.

რეგიონებში მცხოვრები უნარშეზღუდული ადამიანები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის შექმნას სთხოვენ, რომელიც რაიონულ სამედიცინო დაწესებულებებში  ინვალიდობის სტატუსის დადგენის პროცესს დააკვირდება.

 

ახალი ამბები