კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსამართლო სასამართლოს მორიგი მსხვერპლი

18 აპრილი, 2008

ბიმის და ლედის გადაწყვეტილი საქმე

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

„ვიცი, რომ სუფთა ხარ, მაგრამ რა ვქნა, შენი დახმარება არ შემიძლია. მხოლოდ ერთს გირჩევ, ეცადე, ცხოვრებამ არ გაგაბოროტოს“, - ურჩია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ივანე აფრიდონიძემ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილ გიორგი ცხაკაიას. რამდენიმე დღეში მას ძალაში დაუტოვეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი -  9 წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულისათვის, რომელიც ცხაკაიას არ ჩაუდენია.

გიორგი ცხაკაია სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდის. სააპელაციო სასამართლოს შემდეგ მან ორჯერ სცადა თვითკვლელობა, უკვე მიმართა ადამიანის უფლებადამცველ ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციას. საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიწერილ წერილში კი იმასაც წერდა, თუ ჩემი უდანაშაულობა არ გაირკვევა, პირს ამოვიკერავო.

„როცა აღნიშნულ საქმეს უზენაეს სასამართლოში გადასვლის წინ გავეცანი, ჩემთვის ეჭვქვეშ დადგა საკითხი, საერთოდ მოხდა თუ არა 2007 წლის 4 იანვარს, მიწაწითელში, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის ტერიტორიაზე ყაჩაღობა, რომლის შედეგადაც ტაქსის მძღოლი გელა ხელაძე დაზარალდა“, - აცხადებს გიორგი ცხაკაიას ამჟამინდელი ადვოკატი მანანა აფხაძე. ამ ეჭვის საფუძვლად კი იგი იმას მიიჩნევს, რომ 2007 წლის 4 იანვრიდან 11 აპრილამდე, სანამ გიორგი ცხაკაიას დააკავებდნენ, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ადამიანი მოიაზრებოდა, საბოლოოდ კი გიორგი ცხაკაიას დაკავება სრულიად შემთხვევით მოხდა. იგი პოლიციამ აღმოაჩინა საავადმყოფოში, ახლობლის სანახავად მისული და სთხოვეს წასულიყო ამოცნობაზე, რათა დახმარებოდა პოლიციას. იქ კი ადვოკატის გარეშე ჩატარებულ ამოცნობაზე სამართალდამცავთა მტკიცებით გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში სწორედ ცხაკაიაა ეჭვმიტანილი და იგი დაზარალებულმა ამოიცნო.

„იმის შესახებ, რომ პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციით, გიორგი ცხაკაია და მისი დეიდაშვილი ლაშა უგულავა უკვე მიიჩნეოდნენ აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილად, ამოცნობაზე მიყვანისას ცხაკაია არავის გაუფრთხილებია, რაც მისი უფლებების ერთ-ერთი უხეში დარღვევაა და სწორედ ამ დარღვევიდან მომდინარეობს სხვა უხეში სამართალდარღვევები, რომლებმაც, საბოლოოდ, სრულიად უდანაშაულო ადამიანი ბრალდებულის სკამზე მიაჯაჭვა“, - აცხადებს ადვოკატი მანანა აფხაძე.

შემდეგ მოვლენები დღევანდელი ქართული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი თანმიმდევრობით განვითარდა. საქმეზე მომუშავე გამომძიებელმა თემურ თოდუამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით და უხეშად ექცეოდა დაკავებულის ადვოკატს ესმა ნორაკიას, რომელმაც ამის შესახებ ქუთაისის რაიონულ პროკურორს ჯუბა ლელაძესაც მიმართა. საბოლოოდ, კი იგი საქმის მასალებს მხოლოდ მას შემდეგ გაეცნო, როცა საქმე სასამართლოში წარიმართა.
ბრალდების მხარემ გიორგი ცხაკაიას წინააღმდეგ საკმაოდ საეჭვო ვითარებაში ჩატარებული ამოცნობის შედეგი და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გამოიყენა.

„ამოცნობის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ამოცნობა 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის მანძილზე დაზარალებულმა ხელაძემ ორჯერ დატოვა ამოცნობის ოთახი. ვიდეოფირზე კი, რომელიც დიდი ძალისხმევის შემდეგ მოიპოვა დაცვის მხარემ, მხოლოდ 2 წუთია დაფიქსირებული და იქ ჩანს, რომ ხელაძე ხელს ცხაკაიას ადებს. რა ხდება დანარჩენი 18 წუთის განმავლობაში, ეს ჩვენთვის უცნობია. ასევე მიუღებელია ჩვენთვის ბრალდების მხარის მეორე მტკიცებულება ცხაკაიას წინააღმდეგ, რომელიც ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა. არ მგონია საქართველოში ძაღლები ისე გაწვრთნილი იყოს,  ბიმიმ და ლედიმ განსაზღვროს ის, რომ გიორგი ცხაკაიამ თავისი საუკეთესი ცხრა წელი ციხეში გაატაროს. ისმის კითხვა: მე რომ ექსპერტის დაკითხვა მოვინდომო პროცესზე, ვინ დავკითხო, ბიმი თუ ლედი? რადგანაც ექსპერტი მეუბნება, რომ ძაღლმა ამოიცნო შენი ბრალდებული სუნითო, ძაღლი დავკითხო? სად არის ლოგიკა?” - ამბობს მანანა აფხაძე.

ბრალდებამ არ გაითვალისწინა დაცვის მიერ დაკითხული ალიბის მოწმეების ჩვენებები, უფრო მეტიც, იშუამდგომლა სასამართლოსთან, საქმე აღეძრათ თეა დევდარიანისას და გიორგი გორდაძის წინააღმდეგ, რომლებიც ადასტურებენ, რომ გიორგი ცხაკაია 2007 წლის 4 იანვარს თბილისში მათთან ერთად იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოს რაიონულმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა, ამის შემდეგ ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა ჯუბა ლელაძემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ გაეგზავნათ მისთვის მასალები, რომლებიც შეეხებოდა დევდარიანსა და გორდაძეს, რათა მათ მიმართ ცრუ ჩვენების საფუძველზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. დღემდე აღნიშნულ ალიბის მოწმეებს ისევ ავიწროვებენ პროკურატურის წარმომადგენლები, რაც ისედაც დაზარალებულ ოჯახს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

გიორგი ცხაკაიას ამჟამინდელი ადვოკატი მანანა აფხაძე სამართალდამცავთა მხრიდან მისი კოლეგის, ცხაკაიას ყოფილი ადვოკატის ესმა ნორაკიას მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს, რის შედეგადაც აღნიშნული ადვოკატი იძულებული გახდა, ცხაკაიას დაცვის განხორციელება სააპელაციო სასამართლოს დასრულებამდე შეეწყვიტა და მიიჩნევს, რომ მსგავსი ზეწოლის ობიექტი თავადაც შეიძლება გახდეს.

ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული, ადვოკატ მანანა აფხაძეს უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის დიდი იმედი არ აქვს, რადგანაც მსგავსი პრეცედენტი ბოლოდროინდელ ქართულ სამართალწარმოებაში პრაქტიკულად, არ არსებობს, ამიტომაც იმისათვის, რომ გიორგი ცხაკაია უსამართლო სასამართლოს მორიგ მსხვერპლად არ იქცეს, იგი დახმარებასა და მხარდაჭერას საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისგან ელის.

ახალი ამბები